27 მაისს, გორში, პოლიციელებმა ჯგუფურად 28 წლის პაპუნა ლოცულაშვილი სცემეს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია, შესვენებაზე იყო სამსახურიდან გასული და უკან, ბანკში ფეხით ბრუნდებოდა.
ფეხით მიმავალს პოლიციამ მანქანით ავარიული სიტუაცია შეუქმნა – კინაღამ დააჯახა, რასაც შელაპარაკება და კონფლიქტი მოჰყვა, რაც საბოლოოდ ახალგაზრდა კაცზე ფიზიკური ძალადობით დასრულდა – ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს პაპუნა ლოცულაშვილის მეგობარმა, ლაშა აბისონაშვილმა მიაწოდა, რომელიც პოლიციელებმა მეგობრის დახმარების გამო სცემეს.
პოლიციელთა ჯგუფის მიერ ორი ახალგაზრდა კაცის ცემის ამსახველი ვიდეო გამოცემა „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.
ვიდეო კადრებს, სადაც ჩანს, როგორ სცემს ათამდე პოლიციელი ახალგაზრდებს, საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით და ისჯება ხუთიდან 8 წლამდე პატიმრობით.
დღის ბოლოს, პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის, პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სსკ-ს 353 მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე ძალადობას გულისხმობს.
საღამოს 21:30 საათისთვის, კი ასევე ადვოკატის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ დაკავებული პაპუნა ლოცულაშვილი, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს და ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
რას ნიშნავს, როდესაც სისტემა მოქალაქეზე ძალადობს? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა ლონდა თოლორაიასთან, შსს-ს ყოფილ თანამშრომელთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელთან. სწორედ ამ სამსახურს ევალებოდა მსგავსი ფაქტების გამოძიება, სანამ 2022 წელს პარლამენტი ამ სამსახურს გააუქმებდა.

ლონდა თოლორაია, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი
- ქალბატონო ლონდა, დავიწყოთ ფაქტის შეფასებით, რას ნიშნავს, როცა პოლიცია ჯგუფურად ძალადობს მოქალაქეზე?
უპირველესად, თავი რომ დავანებოთ სამართლებრივ შეფასებას, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და ჩემთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლისთვის, ეს ყველაფერი ძალიან სამწუხარო სანახავია.
მეორე, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რა დააშავა ამ ადამიანმა, რაში ედებოდა ბრალი და ასე შემდეგ.
ფაქტია – ეს ადამიანი იყო დაკავებული. როდესაც პირი პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშაა და მისგან არანაირი საფრთხე აღარ მომდინარეობს, მასზე განხორციელებული ნებისმიერი ძალადობა, იქნება ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფეხის დარტყმა და ასე შემდეგ, არის სისხლის სამართლის დანაშაული.
ამიტომ ვერაფერი იმას ვერ გაამართლებს, რაც ჩვენ ვნახეთ. ვერც ის გაამართლებს, რომ დაკავება იყო მიზანი – ჯერ ერთი, რომ 10 პოლიციელი თუ პირს ვერ აკავებს, ეს ცალკე პრობლემაა.
კადრებში ვერ ვხედავთ, რომ ეს პირი რაიმე დაუძლეველ ძალას ან რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს. ამიტომ ცალსახად ამას უნდა მიენიჭოს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია. ვიცით, რომ გამოძიება პროკურატურამ უკვე დაიწყო და მე დარწმუნებული ვარ, ვინაიდან ეს ფაქტი გასაჯაროვდა და ამას აქვს ამხელა რეზონანსი, ამიტომ დევნას დაიწყებენ [ცემაში მონაწილე პოლიციელებისადმი] აუცილებლად.
- ჩვენ რომ ისეთი ქვეყანა ვიყოთ, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ, შესაბამისი უწყებებს როგორ უნდა მოქმედებდნენ ახლა? განვითარებულ სახელმწიფოებში, მსგავსი ფაქტის დროს, როგორ რეაგირებენ ინსტიტუციები?
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ასეთი ქცევების მიზეზი აუცილებლად უნდა ვეძებოთ წინარე ისტორიაში, რა ფაქტებიც ჩვენ გვქონდა მანამდე.
სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც პოლიციელი, რომელიც ჩადის ძალადობას, არ ისჯება. ჩვენ ბევრნაირი ძალადობა გვინახავს. ძალადობა, რომელიც განხორციელდა ჩვენი თვალთახედვის არის მიღმა – პოლიციის მანქანაში, პოლიციის დაწესებულებაში და ასე შემდეგ.
ჩვენ ვნახეთ ძალადობის ფაქტები, რომელიც პირდაპირ ეთერში მოხდა, მაგრამ ასეთ ფაქტებზე ჩვენ დასჯილი პოლიციელი არ გვინახავს.
აი, აგერ ერთი წლის შემდეგ ისიც რაღაც სხვადასხვა ფაქტორების გამო დაისაჯნენ პოლიციელები რაღაცის გამო, თორემ ამის ნება რომ ყოფილიყო, წესით უფრო ადრე უნდა დასჯილიყვნენ.
ამიტომ ეს წინარე ისტორიები, ახალისებს პოლიციელს, რომ ასე დღისით-მზისით, ასეთი ფორმით ჩაიდინოს დანაშაული. ეს არის პრობლემა.
ახლა რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო?
ზოგადად, უპირველეს ყოვლისა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესში არის, რომ ასეთი პოლიციელები სისტემაში არ იყვნენ.
ასეთი პოლიციელების წინააღმდეგ ბრძოლა და მათგან სისტემის გაწმენდა, გასუფთავება, უხეშად რომ ვთქვათ, უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია. რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირება არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია ამ შემთხვევაში.
ამაზე რეაგირება – ეს არის პროკურატურის კომპეტენცია. ერთადერთი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააკეთოს, ეს არის თანამშრომლობა პროკურატურასთან, რომ მიაწოდოს ყველა სახის მტკიცებულება, ინფორმაცია, რაც პროკურატურას ამ საქმის გამოსაძიებლად დასჭირდება.
ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება და პრაქტიკა ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არასოდეს არ იყო დამხმარე დანაყოფი პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისთვის, პირიქით, იგი იყო ყოველთვის ხელისშემშლელი გამოძიებისთვის – იყო ასეთი ფაქტები. და ის, რომ მე ვამბობ, რომ ამ დანაშაულზე შედეგი დადგება და ვიღაცას დააკავებენ, იმიტომ კი არ დააკავებენ, რომ პოლიციელმა დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ დააკავებენ, რომ ვიღაცამ მოახერხა და ეს ვიდეო გადაიღო. ამ ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს ამ პოლიციელთა სახეები და მართლა უმძიმესი სანახავია.
როცა საზოგადოებაში ამხელა რეზონანსია და პირები იდენტიფიცირებულები არიან, აქ უკვე სახელმწიფოს ძალიან უჭირს ხელის დაფარება პოლიციელებზე.
ამიტომ ამ საქმეზე დადგება შედეგი. მაგრამ ისეთი საქმეები, რომელიც ჩვენი თვალით ვერ ვნახეთ, ისეთი საქმეები, რომელიც თვალს მოეფარა და იქვე იქნა ჩადენილი, ასეთ ფაქტებზე, სამწუხაროდ, არც ეფექტიანი რეაგირება ხდება, არც გამოძიების დაწყება შეიძლება არ მოხდეს და ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ვინმე მიეცეს პასუხისგებაში ამ ფაქტებზე.
- ირაკლი კობახიძემაც გააკეთა განცხადება. სავარაუდოდ მართლა დასჯიან ვიღაცას. მაგრამ კადრებში ჩანს ათამდე პოლიციელი. როგორ ფიქრობთ, კადრში ვინც ჩანს, ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს პროკურატურა თუ აქედან გამოარჩევენ ვიღაცებს?
გამოძიების დაწყების შემდეგ მთავარი კითხვა არის ორი – პირველი, დაისჯება თუ არა ყველა? და მეორე, დაისჯებიან თუ არა იმ მუხლით და იმ სიმკაცრით, რა სიმკაცრითაც უნდა დაისაჯონ?
ერთი – შეიძლება იქ 10 პოლიციელი იყოს, მაგრამ ამ ათიდან ვინ რა ქმედებას ახორციელებდა, ამის მიხედვით უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. შეიძლება ათიდან ყველა არ ურტყამდა, შეიძლება ნაწილი იყო აქტიური მონაწილე ამ ყველაფრის, ნაწილი იყო პასიური მონაწილე და უბრალოდ უყურებდა ამ ყველაფერს.
არ ვიცი, მინდა მჯეროდეს, რომ ათი პოლიციელიდან შეიძლება ვინმე იყო კიდე ისეთი, რომელსაც არც ცემაში იღებდა მონაწილეობას და პირიქით, აპროტესტებდა ამ ძალადობას. ამიტომ, აქ გამოსაკვლევია ვის რა როლი ჰქონდა. ამიტომ ობიექტურადაც რომ იქნეს გამოძიება ჩატარებული, შეიძლება მართლა ათივე არ არის პასუხისგებაში მისაცემი.
აქ ვიდეოა კარგად სანახავი – ვინ რა როლს ასრულებს, ვინ რას აკეთებს, ვინ რას ამბობს – ესეც მნიშვნელოვანია. თუმცა მთავარია, რომ ვისაც რა როლი აქვს, ყველა ამ როლის შესაბამისად დაისაჯოს და მეორე – დაისაჯოს იმ მუხლით, რა მუხლითაც უნდა დაისაჯოს. ეს არის, ჩემი აზრით, არაჯეროვანი, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა, რომლითაც ეს ადამიანები უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემულები.
ვნახოთ, როგორ დაიწყება დევნა მათ მიმართ.
- თავად ფაქტი, რაც დაზუსტდა, რაზე მეტყველებს? 28 წლის ახალგაზრდა, ბანკის თანამშრომელი, რომელიც შესვენებაზე იყო გამოსული, ფეხით ბრუნდებოდა სამსახურში. ამ დროს ამ ადამიანს პოლიციის მანქანამ შეუქმნა ავარიული სიტუაცია. ამას მოჰყვა კონფლიქტი, რომელშიც ათამდე პოლიციელი ჩაერთო. რას ჰყვება ეს ამბავი სისტემის შესახებ?
ზოგადად სისტემა დღეს გამოიყურება ძალიან ცუდად და პოლიცია აღიქმება არა როგორც დამცველი, შენი დამცველი დამნაშავისგან, არამედ თვითონ პოლიცია გადაიქცა საფრთხედ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც არის უმძიმესი და მე არცერთ შემთხვევაში ეს არც მომწონს, არც მიხარია, პირიქით, ძალიან – ეს არის ტრაგედია და ეს არის ძალიან გულსატკენი, იმიტომ, რომ მოქალაქესა და პოლიციას შორის სრულიად ჩამოშლილია ყველანაირი ნდობის ხიდი.
პოლიციას არა აქვს არანაირი ნდობა და პოლიციის რეპუტაცია არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში.
მოქალაქეს ქუჩაში ეშინია არა კრიმინალის, არამედ ეშინია პოლიციის – „უკანონოდ გამაჩეროს, უკანონოდ არ გამჩხრიკოს, უკანონოდ რამე არ აღმომიჩინოს, უკანონოდ არ მცემოს“ – რომელ პოლიციაზე შეიძლება ამის შემდეგ ლაპარაკი.
ნულიდან არის ასაშენებელი ყველანაირი ნდობა, რეპუტაცია, ყველა ინსტიტუტი მოშლილია, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინოდ მაინც ჩანს პოლიცია, იმიტომ, რომ ხშირად უწევთ მოქალაქეებს პოლიციასთან კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია უკვე არის ნეგატიური, ათიდან, მგონი, ცხრა შემთხვევაში.
- თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც პოლიციას დაემართა?
ამაზე პასუხისმგებელი არის აუცილებლად „ქართული ოცნება“. ამაზე პასუხისმგებელი არის პრემიერ-მინისტრი პირველ რიგში, რომელიც არის პოლიციის უფროსი, უხეშად რომ ვთქვათ, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შედის მის დაქვემდებარებაში.
ამაზე პასუხისმგებელია პარლამენტი, რომელიც ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს შინაგან საქმეთა სამინისტროზე.
ამაზე პასუხისმგებელი არის სასამართლო, რომელიც პოლიციის მიერ მიტანილ ქეისებს ისე ურტყამს ჩაქუჩს, საერთოდ არ არკვევს ვინ არის მართალი, ვინ არის მტყუანი და არის გადაწყვეტილებები, რომლებმაც პოლიცია კიდევ უფრო „წაახალისა“ და აი, ასეთი ქმედებებისაკენ უბიძგა.
რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია პროკურატურა, იმიტომ, რომ პროკურატურა არის პასუხისმგებელი ასეთი ფაქტების გამოძიებაზე.
ერთიანად ეს ყველაფერი არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება, რომ აღარაფერი ვთქვა იმ ცალკეული პოლიციელების პასუხისმგებლობაზე. ეს ადამიანები გასულები არიან სრულიად საკანონმდებლო ჩარჩოებიდან.
ამ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება დამოუკიდებელი, მართლა დამოუკიდებელი სამსახური, პოლიტიკურად ნეიტრალური სამსახური, რომელიც პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს ეფექტიანად და სამაგალითოდ დასჯის ყველას ისე, რომ არცერთ პოლიციელს აღარ წაუცდეს ხელი აი ამ ტიპის ქმედებაზე.






