ბათუმის მერია სამშენებლო პროექტების დამტკიცებაზე განაცხადებს ვერ აუდის, სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა ახალი სსიპ -ის შექმნა, „სადაც გაცილებით მეტი კვალიფიციური კადრის დასაქმებას შევძლებ და საქმესაც გადავანაწილებო“ – წერს პროქტის განმარტებით ბარათში მერიის ადმისტრაციის უფროსი მარიამ ხაზარაძე.
პროექტის განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ ახალი სსიპ-ი ბიუჯეტის ხარჯებს კი არ გაზრდის, პირიქით ახალ შემოსვლებს მოუტანს ქალაქის მთავარ ყულაბას, რადგან მერია აპირებს დაჩქარებული მომსახურების ფასიანი სერვისის დანერგვას. ასე, რომ თუ სამშნებლო ნებართვის მიღება გეჩქარება უნდა გადაიხადო.
„ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობა წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით გაზრდილ მომართვიანობას განაპირობებს“ – განმარტეს მერიაში.
განმარტებითი ბარათის მიხედვით ირკვევა ისიც, რომ მერია არქიტეტურისა და ქალაქმშენებლობის მიმართულებით კვალიფიციური კადრების მოზიდვას ვერ ახერხებს დაბალი ანაზღაურების გამო, ეს სავარუდოდ გამოწვეულია იმით, რომ ამ სფეროში დასაქმებულებს კერძო სექტორში გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვთ.
მერიის ადმინისტრაციის სამსხურის უფროსი საკრებულოს წერს, რომ მაღალი მომართვიანობა დაკავშირებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების სიმრავლესთან, რაც მეტ კვალიფიციურ კადრს საჭიროებს.
„კვალიფიციურ კადრების მოზიდვა პირდაპირ დაკავშირებულია შესაბამისი ანაზღაურების გაცემაზე. კანონით რეგლამენტირებულია დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობა, რაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში იძლევა შესაძლებლობას დასაქმებული პირისათვის დადგინდეს უფრო მაღალი თანამდებობრივი სარგო. გარდა აღნიშნულისა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირის შემთხვევაში შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ დაწესებული იქნას საფასური, რაც საბიუჯეტო შემოსავალზე დადებითად აისახება.“ – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
ზემოთ მითითითებული მოტივით მერიამ გადაწყვიტა სსიპ ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დაფუძნება.
დებულების პროექტის მიხედვით სამსახურის ხელმძღვანელს ქალაქის მერი დანიშნავს, ხოლო მოადგილეებს თავად სამსახურის უფროსი.
სამსახურს ექნება საფინანსო, საკონსულტაციო განყოფილება, I და II კლასის შენობანაგებობების სანებართვო, III და IV კლასის შენობანა -გებობების სანებართვო განყოფილებები.
დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის უფროსის და მისი მოადგილეების დანიშვნას და საშტატო ნუსხის დამტკიცებას, ამოქმედდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან. მანამდე მერია ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსს გამოაცხადებს.
პროექტის მიხედვით სამსახურს ექნება დამოუკიდებელი აქტივები, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
სამსახურის მოვალეობა ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება, მართვა და კონტროლი იქნება, რიგ შემთხვევებში ამ სამსახურში გადმოდის სფეროები, რომლებიც ამ დრომდე მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენცია იყო, როგორიც არის მაგალითად პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ახალი სსიპის დაფუძნების შესახებ პროექტი ბათუმის საკრებულომ 21 აგვისტოს უნდა განიხილოს.






