მთავარი,სიახლეები

ბათუმს სხვადასხვა სახეობის 1 მლნ მტაცებელი გადაუფრენს – რა ელით მათ, თუ „ზურმუხტის ქსელის“ ზონაში კორპუსები აშენდება

27.08.2026
ბათუმს სხვადასხვა სახეობის 1 მლნ მტაცებელი გადაუფრენს – რა ელით მათ, თუ „ზურმუხტის ქსელის“ ზონაში კორპუსები აშენდება

ბათუმში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი უკვე დაიწყო, რომელიც 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ეს ის პერიოდია, როცა ფრინველები გამოსაზამთრებლად ემზადებიან, ტოვებენ ევრაზიის ქვეყნებს და ბათუმის სამიგრაციო დერეფნით აფრიკისკენ მიფრინავენ. ამ პერიოდში ბათუმს სხვადასხვა სახეობის მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველიც გადაუფრენს.

ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში ამ დროს ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი ტარდებოდა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევდა ორგანიზებას. ფესტივალი კი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამაშიც – „ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება“ – ჩამოთვლილია შემდეგი ღონისძიებები: „ზაფხულის ფესტივალი, განდაგანა, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი, სოფლის ტურიზმის კონფერენცია, მოლაშქრეთა ფესტივალი“, ხოლო თითოეული ამ ღონისძიებისთვის გათვალისწინებულია 420 ათასი ლარი, ანუ ჯამში გაწერილია 2 მილიონ 100 ათასი ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსებულია „გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი“, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ღონისძიებას ფესტივალის სახე წელს არ ექნება.

„ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი წელს სხვა ფორმატით ჩატარდება, სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში. დაგეგმილია ვორქშოპისა და სამუშაო ტიპის შეხვედრები და საველე გასვლები ფრინველებზე დამკვირვებლებსა და ეკოტურისტებთან.

ფრინველებზე დაკვირვების პერიოდში [15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე] ტრადიციულად მიმდინარეობს ფრინველებზე დაკვირვება სადამკვირვებლო პლატფორმებზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ფრინველების მიგრაციას დააკვირდეს“, – მოგვწერეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან.

რატომ ჩატარდება სხვა ფორმატით და რატომ არ ექნება ფესტივალის სახე? – ამ კითხვაზე პასუხს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში არ პასუხობენ.

რაც შეეხება სადამკვირვებლო პლატფორმებს და ადგილებს, დეპარტამენტის ინფორმაციით, ფრინველებზე დაკვირვება მიმდინარეობს ტრადიციულად ჩაქვში, სახალვაშოსა და ჩაისუბნის პლატფორმებზე.

„ოფიციალურად სადამკვირვებლო პლატფორმები მოწყობილია სახალვაშოსა და ჩაისუბანში, თუმცა ფრინველებზე დაკვირვება ასევე შესაძლებელია ისპანის ტორფნარზე, მტირალას ეროვნულ პარკში და ჭოროხის დელტაზე“, – გვითხრეს დეპარტამენტში.

საინფორმაციო დაფა ჭოროხის დელტაში / ფოტო „ბათუმელების“ 2016 წლის არქივიდან

რაც შეეხება ჭოროხის დელტას, ეს ადგილი გადამფრენი ფრინველებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მათი უმეტესობა სწორედ აქ ისვენებს. ჭოროხის დელტა მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე სამიგრაციო ძაბრის. ეს ტერიტორია მოქცეულია „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებშიც, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს და მას ბერნის კონვენცია იცავს.

„ზურმუხტის ქსელის“ დაცვის ვალდებულება აქვს საქართველოსაც, თუმცა, ჭოროხის დელტა, რომლის დაცვაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს, მთავრობისგანაა დასაცავი.

დიდია იმის ალბათობა, რომ დაცულ თუ გადაშენების პირას მყოფ ფრინველთა არაერთ სახეობას, ჭოროხის დელტაში პრობლემები შეექმნას. გადამფრენ ფრინველებს კი – დასვენების საფრთხეც. დასვენების ადგილები, გადამფრენი ფრინველებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

საქმე ისაა, რომ ჭოროხის დელტაში, „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებშია მოქცეული გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მნიშვნელოვანი ტერიტორიაც, რომელიც „ოცნების“ მთავრობამ უკვე გადასცა არაბულ-ქართულ კომპანიას უზუფრუქტით.

რას ითვალისწინებს „ოცნების“ მთავრობის მიერ დაანონსებული „არაბული ინვესტიცია“ ჭოროხის დელტაში და რა გავლენა ექნება მას გარემოზე [მათ შორის ზურმუხტის ქსელზე, სამიგრაციო ძაბრზე] ფაქტობრივად არავინ იცის.

„ოცნების“ მთავრობას ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ მიერვე დაანონსებულ პროექტზე, ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს [არაბულ კომპანიასთან, ასევე უზუფრუქტით მიწის გადაცემაზე გაფორმებული ხელშეკრულებები და სხვა].

ვრცლად: გაასაიდუმლოვეს გონიოში 258,8 ჰექტარი მიწის არაბულ კომპანიაზე გადაცემის ხელშეკრულებაც

ამ ყველაფრის ფონზე კი, ბათუმის მერია უკვე წლებია მუშაობს ბათუმის განვითარების გეგმაზე [გენგეგმა], რომლის პროექტშიც არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჭოროხის დელტა და მასთან ერთად ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული.

თუმცა, გენგეგმის პროექტში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი ჭოროხის მიმდებარე არეალებზე, რომლებიც დაცულია ბერნის კონვენციით, და, ასევე, ლანდშაფტურ ტერიტორიებზე, რომელთა კონსერვაცია აუცილებელია.

„აქ ერთდროულად იკვეთება ეკონომიკური განვითარების პოტენციალი და ეკოლოგიური სენსიტიურობის გამოწვევები, რაც საჭიროებს დაგეგმვის დაბალანსებულ მიდგომას“, – წერია გენგეგმის პროექტში.

ამ თემაზე: რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში

რა წერია გენგეგმის პროექტში და განსაკუთრებით ამ გენგეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტში, რომლის საჯარო განხილვაც, კანონით მერიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უახლოეს პერიოდში უნდა გამართოს? – ამ დოკუმენტების მიხედვით:

„ჭოროხის დელტაში დასაცავი სახეობებია: ქარიშხალა, ველის პრანწია, შავფრთიანი მერცხალა, წყალმცურავი ფრინველები და ზღვის ფრინველები.

ჭოროხის დელტას ზამთარში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე დასვენებისა და კვებისთვის ათასობით მიგრანტი და მოზამთრე წყალმცურავი ფრინველი იყენებს. მნიშვნელოვანი სამიგრაციო ადგილია ველის პრანწიასა და შავფრთიანი მერცხალასათვის. IUCN-ის [ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის] საერთაშორისო წითელ ნუსხაში ქარიშხალა შეტანილია, როგორც – მოწყვლადი; ველის პრანწია – კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი; შავფრთიანი მერცხალა – საფრთხესთან ახლოს მყოფი სახეობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაფიქსირებული 400-ზე მეტი სახეობიდან, ჭოროხის დელტას ტერიტორიაზე 301 სახეობაა დაფიქსირებული [ყველა მათგანი გენგეგმის სგშ-ში ჩამოთვლილია]. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჭოროხის დელტის მნიშვნელობას და მისი მკაცრი დაცვის აუცილებლობას.“

სგშ-ში ცალკეა გამოყოფილი ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორია, რომელიც ზღვის დონიდან 20 -1000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. „ამ ტერიტორიაზე კოლხური ტყის ფრაგმენტები გვხვდება… დასაცავი სახეობებიდან აღსანიშნავია გადამფრენი მტაცებელი ფრინველები.

ბათუმს ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. მათ შორის არიან ისეთები, რომელთაც IUCN-ისა და საქართველოს წითელი ნუსხის კონსერვაციული სტატუსი გააჩნიათ.“

ამავე დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ორნითოლოგიური თვალსაზრისით ბათუმი და, ზოგადად, აჭარის რეგიონი გამორჩეულია. საკვლევ არეალში მდებარეობს ეგრეთ წოდებული „ბათუმის ძაბრი“, სადაც სეზონურად სხვადასხვა სახეობის მილიონობით ფრინველი იყრის თავს.

გარდა ამისა, საკვლევ არეალში მოქცეულია ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორიები და ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილები, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ზურმუხტის ქსელის დამტკიცებული უბნები. აღნიშნული ტერიტორიები საერთაშორისო კონსერვაციული მნიშვნელობისა და სტატუსის მქონე ტერიტორიებს წარმოადგენს, რომლებიც „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების შესახებ“ კონვენციით [ბერნის კონვენცია] არიან დაცული“.

ამასთან, „1992 წლის 21 მაისს ევროსაბჭომ მიიღო დირექტივა ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფლორისა და ფაუნის კონსერვაციის შესახებ. დირექტივა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვას ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური სახეობების კონსერვაციის გზით. დირექტივა მოითხოვს მნიშვნელოვანი სახეობებისა და ჰაბიტატების აღდგენას ან, თუ ისინი არ საჭიროებენ აღდგენას, მათი სახარბიელო კონსერვაციული სტატუსის შენარჩუნებას.

შესაბამისად, დირექტივაზე დაყრდნობით ევროკავშირის ქვეყნებში შექმნილია „ზურმუხტის ქსელის“ ანალოგიური ეკოლოგიური ქსელი „ნატურა 2000“. რამდენადაც ბერნის კონვენციის გეოგრაფია სცდება ევროკავშირის ფარგლებს, „ნატურა 2000“ განიხილება „ზურმუხტის ქსელის“ ნაწილად. ეს ორი ქსელი სრულად თავსებადია ერთმანეთთან.

როგორც უკვე აღინიშნა საკვლევ არეალში მოქცეულია საერთაშორისო მნიშვნელობის, ზურმუხტის ქსელის დამტკიცებული უბანი „ჭოროხის დელტა GE0000054“. ამ საიტის ნომინირების [ერთ-ერთი] საფუძველია 87 სახეობის ფრინველი, 2 სახეობის ძუძუმწოვარი და 1 სახეობის მცენარე.

ჭოროხის დელტა „სამიგრაციო ძაბრის“ ნაწილია, რომელიც გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს მექსიკისა და ისრაელის შემდეგ. ამჟამად ჭოროხის დელტა ძლიერ ანთროპოგენურ ზეწოლას განიცდის…

არსებული ჰაბიტატებისა და სახეობების დასაცავად ზურმუხტის ქსელის აღნიშნულ უბნის საზღვრებიდან უნდა შეიქმნას ერთგვარი ბუფერული ზონა, სადაც დაშვებული იქნება მხოლოდ ისეთი საქმიანობების განხორციელება, რაც უბნის საკონსერვაციო სტატუსზე უარყოფით ზეგავლენას არ იქონიებს.

ამასთან, ბერნის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად ყველა ზურმუხტის ქსელის ტერიტორიას უნდა ჰქონდეს მართვის გეგმა.“

აღსანიშნავია, რომ ასეთი გეგმა ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკოს“ მიერ მომზადებულია, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტრო ამ გეგმას არ ამტკიცებს და აცხადებს, რომ მის ასამოქმედებლად ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონს ელოდება. ამ დრომდე არც ეს კანონია მიღებული.

„საიტის მართვის გეგმის შემუშავება ხელს შეუწყობს საკონსერვაციო სტატუსის მქონე ჰაბიტატებისა და სახეობების დაცვას და საიტის პოტენციალის სწორ გამოყენებას.“ – წერია ბათუმის გენგეგმის პროექტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს „ბუნებრივი ლანდშაფტების ფრაგმენტაცია და დეგრადაცია ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შედეგად“.

ყოფილი სამხედრო პოლიგონი/ჭოროხის დელტა/ბათუმი

არაბული Eagle Hills-ის პროექტი რომ ჭოროხის დელტაში დაცულ ტერიტორიას შეეხება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ფაქტობრივად დაუდასტურეს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში „განისაზღვრება ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის მცირე ნაწილისთვის [სადაც დაგეგმილია განაშენიანება] საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების საკითხი.“

ვრცლად: Eagle Hills-ის პროექტი გონიოში დაცულ ტერიტორიასაც შეეხება

იგივე სამინისტროში განიხილება ბათუმის გენგეგმის სგშ-ს ანგარიშიც, რომელშიც, როგორც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, „განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ ასპექტებზე:

  • გეგმარებით არეალი კვეთს ფრინველთა სამიგრაციოდ მნიშვნელოვან მარშრუტს. შესაბამისად, საჭიროა ფრინველთათვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, ზურმუხტის ტერიტორიაზე და ბიომრავალფეროვნებისათვის მნიშვნელოვან სხვა ტერიტორიებზე ზემოქმედებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ, დეტალური და სრულფასოვანი ინფორმაციის ასახვა.
  • მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული ფრინველებზე და ხელფრთიანებზე (საჭიროებისამებრ) ზემოქმედების საკითხზე. ანგარიშში უნდა იყოს განსაზღვრული აღნიშნული ზემოქმედების სახეები და ხარისხი, იდენტიფიცირებული და წარმოდგენილი იყოს პრევენციული ღონისძიებები, სათანადო დასაბუთებით.
  • სგშ-ის ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს განხილული ზურმუხტის ქსელის ჭოროხის დელტის საიტზე (GE0000054) და მის მიმდებარედ დაგეგმილი ღონისძიებები/აქტივობები. ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, აღნიშნული ტერიტორიის დაცვა-შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
  • ყურადღება უნდა გამახვილდეს ფრინველებზე მოსალოდნელ ზემოქმედებაზე, ასევე ზურმუხტის ტერიტორიაზე გავრცელებულ სხვა სახეობებსა და ჰაბიტატებზე, რომლებიც ასევე ღირებულია ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით. ამავე მიდგომით უნდა შეფასდეს ზოგადად გეგმარებით ტერიტორიაზე არსებული სახეობები და სენსიტიური ჰაბიტატები.
  • ასევე, სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს დამატებითი ინფორმაცია ზემოქმედების თავიდან აცილებისა და საჭიროების შემთხვევაში, შემარბილებელ ღონისძიებების შესახებ.“

საზოგადოება „საბუკოს“ დირექტორი ირაკლი მაჭარაშვილი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ჭოროხის დელტა არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გადამფრენი ფრინველებისათვის:

„შავი ზღვის სანაპიროს გაივლის ევრაზიის გადამფრენი ფრინველები და მნიშვნელოვანი ნაწილი აქ ისვენებს… ეს ადგილი ძალიან გლობალური და მნიშვნელოვანი ადგილია ფრინველთა დაცვის თვალსაზრისით.“

ვრცლად:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: