ბათუმში აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად ფული აჭარის ბიუჯეტიდან არც წელს დაიხარჯება. არადა, ზღვის ხელოვნური კვებისთვის, ანუ სანაპირო ზოლში ხრეშის შესატანად, 2025 წელს 2 მილიონი ლარი იყო ბიუჯეტში გაწერილი, 2026 წელს კი – 2,6 მილიონი ლარი.

მეტიც, სანაპიროზე წელს 110 ათასი კუბური მეტრი ხრეში უკვე შეტანილიც უნდა ყოფილიყო, რისთვისაც აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტენდერიც ჰქონდა გამოცხადებული. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის იანვარში დასრულდა, თუმცა, სამმართველომ ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზე, მარტის თვეში საერთოდ შეწყვიტა.
ტენდერის შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს ის, რომ მდინარე ჭოროხის კალაპოტში წინასწარ განსაზღვრულ კარიერში, ვიზუალური დათვალიერებით, საჭირო რაოდენობის ინერტული მასალა აღარ აღმოჩნდა.
ვრცლად ამ თემაზე: ჭოროხის კარიერზე საკმარისი ხრეში არ აღმოჩნდა ბულვარის პლაჟისთვის – გარემოს დაცვა
ტენდერის შეწყვეტიდან 5 თვე გავიდა, თუმცა სამმართველოს ხელახალი ტენდერი აღარ გამოუცხადებია.
„ბათუმელები“ დაინტერესდა როდის იგეგმება ახალი ტენდერის გამოცხადება.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელსაც ექვემდებარება ზემოთ აღნიშნული სამმართველო, გვითხრეს, რომ ზღვის ხელოვნური კვების პროგრამას ისინი აღარ განახორციელებენ და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაგვამისამართეს. სხვა დეტალების დასაზუსტებლად კი ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

„შესაბამისი სამსახურის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოქტომბრის თვეში გამოაცხადებს ტენდერს“ – მოგვწერეს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 2026 წლის 3 სექტემბერს.
რატომ დააკისრეს გზების დეპარტამენტს ახალ ბულვართან ზღვის ხელოვნური კვების სამუშაოების შესრულება? რა თანხაა საამისოდ გათვალისწინებული? რომელი პროექტის მიხედვით განხორციელდება სამუშაოები? რა რაოდენობის ხრეშს შეიტანენ და როდის? ასევე რა ადგილიდან მოხდება ხრეშის ამოღება სანაპიროზე შესატანად? – ამ კითხვებზე პასუხების მიღება „ბათუმელებმა“ სცადა, თუმცა პასუხები, სავარაუდოდ, მინიმუმ ტენდერის გამოცხადებამდე არ გვექნება.
ვიდრე ახალ ტენდერს ახალი უწყება გამოაცხადებს, აჭარის ბიუჯეტში ჯერ კვლავ რჩება პროგრამა – „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“, რომლის მიზანიც შავი ზღვის ბათუმის სანაპირო ზოლის შენარჩუნებაა.
შესაბამისად, ამ სამუშაოებისთვის აჭარის 2026 წლის ბიუჯეტში დღევანდელი მდგომარეობით კვლავ გაწერილია 2 650 000 ლარი. ანუ, ბიუჯეტში ცვლილება ჯერ-ჯერობით არ შეუტანიათ.
მეორე წელია ამ პროგრამაში მოსალოდნელი შედეგიცაა ჩაწერილი: „შენარჩუნებული პლაჟის სიგანე – საშუალოდ 50 მეტრამდე“. თუმცა, დღეს, მდინარე მეჯინისწყლის შესართავიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე 1,3 კილომეტრიან სანაპირო ზოლში არა თუ 50 მეტრი, არამედ 1 მეტრი სიფართის პლაჟიც კი არ არის.

ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე სანაპიროს დასაცავად თავის დროზე სპეციალური ნაგებობა ლოდებით ააგეს, რაშიც 52,2 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ყოველწლიურად, ზღვის ხელოვნური კვება იყო საჭირო პლაჟის მოწყობა-შენარჩუნებისთვის.
საჭირო რაოდენობის ხრეშის შეუტანლობის გამო აქ არსებული პლაჟის ვიწრო ზოლი ზღვამ კვლავ წარეცხა. ტალღები, პარალელურად, ნაპირდამცავ ლოდებსაც ისევ შლის. მიუხედავად ამისა ადამიანები აქ მაინც ბანაობენ.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვეთით 2022 წელს მომზადდა „ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) პროექტი“, რომელიც სამმართველომ 2022 წლის 10 მაისს ჩაიბარა.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით:
„ახლო მომავალში, აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.

ბათუმის სანაპიროს პრობლემებს რაც შეეხება, ამაზე „ბათუმელები“ წლებია წერს და ყველა სპეციალისტი უმთავრეს პრობლემად ზღვაში ნატანის დეფიციტს ასახელებს:
ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით. გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგებოდა.
თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა; ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში და ასევე, ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება; შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა.
შეწყდა პლაჟის ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მიმართულებით, რაც დღესაც გრძელდება;
ხელოვნური კვებით შენარჩუნებულ პლაჟს [რეცხვად ბერმას] შტორმის დროს ზღვა პერიოდულად რეცხავს. წარეცხილი ნატანი მასალა [ქვიშა-ხრეში] კი ბათუმის კონცხთან ზღვაში იკარგება.
ამ თემაზე: