მთავარი,სიახლეები

რატომ აწყობს ივანიშვილს მოსამართლეების დეფიციტი – ინტერვიუ ადვოკატთან

26.06.2026
რატომ აწყობს ივანიშვილს მოსამართლეების დეფიციტი – ინტერვიუ ადვოკატთან

„ძალიან რთულია, ენდო ადამიანს. სადაც უფრო ბევრი ხალხია, სადაც უფრო ბევრი აზრია, არსებობს იმის ალბათობა, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომელიც არ არის შესაბამისობაში კონკრეტულ ლიდერებთან,“ – მიიჩნევს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი, რომელსაც სასამართლოში წლობით გაჭიანურებულ საქმეებზე ვესაუბრეთ.

სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემაზე სახალხო დამცველიც საუბრობს და ბოლო საპარლამენტო ანგარიშში საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს ადარებს:

„საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე 9.35 მოსამართლე მოდის. ეს მაჩვენებელი მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს, რომელიც 23.92-ს შეადგენს. ამ ფონზე, საგულისხმოა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებული 74 ვაკანტური ადგილის მიუხედავად, 2025 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მიღება და სწავლება არ განხორციელებულა,“ – წერს სახალხო დამცველი.

„ხანდახან არის შემთხვევა, რომ მოსამართლეს 700 საქმე აწერია. როგორ შეიძლება ადამიანმა განიხილოს 700 საქმე ეფექტურად?!

წარმოიდგინეთ, რომ ახალი 200 მოსამართლე გყავთ და ახალ 200 მოსამართლესთან გიწევთ ურთიერთობა. რატომ უნდა იყოს ეს მათთვის კომფორტი? რაც სურთ, იმის მიღწევა არსებული სისტემითაც შესაძლებელი ყოფილა მათთვის, რატომ უნდა შეცვალონ?!“ – კითხვას სვამს ირაკლი ჩომახაშვილი. იგი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაც აქვს ჩაბარებული.

რატომ აწყობს „ოცნების“ ხელისუფლებას მოსამართლეების დეფიციტი? – „ბათუმელებმა“ ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილთან ამ თემაზე ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო ირაკლი, თქვენი საადვოკატო პრაქტიკის გათვალისწინებით გვიამბეთ, რამდენად მასშტაბურია სასამართლოში საქმეების განხილვის გაჭიანურების პრობლემა? 

დავიწყოთ სამოქალაქო საქმეებით. ეს ის მიმართულებაა, რაც ყველაზე მტკივნეულია მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის. თუ ბიზნესს სურს გარკვეული ზიანის ანაზღაურება, ან ადამიანს სურს, რომ ზიანი აინაზღაუროს სხვა მოქალაქისგან, ან სახელმწიფოსგან ადმინისტრაციული მიმართულებით, წლები გადის, ვიდრე სასამართლო ინიშნება.

საშუალოდ, თუ ეს ოჯახური დავა არ არის და არის შრომითი ურთიერთობების დავა, ზიანის დავა, სახელშეკრულებო დავა, წლები შეიძლება გავიდეს და არ მოხდეს საქმის განხილვა. მაგალითად, 2018 წლის, 2019 წლის საქმეები არ არის ჩანიშნული ჯერ კიდევ. შეიძლება ერთი სხდომა დანიშნულია, გადადებულია და იმის მერე აღარ დანიშნულა.

შესაბამისად, ადამიანს მოლოდინი არ აქვს, რომ სასამართლოს მეშვეობით ზიანის ანაზღაურებას ეფექტურად მიიღებს.

ამ დროს ხდება ის, რომ მხარეები ცდილობენ სასამართლოს გარეშე მოგვარდნენ. თუ ვერ გვარდებიან, სხვადასხვა გზებს მიმართონ, მაგალითად, სანაცნობოს, ნეპოტიზმს, შეიძლება, ეს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი იყოს.

  • ბოლო დროს ჩანს პროკურატურის საქმეებში, რომ ბიზნესმენები დავის მოგვარებას სასამართლოში კი არა, „ქურდულ სამყაროში“ ცდილობენ…

ნამდვილად ლოგიკურია ეს. სასამართლოს გარეთ დავის მოგვარება არასამართლებრივი გზებით იზრდება ასეთ დროს.

თუ ზუსტად იცი, რომ მართალი ხარ, მაგრამ წლები დასჭირდება იმას, რომ შენი ზიანი აინაზღაურო და დაიკმაყოფილო შენი მოთხოვნა, რადგან საკმარისი რაოდენობის მოსამართლე არ არის, რა თქმა უნდა, ადამიანი სხვა გზების ძებნას იწყებს. ერთ-ერთი გზა არის ე.წ. ქურდული სამყარო, სადაც პრობლემა შეიძლება მოგვარდეს სწრაფად. რამდენად სამართლიანად და კანონიერად – ეს მეორე საკითხია, მაგრამ უფლების დაკმაყოფილების ნაწილში ადამიანი, რომელიც არ არის იურიდიული განათლების და ვერ ერკვევა ამ საკითხებში, ხედავს ამ გზას.

შესაბამისად, ერთი მხრივ სასამართლოების გადატვირთულობა იწვევს კრიმინალური ქცევების განვითარებას, მეორე მხრივ, ბიზნესს უჭირს ინვესტიცია, იმიტომ, რომ თუ იცის, რაღაც კონკრეტული ზიანის შემთხვევაში, მას შეიძლება საერთოდ მოუწიოს ბიზნესის გაჩერება – ეს ეხება ხშირ შემთხვევაში მშენებლობებს, დეველოპერულ ბიზნესს… ადამიანები ფიქრობენ, რომ ჯობია მოგვარდნენ და უფრო მეტი რესურსი გაიღონ, ხშირ შემთხვევაში სხვისი ბრალეულობა თავის თავზე აიღონ სასამართლოს გარეშე კონკრეტული შეთანხმებით, ვიდრე წავიდნენ სასამართლოში და იდავონ, იმიტომ, რომ იმხელა ზიანს იღებ, შეუძლებელია უკვე მისი ანაზღაურება.

ამიტომაც, სამართლიანი მართლმსაჯულება სწრაფი და ეფექტური უნდა იყოს.

ხანდახან არის შემთხვევა, რომ მოსამართლეს 700 საქმე აწერია სამოქალაქოს მიმართულებით. როგორ შეიძლება ადამიანმა განიხილოს 700 საქმე ეფექტურად? ეს ხომ შეუძლებელია. ერთის მხრივ, ვთხოვთ ინდივიდუალურ მოსამართლეს რაღაცას, მაგრამ ყველაფერს თავისი რესურსი აქვს: გადაწყვეტილების დაწერას, მიღებას, ფიქრს… რობოტი არ არის არცერთი მოსამართლე, რომ მიიღოს ამდენი გადაწყვეტილება, დაფიქრდეს, დაფიქრების შემდეგ დაწეროს დასაბუთება.

  • რა ხდება ამ დროს პრაქტიკულად? მოსამართლე, რომელსაც 700 საქმე აწერია ერთდროულად, რას წერს გადაწყვეტილებაში? 

როგორც გითხარით, 700 საქმიდან კონკრეტული საქმე შეიძლება 4 წელი ვერ ჩანიშნოს. მოსამართლეს კი არ ეზარება, უბრალოდ ამის დრო პრაქტიკულად არ არის. კვირაში ხომ 40 სამუშაო საათია. თითო საათიც რომ დაუთმოს ერთ საქმეს და 40 საქმე განიხილოს, მარტივი მათემატიკური გათვლებით დასანახია, რომ შეუძლებელია ამდენი საქმის განხილვა და, მით უმეტეს, ეფექტურად განხილვა.

მეორეს მხრივ, არის ადამიანური ცხოვრებისეული საკითხებიც: მოსამართლეებს ოჯახებიც ჰყავთ და პირადი საქმეებიც აქვთ. მოსამართლეს ვერ დაავალდებულებ, რომ 24 საათში 24 საათი წერდეს და ფიქრობდეს გადაწყვეტილებაზე, ხომ?! ასე არავის არ მოუნდება მოსამართლეობა.

პრობლემა არის სისტემური და არა ინდივიდუალურ მოსამართლეებში. ვერ პასუხობს გამოწვევას მოსამართლეების რაოდენობა.

  • სისხლის სამართლის საქმეებში რა ტენდენცია იკვეთება? საპატიმრო საქმეებში კანონი აწესებს კონკრეტულ ვადებს, მაგრამ ცნობილია, რომ წლობით იწელება იმ საქმეების განხილვა, სადაც ბრალდებულები გირაოთი არიან გათავისუფლებული.

სისხლის სამართლის საქმეებში ვადის პრობლემაზე მეტად გვაქვს თავად სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების პრობლემა, კონვენციის მე-6 მუხლი ეხება სამართლიან მართლმსაჯულებას, რომელიც მოიცავს სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას. რამდენად სამართლიანიც არ უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, 10 წლის მერე დამდგარ მართლმსაჯულებას ხშირ შემთხვევაში სამართლებრივი ინტერესი აღარ აქვს.

ძირითად შემთხვევაში, თუ საქმე არის პოლიტიკური, სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო პოლიტიკას ემთხვევა და არა სამართალს, ხოლო თუ ეს არის მძიმე საქმე, ან, მაგალითად განსაკუთრებით მძიმე საქმე, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, სასამართლო ცდილობს, რომ საზოგადოებაში არ გამოიწვიოს მეტი აჟიოტაჟი. ამ დროს სასამართლო ცდილობს, უფრო საზოგადოების საერთოდ შექმნილი აზრიდან გამომდინარე იხელმძღვანელოს.

ჩვენი პროტესტი მიემართება ორივე საკითხს.

ჩვენი, საზოგადოების ამოცანაა, მოსამართლე არ ემორჩილებოდეს სახელმწიფოს არცერთ სტრუქტურას და კიდევ უფრო მეტად არ ემორჩილებოდეს საზოგადოების ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ რომელიმე პირი უდანაშაულოა, ან დამნაშავეა.

ძირითად შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი ფორმირდება მედიიდან. რა თქმა უნდა, მედიას ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ, თუმცა მხოლოდ მედიიდან დამნაშავეობა-უდანაშაულობის საკითხის გადაწყვეტა და სასამართლოს მხრიდანაც ამ მიდგომის შესრულება იწვევს ერთი ადამიანის უფლებების დარღვევას. ჩვენ არ ვიცით რამდენად სწორად და რამდენად ობიექტურად არის გაშუქებული საქმე. შეიძლება ობიექტურადაც იყო გაშუქებული, მაგრამ ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხები იყოს გამოტოვებული…

გირაოს საქმეები ხუთი-ექვსი წელი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დათქმაა, რომ წინასასამართლო სხდომიდან საქმე პირველ ინსტანციაში 24 თვეში უნდა დასრულდეს. ამ საკითხზე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები არ აპელირებენ, რადგან ამ დროს ადამიანი გარეთაა, ხოლო განაჩენი რა იქნება, არავინ იცის.

  • მაგრამ ეს მტკივნეულია საკითხია დაზარალებულებისთვის, მაგალითად, „ბათუმის ციხეში წამების საქმეზე“ სასამართლო განხილვა 2014 წლიდან ამ დრომდე არ დასრულებულა – ბრალდებულები გირაოთი არიან გათავისუფლებულები. „ოცნება“ კი, ხელისუფლებაში მოსვლამდე, ძირითადად სწორედ ციხეებში არსებულ უსამართლობაზე საუბრობდა…

უფრო მეტსაც გეტყვით: 7 პოლიტიკოსს, რომელთაგანაც ერთ-ერთს მე წარმოვადგენ და ბრალი აქვს წარდგენილი საბოტაჟზე, მოსამართლემ თვეში თითო სხდომა განსაზღვრა. არასაპატიმროა ეს საქმე და საქმის ვადის პრობლემა არ იყო. როგორც კი პოლიტიკური ინტერესი დადგა, დაცვის მხარესთან შეთანხმების გარეშე, ბრალდების მხარის მიმართვის შემდეგ, სასამართლომ, რომელსაც ჩანიშნული ჰქონდა გრაფიკი, გადმოწია სხდომა და კვირაში ორ-ორი სამუშაო დღე განსაზღვრა სამუშაოდ.

არ უნდა არსებობდეს სასამართლოსთვის „პრიორიტეტული საქმე“. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღოს. პრიორიტეტულობის განსაზღვრით საქმის ვადის შემცირება ან გაზრდა წარმოადგენს კონვენციის დარღვევას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მრავალტომიანი საქმეა და ორ წელში ვერ მოესწრება. არის ისეთი საქმეებიც, სადაც, მაგალითად, 25 ბრალდებულია და ისინი აყენებენ შუამდგომლობას, რომ ზოგს დრო არ აქვს მოვიდეს და ასე შემდეგ.

განსაკუთრებით პოლიტიკურ ვითარებაში განზრახ გაჭიანურება, ასე ვთქვათ, დამოკლეს მახვილივით არის დაკიდებული ადამიანზე… მაგალითად, გადადებული გაქვს სხდომა, მაგრამ თუ სახელმწიფოს არ მოეწონება შენი აქტიურობა ან არააქტიურობა, ჩაგინიშნავს ხვალვე სასამართლო სხდომას.

  • ეს ადასტურებს ეჭვებს, რომ რეალურად სასამართლო დამოუკიდებელი მართლაც არ არის და ის მოქმედებს ხელისუფლების პოლიტიკური მოტივაციის შესაბამისად?

ეს არაა ეჭვი.

ნებისმიერ პოლიტიკურ სისხლის სამართლის საქმეში, სადაც მე წარმოვადგენდი დაცვის მხარეს, სასამართლო ყოველთვის განსხვავებულად იქცეოდა.

ხშირ შემთხვევაში ამის მტკიცებულებაა, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სხვადასხვა საქმეზე. ამავე დროს, სასამართლო თავს იკავებს კრიტიკული განცხადებებისგან, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს სასამართლოს გადაწყვეტილებებში.

  • რატომ აწყობს მთავრობას, შეავსოს სისტემა მოსამართლეებით? მაგალითად, 74 მოსამართლის ადგილი ვაკანტურია.

ძალიან რთულია, ენდო ადამიანს. სადაც უფრო ბევრი ხალხია, სადაც უფრო ბევრი აზრია, არსებობს იმის ალბათობა, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომელიც არ არის შესაბამისობაში კონკრეტულ ლიდერებთან.

მოსამართლეები ეტაპობრივად ინიშნებიან. არ შეიძლება, 300 მოსამართლე ერთდროულად დანიშნო. შეუძლებელია 300 მოსამართლეს დააკვირდე გამოსაცდელ ვადაში – რამდენად შეძლებენ ისინი ლიდერებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას.

უამრავ იურისტს აქვს გავლილი იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მაგრამ არ არიან დანიშნულები. აქ არ არის ის პრობლემა, რომ საკმარისი განათლებული იურისტები არ გვყავს. აქ პრობლემა იმაშია, რომ არ სურს სახელმწიფოს, არ სურთ საერთო სასამართლოების ლიდერებს, რომ ბევრი მოსამართლე დაინიშნოს, რადგან ბევრი მოსამართლის ეფექტური კონტროლი არის ძალიან რთული.

რაც უფრო მეტია ადამიანი, მით უფრო რთულია მათი კონტროლი.

  • 366 მოსამართლის ნაცვლად, რაც დღეს გვყავს, თუ 500 მოსამართლე იქნება, მაგალითად, სისტემაში, ფიქრობთ, რომ ამის კონტროლის კლანს გაუჭირდება? 

ნახეთ: ეს 366 ახალი მოსამართლე არ არის. ეს 366 მოსამართლე 2004 წლიდან მოყოლებული არიან. ისინი გამოცდილები არიან ურთიერთობის თვალსაზრისით.

როდესაც გინდა მყისიერად ახალი მოსამართლეები დანიშნო, ჯერ სამი წელი უნდა მისცე მათ საქმის განხილვის უფლება. ახალ მოსამართლეებს პროგრამა სამჯერ მეტ საქმეს აწერს, რომ მოხდეს დაბალანსება.

წარმოიდგინეთ, რომ ახალი 200 მოსამართლე გყავთ და ახალ 200 მოსამართლესთან გიწევთ ურთიერთობა. რატომ უნდა იყოს ეს მათთვის კომფორტი? რაც სურთ, იმის მიღწევა არსებული სისტემითაც შესაძლებელი ყოფილა მათთვის, რატომ უნდა შეცვალონ?!

  • მაგრამ ეს იწვევს საზოგადოებაში უკმაყოფილებას: გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ნაკლებად ენდობიან სასამართლოს, ადამიანები ხედავენ, რომ მოსამართლე წლობით ვერ იცლის მათი სარჩელების განსახილველად… 

მაგრამ მიზანი ამართლებს საშუალებას.

რომელია უფრო მნიშვნელოვანია: ხალხის უკმაყოფილება, თუ საერთო სასამართლოების სრული კონტროლი ლიდერების მხრიდან?!

  • ეს აშკარაა იურისტებისთვის სისტემის გარეთაც და ამიტომ, ფაქტობრივად, აღარავინ აფიქსირებს მოსამართლეობის სურვილს? 

რა თქმა უნდა. მაგალითად, მე 2023 წელს ჩაბარებული მაქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, მაგრამ არც გამჩენია სურვილი, რომ მიმემართა მოსამართლეობის სკოლაში სწავლისთვის და შემდეგ უკვე სასამართლოში საქმიანობისთვის. ჯერ ერთი, განცდა მაქვს, რომ არ დამნიშნავენ და მეორე – ამ რეალობაში არ მსურს ვიყო მოსამართლე. მე მოსამართლეობა იმ რეალობაში მსურს, სადაც მართლაც შემეძლება მივიღო გადაწყვეტილებები საქართველოს სახელით არა კონკრეტული დაკვეთების შესაბამისად.

  • დამოუკიდებლობის პრობლემის გარდა, ამ რეალობაში რა ტიპის გადაწყვეტილებებს ვიღებთ პრაქტიკულად სასამართლოებში? ცნობილია, რომ ხშირად მოსამართლეები იყენებენ შაბლონებს.

ეს პრობლემა განსაკუთრებით შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტილებებს. პატიმრობის გამოყენებისას სასამართლო ხშირ შემთხვევაში არის სრულად შაბლონური. იმდენი საქმეა, რომ ინდივიდუალურად მათ მოსამართლე არ განიხილავს. თუ მძიმე მუხლი აქვს ბრალდებულს წარდგენილი, მოსამართლე ამბობს, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და უნდა წავიდეს ადამიანი ციხეში.

დავუშვათ, პროკურორი ამბობს, რომ ადამიანმა ჩაიდინა ყაჩაღობა, მაგრამ მოსამართლე ხედავს, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ არის, ჩანს, რომ დასტურდება უფრო ქუჩაში ჩადენილი ძალადობა, რა დროსაც სასამართლო გამოიყენებდა გირაოს. თუმცა სასამართლო ყაჩაღობის ბრალდებულის საქმეზე თუ გირაოს გამოიყენებს, ამით ყაჩაღობაზე გირაოს პრაქტიკა დადგინდება.

მოსამართლეებს ჯერ ერთი დრო არ აქვთ იმისთვის, რომ ინდივიდუალურად ჩავიდნენ სისხლის სამართლის საქმეებში; სურვილიც არა აქვთ, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ამიტომაც, „ქოფი-ფეისთები“ მუშაობს 99% შემთხვევაში.

წარმოიდგინეთ, 12-გვერდიანი გადაწყვეტილებაში 10 გვერდი არის შაბლონი – პრეცედენტები, რომელიც საერთოდ კავშირში არ არის კონკრეტულ საქმესთან, უბრალოდ, აღწერილია სტანდარტები, რომ ოდესღაც ევროსასამართლომ თქვა, რომ შეგიძლია პატიმრობაში დატოვო პირი, თუ მას მძიმე კატეგორიას ედავებიან, მაგრამ იმ მძიმე კატეგორიას მტკიცებულებები უნდა მიგანიშნებდეს. ვიღაცამ რომ დააბრალოს ადამიანს მკვლელობა ჩაიდინაო, მარტო იმიტომ, რომ მკვლელობის მუხლი აქვს წარდგენილი პირს, შეიძლება 9 თვე იყოს პატიმარი და მერე შეიძლება გამართლდეს.

ამ დროს სასამართლოს ვეუბნები, რომ თქვენ ეს უნდა განიხილოთ უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში, ანუ აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობის შეფარდება ცალკე აღებული მარტო პატიმრობა არ არის, უდანაშაულობაზე უნდა იფიქროთ. ეს გააზრება საერთო სასამართლოებს არ აქვთ. შედარებით აქვთ რეგიონების სასამართლოებს. თბილისში კი თითქოს ერთი სტანდარტი ჩამოყალიბდა ყველასთან ამ კუთხით.

სასამართლო ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იყო ყოველთვის მიკერძოებული ბრალდების მხარის მიმართ, ანუ სახელმწიფო ინტერესს ყოველთვის ატარებდა. არ ყოფილა შემთხვევა, თავისუფალი ყოფილიყო სასამართლო.

  • რეზონანსული საქმეების განხილვას ან გადაწყვეტილების გამოცხადებას აჭიანურებს საკონსტიტუციო სასამართლოც, მაგალითად, მოსმენების საქმის განხილვა დასრულდა 2018 წელს და ამ დრომდე სასამართლო გადაწყვეტილებას არ აცხადებს, ამავდროულად, გუშინაც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება ისევ ძალადაკარგულად მიჩნეულ სამართლებრივ ნორმაზე. 

საკონსტიტუციო სასამართლომ ალბათ ბოლო ხუთი წელია დაკარგა თავისი მნიშვნელობა. მანამდე სასამართლო ძალზედ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა პოლიტიკის განსაზღვრაში.

უამრავი სისხლის სამართლის საქმის ნორმაა, რომლის არაკონსტიტუციურობაც გასაჩივრებულია 2016-17-18 წლებიდან, სათათბიროდ არიან გასულები და გადაწყვეტილება გამოცხადებული არ აქვთ.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზეც საერთოდ არ გამართულა არცერთი სხდომა. რომ ჰკითხოთ სასამართლოს, რა ეტაპზეა ეს საქმე, შეიძლება ვერც გიპასუხონ, იმიტომ რომ ჯერ არ არსებობს ამ სარჩელის განხილვის პოლიტიკური სურვილი.

საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ოდესღაც ასრულებდა მნიშვნელოვან როლს პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში, მათ შორის, უფლებრივ ნაწილში, დღეს აბსოლუტურად განულებულია. აზრდაკარგულია უკვე მოსაზრება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით უფლების აღდგენა შეძლოს ადამიანმა.

საერთო სასამართლოებში თუ სათათბიროდ გადიხარ, გადაწყვეტილებას ვიდრე არ გამოაცხადებ, ახალს ვერ განიხილავ. ეს ნორმა არის შესაცვლელი საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაშიც: თუ სათათბიროდ გადიან, უნდა მიიღონ დროულად გადაწყვეტილება.

თავის დროზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მარიხუანა წარმოადგენს მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებას და გარკვეულ გრამამდე ადამიანების დაჭერა არის დაუშვებელი. შემდეგ, წარმოიდგინეთ, როდესაც სახელმწიფომ პოლიტიკა შეცვალა, ის მუხლები ამოიღო, რაც ადრე არსებობდა და ახალი მუხლები შემოიტანა, სადაც ხელახლა დასჯადად გამოაცხადა – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ – იმ ოდენობის მარიხუანა, რაზეც ადრე საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება პირის დაპატიმრება.

საერთო სასამართლოები აკმაყოფილებენ საპროცესო შეთანხმებას და გამოაქვთ არაკონსტიტუციური განაჩენები იმ საფუძვლით, რომ ხელახლა არ უმსჯელია საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მუხლზეო. წარმოიდგინეთ, ის მუხლი ამოიღეს, პრიმა დაარქვეს ახალ მუხლს და არაკონსტიტუციურად შემოიტანეს. რომელ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა ამ მოცემულობაში საუბარი?

მე დარწმუნებული ვარ, ხელახლა რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს რომელიმე მსჯავრდებულმა, ამ საკითხზე სასამართლო შეცვლის საკუთარ პრაქტიკას. ამისთვის ემზადებიან კიდეც. ადამიანს მარიხუანას მცირე ოდენობით შეძენა-შენახვის გამო სამი წლით ართმევენ მართვის მოწმობას და კიდევ სხვა უფლებებს. ამაზე მიმართული იყო საკონსტიტუციოსთვის და რა გადაწყვეტილება მიიღეს?

  • გულისხმობთ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას კონსტიტუციურ წარდგინებას, რომელმაც მიიჩნია, რომ ანტიკონსტიტუციური ნორმებით ვერ გაასამართლებდა ადამიანს? 

დიახ და რა დაუწერეს ვლადიმერ ხუჭუას? მე ბატონ ვლადიმერს ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. უკან დაუბრუნეს საქმე და დაუწერეს, საერთო სასამართლოების მოსამართლეს მისი როლი გაგებული არა აქვსო. წარმოიდგინეთ, ამ დონეზე ხისტი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს დამოკიდებულება თავისუფალი მოსამართლის მიმართ. მათ თავისუფალი ხალხი არ უყვართ, არ სურთ თავისუფალი ხალხი, იმიტომ რომ თავად არ არიან თავისუფლები. ამიტომაც, განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავენ.

  • რა შედეგზე გადის „ოცნება“ მოსამართლეების გაკონტროლების არსებული მოდელით? 

ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებობს კანონები, რომლებიც კონსტიტუციას არსებითად ეწინააღმდეგება. ეს შეიძლება იყოს ე.წ. გრანტების კანონი, რუსული კანონი, ტროტუარზე დგომის კანონი, რომლითაც ადამიანს შეიძლება პატიმრობა განუსაზღვროს სასამართლომ, გამკაცრებული ჯარიმები, რომელიც არაპროპორციულია მოსახლეობის შემოსავლებთან. უამრავი არაკონსტიტუციური და არაპროპორციული კანონი არსებობს და თუ ხელისუფლებამ იცის, რომ არ არსებობს მაკონტროლებელი, ეფექტური სახელმწიფო შტო, რომელიც მას შეაკავებს, რაც არ უნდა კარგი ან ცუდი იყოს ხელისუფლება, შემაკავებელი ბერკეტების არარსებობა ყოველთვის მიიყვანს მას ავტოკრატიამდე.

როცა სტუდენტს ტროტუარზე დგომის გამო სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ პოლიცია აკავებს და ამაზე რეაქცია მეორე სტუდენტს არ აქვს, რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ? მეტი ფსკერი როგორ უნდა გახვრიტო?

ამიტომაც არ ვიცი, ეცოდინება თუ არ ეცოდინება ამ ხალხს, რასთან გვაქვს უკვე საქმე, მაგრამ თუ ჯერ არ უგრძვნიათ, იგრძნობენ ამ უსამართლობას. ყველა ადამიანი იგრძნობს უსამართლობას, ვიდრე კონტროლის ბერკეტები არ გვექნება.

ასეთი გამოთქმა არსებობდა საბჭოთა კავშირში: სტალინი ვისაც უყვარდა, ყოველთვის მეზობლის გამო უყვარდაო, ანუ სტალინი მეზობლისთვის უნდოდათ, საკუთარი თავისთვის – არა.

დღეს სამართლიანი სასამართლო რომ გვქონდეს, შეიძლება გვეთქვა კიდეც, რომ შიდა სამართლებრივ საკითხებში შემაკავებელი ბერკეტი „ქართულ ოცნებას“ აქვს და ხალხი უფრო მშვიდად იქნებოდა, დაველოდებოდით არჩევნებს. არჩევნების საკითხიც უნდა განიხილოს სასამართლომ, მისი შესაძლო გაყალბების მოცემულობა. ვნახეთ, რაც მოხდა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას შემთხვევაში, როგორ თავდასხმას ჰქონდა ადგილი.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ერთ დამოუკიდებელ მოსამართლეს.

ამიტომაც, სისტემის მიზანია, არ არსებობდეს კრიტიკული მოსაზრება და საზოგადოებას ეშინოდეს პროტესტის გამოხატვის. ამ მიზნის შესასრულებლად აუცილებელია, რომ არცერთი ეფექტური კონტროლის მექანიზმი ქვეყანაში არ მუშაობდეს. არც მუშაობს ამ ეტაპზე ეფექტური კონტროლის მექანიზმი.

აუცილებელია სამართლიანი არჩევნები. საზოგადოებამ პროპაგანდის გარეშე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება: სურს იზოლირებულ ქვეყანაში ცხოვრება, თუ სურს ევროპულ საქართველოში ცხოვრება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ შემოვიტანოთ ევროპული სტანდარტები, რადგან ევროკავშირი არ გაძლევს საშუალებას, არაადამიანურად მოეპყრო ადამიანებს და უსამართლობა დაამყარო ქვეყანაში, არ გაძლევს საშუალებას, დაჩაგრო ხალხი. ამიტომ ვამბობ, რომ ნომერ პირველი არის ის, რომ აღდგეს ევროკავშირისკენ წინსვლა, გაიხსნას მოლაპარაკებები, გაუქმდეს კანონები და ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები.

კიდევ ერთ პრობლემაზე მინდა ვთქვა: საზოგადოება არის პოლარიზებული და ეს არის დამსახურება აბსოლუტურად ყველა აქტორის. დამოუკიდებლობის დღის აღდგენიდან დღემდე ყველა აქტორის ბრალია, რომ ასე ვთქვათ გარკვეულ იარლიყს კიდებენ ოპონენტებს… ამიტომაც, აუცილებელია ერთობა. გამოსაცხადებელია საყოველთაო შერიგება. აუცილებელია კრიტიკა. სადაც არ არსებობს კრიტიკა, იქ ავტოკრატია გარანტირებულია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: