მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რომელ მუსიკოსს რამდენს გადაუხდიან შუამთობაზე – ბიუჯეტიდან დაიხარჯება 107 800 ლარი

27.07.2026
რომელ მუსიკოსს რამდენს გადაუხდიან შუამთობაზე – ბიუჯეტიდან დაიხარჯება 107 800 ლარი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბიუჯეტიდან 107 ათას 800 ლარის გადახდას გეგმავს მუსიკოს-შემსრულებლებისთვის, რომლებიც შუამთობის ღონისძიებაზე მიიწვიეს.

შემსრულებლებისთვის ჰონორარების და სხვა ხარჯებისთვის საჭირო თანხას, როგორც წესი დეპარტამენტი ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით, ტენდერის გარეშე გადაიხდის.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, „შუამთობა“ 2 დღეს გაიმართება: 2 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში და 4 აგვისტოს – შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში. 

„ღონისძიების მიზანია აჭარაში სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, სტუმრებისთვის ადგილობრივი ტრადიციების გაცნობა და ზოგადად, აჭარის მაღალმთიანი რაიონების პოპულარიზაცია და მთებში მოგზაურობის წახალისება.

აღნიშნული ღონისძიებების სრულყოფილად ორგანიზების მიზნით, საჭიროა მუსიკალური პროგრამის სწორად დაგეგმვა და შემსრულებლების მოწვევა მათი შემოქმედების, რეპერტუარის, მაღალი რეიტინგისა და ცნობადობის გათვალისწინებით,“ – წერს ტურიზმის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს.

პროგრამა და შემსრულებლებზე გადასახდელი თანხა, ინვოისების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • შუამთობა ბეშუმში – 02 აგვისტო

ანრი ჯოხაძე [ბენდთან ერთად] – 40 000 ლარი [ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტის მომსახურების საფასური]

მუსიკალური ჯგუფი – „seenთეზი“ – 20 000 ლარი [ბენდი „Seenთეზი“-ის მუსიკალური მომსახურება. 1 საათი]

DJ ბენე – გიორგი ცინცაძე – 2 500 ლარი

  • შუამთობა მთა ჩირუხში -04 აგვისტო

ზვიად ბოლქვაძე [ბენდთან ერთად] – 24 000 ლარი [მუსიკალური პროგრამა. 1 საათი]

მუსიკალური ჯგუფი – „1/4“ – 15 000 ლარი [საკონცერტო შესრულება]

მუსიკალური ჯგუფი – ტრიო გოგლაურა3 500 ლარი [საკონცერტო შესრულება]

DJ ჩიკი – არჩილ დავითაძე – 2 800 ლარი

„წარმოდგენილი მუსიკალური შემსრულებლები შერჩეული იქნენ მათი ცნობადობის, მუსიკალური რეპერტუარის და რეიტინგის გათვალისწინებით… მომსახურების ღირებულება განისაზღვრა წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე. ღირებულება მოიცავს შემსრულებლების ყველა ხარჯს, მათ შორის როგორც ჰონორარს, ასევე კვებითი, განთავსებისა და ტრანსპორტირების მომსახურებებს.

აღნიშნულზე ინფორმირებული არიან შემსრულებლები და მათთან ხელშეკრულებები გაფორმდება ინვოისის ღირებულებების შესაბამისად“ – წერს ტურიზმის დეპარტამენტი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს ასევე წერს, რომ „ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, რეპერტუარი ჩამოყალიბებულია ერთიან პროგრამად“. „შესაბამისად, ვთვლით, რომ მიზანშეწონილი ალტერნატივით ჩანაცვლება შეუძლებელია“ – მიიჩნევს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: