განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგებს საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებლად ვადა 2028 წლამდე მიეცათ.
„ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად.
მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ“ – აცხადებს სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის.
„გარდამავალ პერიოდში სამინისტრო მასწავლებლებს კვლავ შესთავაზებს დამატებით მხარდაჭერას.
პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა – საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარშიც ჩატარდება.
ამავდროულად, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების კურსები.
სამინისტრო მოუწოდებს მასწავლებლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ გარდამავალი პერიოდი, ისარგებლონ შეთავაზებული საგნობრივი მომზადების შესაძლებლობებით და მომავალი სასწავლო წლისთვის, პროფესიული განვითარების გზით, მოემზადონ გადავადებული მოთხოვნების ამოქმედებისთვის“ – აცხადებს სამინისტრო.
ამავე დროს, განათლების სამინისტრო საუბრობს სკოლებში მასწავლებელთა საკადრო დეფიციტის პრევენციაზე.
„სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა საკადრო დეფიციტის პრევენციისა და მართვის ერთიან, გრძელვადიან, სისტემურ სტრატეგიაზე, რომელიც უზრუნველყოფს არსებული საკადრო საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებასა და შესაძლო დეფიციტების პრევენციულ თუ ინტერვენციულ მართვას“ – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






