მთავარი,სიახლეები

„ჩემს 59 წლის ცოლს ბათუმში დაეჯახა მანქანა, პოლიციელის სიძე. 1 წელი გადის, არავინ დასაჯეს“ – მოქალაქე

20.08.2026
„ჩემს 59 წლის ცოლს ბათუმში დაეჯახა მანქანა, პოლიციელის სიძე. 1 წელი გადის, არავინ დასაჯეს“ – მოქალაქე

ფოტოგრაფი სეირან ბაროიანი თითქმის ერთი წლის წინ – 2025 წლის 26 სექტემბერს მომხდარი იმ ავარიის გამოძიებას ითხოვს, რომელსაც თავისი ცოლი ემსხვერპლა – 59 წლის ისკუი [ირინა] ბაროიანი ქვეითად მოძრაობდა და შარტავას ქუჩაზე ავტომანქანების სავალ ნაწილს კვეთდა, შვილთან რომ ასულიყო სტუმრად.

გამყოფ ზოლზე თითქმის გადასული იყო ქალი, როცა მას, სავარაუდოდ, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქალი კლინიკაში მოთავსებიდან რამდენიმე საათში დაიღუპა.

„საშინელებაა, როცა შენი სიცოცხლე იწირება და პასუხს არავინ აგებს. პოლიცია ჩვენს ქვეყანაში არ იცავს ადამიანს… პოლიცია იმისთვისაა, რომ დაიცვას მოქალაქის უფლებები, მაგრამ არ იცავს, სადაა? თითქმის ერთი წელი გახდა და გამოძიებას პასუხი არ აქვს. საერთოდ არაფერს არ მპასუხობს გამომძიებელი, დაზარალებულის სტატუსიც კი არ მომანიჭეს, რომ გავიგო, რა ეტაპზეა გამოძიება.

ის მაინც მითხრან, რომ სეირან, ბოდიში, თქვენი ცოლია დამნაშავე. ჩემი ცოლი, ირინა 60 წლის გახდებოდა, გუშინ იყო მისი დაბადების დღე,“ – გვიყვება სეირან ბაროიანი.

ისკუი [ირინა] ბაროიანი

„იმ დილითაც სახლიდან ადრე გავიდა ირინა,“ – სეირან ბაროიანი ავარიის დღეს იხსენებს „ბათუმელებთან“. – „ირინა ბავშვის მომვლელად მუშაობდა. სახლიდან როცა გადიოდა, დამიბარა, რა უნდა დამეხვედრებინა საღამოს სახლში, რა უნდა შემეძინა გარეთ…

ჩვენ 40 წელი ერთად ვცხოვრობდით, ორი შვილი გვყავს…

საღამოს ირინას გოგო შვილისთვის დაურეკავს, ჯერ შენთან გამოვივლიო. მერე მირეკავს გოგო: დედა, მგონი, სადღაც დაიკარგა, ვერ ვუკავშირდებიო. მეც დავიწყე რეკვა, მაგრამ სულ გათიშულს აჩვენებდა…. თურმე ირინას ტელეფონი ამ დროს დამტვრეულია უკვე.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ მე ამ საშინელი ავარიიდან 45 წუთის შემდეგ მიკავშირდებიან, როცა გონება დაკარგული ირინა რეფერალურ საავადმყოფოშია დამტვრეული და რეანიმაციაშიც კი არ აუყვანიათ – მას შემდეგ აიყვანეს, როცა იქ მივედი.

ირინა ღამის ორზე გარდაიცვალა – სისხლდენა ვერ შევაჩერეთო, ექიმებმა,“ – გვიყვება სეირან ბაროიანი და ხაზს უსვამს იმას, რომ ავარიის შესახებ მან პირველად იმ კაცის სიმამრისგან გაიგო, ვინც ქვეითად მიმავალ ქალს დაეჯახა. კლინიკაში შეხვედრის დროს მძღოლის სიმამრს სეირან ბაროიანისთვის უთქვამს, რომ ის პოლიციელია. სეირან ბაროიანი არ გამორიცხავს იმას, რომ არაეფექტური გამოძიება შესაძლოა ამ გარემოებასაც უკავშირდებოდეს.

მძღოლის ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია. ამ დრომდე გამოძიებას სეირან ბაროიანისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი. როცა პირს დაზარალებულის სტატუსი აქვს, მას გამოძიება აცნობს ინფორმაციას საქმის დეტალების შესახებ. ამ შემთხვევაში კი, შსს-ს უპასუხოდ დაუტოვებია სეირან ბაროიანის ადვოკატის მიერ 2026 წლის იანვარში წერილობით გაგზავნილი შეკითხვა: „გთხოვთ, გვაცნობოთ რა სტადიაზეა სისხლის სამართლის საქმე და როდის იქნება მიღებული მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება,“ – აღნიშნულია შსს-სთვის გაგზავნილ წერილში.

„იმ დღეს მძღოლის სიმამრმა დამირეკა, რომ ასეთი ამბავია და უკვე რეფერალურშიაო. ავარიიდან უკვე 45 წუთი გასულია… მალევე მივედი კლინიკაში და მიცნო, აუ, სეირან, თქვენ ხართო? ყველაფერზე „ატვეჩაი“ ვართო. ამას მეუბნება ადამიანი იმ დროს, როცა ჩემი ცოლი უკვე სისხლისგან იცლება და რეანიმაციულ განყოფილებაშიც კი არ იყო აყვანილი, „ემერჯენსის“ განყოფილებაში იყო ისევ… მან მითხრა, რომ პოლიციელია.

მერე გავიგე, რომ თავდაპირველად სასწრაფოში დაურეკავთ ადამიანებს, რომელსაც კორპუსიდან დაუნახავთ ეს ავარია. მძღოლს, რომელიც ირინას დაეჯახა, არ დაურეკავს სასწრაფოში, რომ ქალი გადაერჩინა.

გამოძიებას აქვს ამ ავარიის ვიდეო ჩანაწერიც, სადაც ჩანს, რომ სწრაფად მოდის ეს ავტომანქანა შუა ზოლში, დაინახა, რომ წინ გაჩერებულია ავტომანქანა, რომელიც ატარებდა ამ დროს ჩემს მეუღლეს და „აბგონი“ გაუკეთა იმ ავტომანქანას, ამ გასწრების პროცესში დაეჯახა ჩემს ცოლს მარცხენა მხრიდან… ამ მონაკვეთში მოძრაობა დასაშვებია 40 კმ. საათი და წარმოიდგინეთ, ადგილზე რომ დაამსხვრია ადამიანი, რა სიჩქარით მოდიოდა.

მთელს ამხელა მონაკვეთში არსად იყო ზებრა გადასასვლელი. მას შემდეგ მოაწყვეს, როცა იქ 5 ადამიანი დაიღუპა. ზებრაც მოაწყვეს და მწოლიარე პოლიციელიც.

ერთი წელია ექსპერტიზას ველოდებითო, ეს ხომ არაა ლოგიკური? რა ექსპერტიზას სჭირდება 1 წელი? რა ექსპერტები არიან? ამ საქმის გამომძიებელს, არჩილ ხარაზს  ვურეკავ ტელეფონზე და თქვენ საიდან გაქვთ ჩემი ტელეფონის ნომერიო, მე გადავეცი ექსპერტიზას მასალა და მეტი არ ვიციო.

მძღოლს, ან მის სიმამრს მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ, ხვდებოდნენ ჩემს ნათესაობას, მაგრამ მე ვიყავი კატეგორიული: საერთოდ არ დამელაპარაკონ, არ მინდა ფულის შეთავაზება. გასვენებას ავიღებთ თავზეო… ვუთხარი, ვინც მომიგზავნეს, რომ არ ვყიდი ჩემი ცოლის სულს. ჩემი მოთხოვნა მხოლოდ ერთია, დაისაჯოს დამნაშავე კანონიერად.

მეუბნებიან, რა აზრი ექნება ამას: პირობითს მისცემენ, ჯარიმას გადაიხდის, ან 2-3 წელი იქნება ციხეში, ამით რა იცვლება? – ჩემი კატეგორიული მოსაზრებაა, რომ ამას უდიდესი ძალა აქვს. არ ვიცი, სხვანაირად როგორ გამოვხატო ეს, როგორ მინდა, რომ დაისაჯოს დამნაშავე,“ – გვითხრა სეირან ბაროიანმა.

„ბათუმელბი“ ამ შემთხვევის შესახებ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად გრძელდება და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან. უწყებაში არც ის დაგვიკონკრეტეს, რა სახის ექსპერტიზა ტარდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: