გასულ კვირას, 24 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, ტროტუარზე დგომის გამო საქართველოს 4 მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა.
ოთხივე საქმე ორმა მოსამართლემ განიხილა – ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ. ეს მოსამართლეები ტროტუარის საქმეებს ყველაზე ხშირად განიხილავენ. მოსამართლეებმა ყველა შემთხვევაში სასჯელის ზომად პატიმრობა გამოიყენეს.
- ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებულები
სამოქალაქო აქტივისტს, ანი ჩრდილელს, 24 აპრილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა გზის გადაკეტვის საბაბით.
ოფიციალურად, შს სამინისტრო ანი ჩრდილელს 7 მარტს, მარშის დასრულების შემდეგ, პარლამენტის წინ ბასლაინზე დგომას ედავებოდა და ამტკიცებდა, რომ ის გზას კეტავდა.
შსს არ უარყოფდა, რომ მარშის შესახებ ადმინისტრაციული ორგანო გაფრთხილებული იყო. მანქანების გადაადგილება რუსთაველის გამზირზე მაგ დროს დემონსტრანტებს, მათ შორის ანი ჩრდილელს, არ შეუზღუდავთ, ქუჩა არ გადაუკეტავთ. შსს ამტკიცებდა, რომ დემონსტრანტებს ბასლაინი ჰქონდათ ათვისებული და ნაწილობრივ აფერხებდნენ გადაადგილებას.
შსს-ს იურისტი თინათინ კაჭკაჭიშვილი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მითითებები მისმა უწყებამ საიტზე გამოაქვეყნა. კერძოდ, ის, რომ მარშის დასრულებისთანავე, მოქალაქეები უნდა გადასულიყვნენ საფეხმავლო გზაზე.
29 აპრილს სამი შვილის დედას, ინგა ბუაძეს 7 თებერვლის მარშზე გზის გადაკეტვის საბაბით, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
29 აპრილის დილას მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ კიდევ ერთი დემონსტრანტის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
მოქალაქე ია მღებრიშვილი მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 2-დღიან პატიმრობაში გაუშვა 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომის გამო.
29 აპრილს გაასამართლეს გიო ჩაჩანიძეც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, გიო ჩაჩანიძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, პარლამენტის წინ 18 დეკემბერს ტროტუარზე დგომით ფეხითმოსიარულეთა ხელოვნურად შეფერხების საბაბით.
29 აპრილსავე საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
სახალხო დამცველის ამიკუსი შეეხება ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებულ მოქალაქეებს.
„ბოლო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებებისა და სხვადასხვა ღია საინფორმაციო წყაროებით დასტურდება, რომ საერთო სასამართლოები ამ საფუძვლით დიდი ოდენობის საქმეებს განიხილავენ“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ამიკუსის შესავალში.
რეპრესიული ცვლილებები რამდენიმე კანონში 2025 წლის დეკემბერში შევიდა. სწორედ ამ ცვლილებების წყალობით, მოსამართლეები „კანონიერად“ ასამართლებენ მოქალაქეებს ტროტუარზე დგომის გამო.
საქართველოს ათობით მოქალაქეს აქვს უკვე ადმინისტრაციული ჯარიმა დაკისრებული ტროტუარზე დგომის გამო და ათობით მოქალაქეს აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა მოხდილი, ქვეყნის სხვადასხვა იზოლატორში, ტროტუარზე დგომის გამო.
როგორ მოხდა, რომ საზოგადოება თითქოს შეეგუა იმ ფაქტს, რომ ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ და ამაზე ისეთი მძაფრი რეაქცია აღარ აქვს, როგორც პირველ ეტაპზე ჰქონდა, როდესაც რეპრესიული კანონის აღსრულება დაიწყეს? – ვკითხეთ ფილოსოფოსს ლევან ღამბაშიძეს.
„შეგუება ადამიანისთვის, პრინციპში ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, ძალიან ბუნებრივი რამეა, ჩვენი სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია შეგუება. ნებისმიერ ცვლილებასთან, რაც არ უნდა ტრავმული იყოს, ადამიანი ადაპტაციას ახერხებს.
ის, რაც შეიძლება თავის დროზე აღშფოთების საფუძველი იყო, დროთა განმავლობაში ნორმალიზდება. არა მარტო საქართველოში, ძალიან ბევრ საზოგადოებას აქვს იგივე გამოცდილი აქვს – ყველგან, სადაც დიქტატურა ნელ-ნელა ყალიბდებოდა, იგივე პროცესი აქვთ გავლილი, იქნება ეს ნაცისტური გერმანია თუ საბჭოთა კავშირი.
ვფიქრობ, გაკვირვების ნაცვლად, სხვა კითხვა უნდა დაისვას – რას ვაკეთებთ ამ ახალ მოცემულობაში?
ვიტყვით – „რას იზამ, ეს გახდა ჩვენი ცხოვრება და ასე იქნება“, თუ ვიტყვით – „კი, ეს ცვლილება მოხდა, მაგრამ აუცილებელია ყველაფერი დავაბრუნოთ იმ წერტილზე, როდესაც ქვეყანაში ცხოვრება უფრო მისაღები იყო“?!
ხალხი რომ ისევ გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს, ეს უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ის, რომ ჩვენ უფრო გულგრილები ვართ რეჟიმის ძალადობრივი ქმედებების მიმართ.
რუსეთის შემთხვევა რომ ავიღოთ, რუსეთში შეეგუვნენ და სახლში შევიდნენ. იქ აღიარეს, რომ ამ ეტაპზე პუტინის რეჟიმს ვერ გადატეხენ, აღიარეს, რომ პოლიტიკოსები შეიძლება ციხეში მოკლან, რომ აქციის გამართვა აკრძალულია… ყველაფერი, რაც შეიძლება უბედურება სჭირდეს მოქალაქეს რუსეთში, სჭირთ და ხალხი ამას არ აპროტესტებს.
ორი პარალელური პროცესი, შეგუება და პროტესტი ერთდროულად რომ არის საქართველოში, ეს კარგი მგონია. უფრო ამაზე ვფოკუსირდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა მოცემულობად აღვიქვამთ, რომ რეჟიმი ისეთი ბრუტალურია როგორიც არის, მის წინააღმდეგ მაინც ძალიან ბევრი მოქალაქე გამოხატავს თავის უკმაყოფილებას და ეს კარგია.

ლევან ღამბაშიძე
- როგორ ფიქრობთ, ეს შეგუება გადარჩენის სტრატეგიაა, თავისუფლების ნელ-ნელა დათმობა თუ შეგუება და თან არდანებება?
თითოეულმა ადამიანმა, ვინც რუსთაველზე დგას, იცის, რომ ეს შედეგი შეიძლება დადგეს, შეიძლება დაგაკავონ. ანუ ეს არ არის, რომ ვიღაცას რაღაც დაემართა და მე არ დამემართება.
ამ შეგუებაში მე უფრო ვხედავ იმას, რომ ჩვენ ვაღიარებთ ერთმანეთის უფლებას, ავირჩიოთ ბრძოლის მეთოდები.
მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ციხეში არიან ქუჩაში დგომის გამო, ჩემთვის არიან მისაბაძი ადამიანები. მე გულგრილი კი არ ვარ მათი დაკავების მიმართ, უბრალოდ ვაღიარებ მათ უფლებას, რომ ის გზა აირჩიეს, რომელიც აირჩიეს და რომელიც მეც არჩეული მაქვს.
აქციის მონაწილეები ერთმანეთის ავტონომიურობას ვაღიარებთ და ეს „არ შეცოდება“ ან „არ გაბრაზება“ იმას არ ნიშნავს, რომ ისე არ განვიცდით ერთმანეთის ამბავს, როგორც ადრე განვიცდიდით.
ამიტომ მე ამ შეგუებას ნეგატიურად არ აღვიქვამ, უფრო პირიქით. ეს ემოციური გაციება ერთის მხრივ ახასიათებს იმას, რომ როცა ძალიან ბევრი ცუდი რაღაც ხდება, ფიზიკურად აღარ შეგიძლია ყველაფერზე თანაბრად ემოციური რეაქცია გქონდეს.
მეორეს მხრივ, მე ამ ბრძოლაში მყოფი ადამიანები აღმაფრთოვანებენ. შემიძლია მხარდაჭერა გამოვუცხადო მათ იმის ნაცვლად, რომ თავზე ნაცარი დავიყარო და ვთქვა – „ეს რეჟიმი რას გვიშვრება“.
კი, რეჟიმი გვთრგუნავს, ცდილობს დაგვაშინოს, იძალადოს ჩვენზე, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი ადამიანი ციხეში ხვდება, ჩემთვის ეს არის ჩვენი სიმტკიცის, ერთიანობის სიმტკიცის გამარჯვება რეჟიმზე სინამდვილეში. როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ რაღაცნაირად ამაყი ვარ ერთის მხრივ, რომ ამ საზოგადოების წევრი ვარ და მეორეს მხრივ ვგრძნობ, რომ სანამ ასეთი ხალხი არსებობს, არც შეგუება მოხდება და რეჟიმის გამარჯვებაც ძალიან შორს არის.
- და ამ დროს რა ემართება საჯარო სივრცეს, როცა იქ ყოფნა, დგომა დაკავების პოტენციურ რისკად იქცევა? სწორედ საჯარო სივრცეში დგომის გამო არიან დაკავებული ეს ადამიანები.
ნებისმიერ რეჟიმს, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, უნდა რომ მიიტაცოს მთელი საჯარო სივრცე, იმიტომ რომ მარტივი ლოგიკაა – არსებობს ის, რაც ჩანს და რაც არ ჩანს – ის არ არსებობს.
შესაბამისად, რეჟიმი ცდილობს, ადამიანები უბრალოდ გააქროს და ამით შექმნას ილუზია, რომ უკმაყოფილება ქვეყანაში არ არსებობს.
ხელოვნური პროცესია, უკმაყოფილება სინამდვილეში აკუმულირდება და რეჟიმები ამას ვერ ხვდებიან ხოლმე. ჰგონიათ, რომ როცა ხალხი ქუჩაში არ დგას და არ აპროტესტებს, ყველაფერი კარგად არის და მათ ძალაუფლებას საფრთხე არ ემუქრება.
სინამდვილეში ბევრად უფრო საშიშია საზოგადოება, რომელიც წინააღმდეგობის იმპულსს თავის თავში ჩუმად ინახავს, იმიტომ, რომ როდის აფეთქდება და რა ფორმით აფეთქდება, არავინ იცის.
დემოკრატიული საზოგადოების მთელი არსი არის ის, რომ მოქალაქე არსებობს იმდენად, რამდენადაც ის არსებობს საჯაროდ, ანუ საჯაროდ შეუძლია საკუთარი თავის გამოხატვა, საკუთარი არსებობის დაფიქსირება, საკუთარი აზრის გამოხატვა.
მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, ხალხი მაინც ქუჩაშია, ხალხი მაინც საკუთარ აზრს გამოხატავს. რაღაც სივრცეებში მიაღწიეს თითქოს მორჩილებას, ვთქვათ, საჯარო სექტორში ხალხი ისე აღარ აქტიურობს, ვიღაცები, ვინც, ვთქვათ, პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ადრე აზრს გამოხატავდნენ, მოსამართლეები – დღეს შემცირებულია მსგავსი გამოხატვის შემთხვევები, მაგრამ რუსთაველის ბირთვი, ჯერჯერობით მაინც, ცოცხალია.
ზოგადად, ადამიანს არ აქვს დიდი იმპულსი იმისა, რომ პოლიტიკურად აქტიური იყოს ან რამე შეცვალოს სამყაროში. ერთეულებს უფრო აქვთ, ვიდრე მთელ საზოგადოებას ერთად, სანამ ისეთი რამე არ მოხდება, რაც ყველას დისკომფორტს შეუქმნის, მაგალითად – ეკონომიკური პრობლემები.
სამწუხაროდ, ჩვენმა საზოგადოებამ ასე გადაინაწილა როლები, რომ ერთი ნაწილი ყოველთვის გამოხატავს უკმაყოფილებას და მეორე ნაწილი, რომელიც ასევე უკმაყოფილოა, ფიქრობს, რომ სანამ რუსთაველი არის, თვითონ არ უნდა გავიდეს იქ, იმიტომ, რომ სხვა აკეთებს იმას, რასაც თვითონაც უნდა აკეთებდეს.
პრინციპში ესეც ნორმალური პროცესია, იმიტომ, რომ მოსთხოვო ადამიანს 500-ზე მეტი დღის განმავლობაში ერთი და იგივე რაღაც აკეთოს, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ასე სწრაფად არ დგება, არარაციონალურია. დადგება ეს მომენტი, როდესაც ყველანი ქუჩაში გამოვლენ, მაგრამ ამისთვის, ყოველდღიურად საქმე, სამწუხაროდ, ცოტა ხალხმა უნდა აკეთოს.
კაცობრიობის ისტორიასაც რომ გადახედოთ, ერთეულებს აქვთ ქვეყნისთვის ბევრი რამ გაკეთებული და დიდ ნაწილს ისე აქვს ცხოვრება გალეული, რომ არაფერი გაუკეთებიათ არა მარტო ქვეყნისთვის, მეზობლისთვისაც კი.
ამიტომ ეს გაბრაზება ან საყვედური -„რატომ არ აკეთებთ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“ – არ მგონია სწორი.
ყველა ადამიანის კონტექსტი სხვადასხვაა და ყველას სხვადასხვა მიზეზი აქვს, რატომ არ აკეთებს იმას, რასაც არ აკეთებს.
მე პირადად მირჩევნია ვუყურო იმ ხალხს, ვინც პროცესშია, პროტესტშია და იმ ხალხს, ვინც რაღაცას აკეთებს და ამით აღვფრთოვანდე, ვიდრე იმ დანარჩენი ხალხით, რომელიც ამაში არ არის ჩართული.
ანალოგია რომ მოვიყვანოთ, თერგდალეულები უფრო ლამაზი საყურებელია მე-19 საუკუნეში, ვიდრე ის პასიური ხალხი, რომლის შესახებაც არც ვიცით საერთოდ, რომელიც არაფერს არ აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესი გამხდარიყო.
რამდენი იქნებოდნენ თერგდალეულები? და მათშიც კი, ილია ჭავჭავაძე ვიცით და კიდევ რამდენიმე.
ჩვენ ახლა ისტორიულ პროცესს გავდივართ და ეს პროცესი მიმდინარეობს ზუსტად ისე, როგორც მიმდინარეობდა ყველა დანარჩენი ისტორიული პროცესი.
განსხვავებით სხვა დიქტატორული რეჟიმებისა, საქართველოში ჯერჯერობით საზოგადოება ბოლომდე გადატეხილი არ არის. ეს კარგია.
ასე დანახული სიტუაცია მე თავად მეხმარება იმაში, რომ იმედი არ დავკარგო.
ზოგადად, იმედის საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი. იმაზე არ არის საუბარი, მე მაქვს იმედი, რომ ხვალ გავიღვიძებ და რეჟიმი დასრულდება ან უკან დაიხევს. აქ საუბარი იმაზეა, რომ უბრალოდ სხვანაირად აღარ წარმომიდგენია ცხოვრება, თუ ეს არ გავაკეთე. შეიძლება შედეგს ხვალ ვერ მივაღწიო, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის სწორი, ასე უნდა მოვიქცეთ და ეს მნიშვნელოვანი მიგნება მგონია ნებისმიერი მოქალაქისთვის.
ისევ თერგდალეულები რომ გავიხსენოთ, ილია ჭავჭავაძე რომ იწყებდა საქმიანობას, საერთოდ არ ეგონა, რომ ხვალ შეიცვლებოდა საქართველო და ზეგ ყველა ადამიანს წერა-კითხვა ეცოდინებოდა საქართველოში, მაგრამ შედეგს მიაღწია 40 თუ 50 წლის მერე. რაღაცნაირად, ამ პროცესში ჩვენი თავი ისე უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის, რაც სწორია, რასაც სინდისი გვკარნახობს და შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ სწორი ქმედება თავად არის უკვე ღირებული.
- როგორ ხედავთ იმ ქვეყნის მომავალს, სადაც უკანონობა სამართლად დააკანონეს? და როდესაც პროტესტში ჩართული ადამიანები ამბობენ – „ბრძოლა ბოლომდე“, სანამდე შეიძლება იყოს ეს „ბოლომდე“?
ბოლოს გავიგებთ როცა დადგება, მაგას მივხვდებით. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანისთვის ბოლო აღარ არსებობს, იმიტომ, რომ როგორც კი რაღაც ცვლილება მოხდება, მოქალაქეები ისეთი გააქტიურებულები არიან, აღარ მგონია, სახლში შევიდნენ.
ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი ასეა. იმედი მაქვს, უკვე ვიცით, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ.
რაც შეეხება რეჟიმს, რამდენ ხანს შეუძლია მართოს, სამწუხაროდ, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.
თუ კარგად დააკვირდებით, ცდილობენ გაათამაშონ კარტი, რომ ევროპულები არიან. თან ევროპაში მიდიან და თან ევროპას აგინებენ. ეს პროცესი ვერ დაალაგეს ჯერჯერობით წესიერად, პირდაპირ თქვან, რომ არიან პრორუსები.
სანამ ეს მათი შირმული პროევროპულობა კიდევ პრობლემაა მათთვის, ანუ სანამ ჯერ კიდევ იძულებულები არიან საზოგადოებას მოატყუონ – „აი, ჩვენ მაინც ევროპელები ვართ“, ეს ნიშნავს, რომ ჩვენია ეს კარტი სინამდვილეში. ჩვენ გვყავს ჩაყენებული ისეთ სიტუაციაში, სადაც მათ თავის მართლება და საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება უწევთ, რომ პროევროპულები არიან.
ვფიქრობ, თვითონაც იციან, რომ თუ ამ ზღვარს გადალახავენ და გადალახავენ ღიად და ალბათ უკვე მალე, შემდეგ უკვე ბევრად უფრო მეტი ადამიანი აღშფოთდება.
მეორე არის ეკონომიკური ფაქტორი. ისევ და ისევ, თუ მსოფლიო ისტორიაში მომხდარ დიდ ცვლილებებს შეხედავთ, ვთქვათ საფრანგეთის ან რუსეთის რევოლუციას, ყოველთვის ეკონომიკური ფაქტორი იყო განმსაზღვრელი.
ადამიანებს პოლიტიკის შესახებ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, ვერ ხვდებიან, რომ რეალურად მათი თავისუფლებაა შეზღუდული, როდესაც მათი თანამოქალაქის თავისუფლება იზღუდება. ვერ ხვდებიან, რომ მაგალითად, თუ ტროტუარზე დადგომა აკრძალულია ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, თვითონ დგას თუ არა, მისთვისაც აკრძალულია, ანუ უნდა თუ არ უნდა, მისი თავისუფლებაც შეზღუდულია.
ყველაზე მარტივად პოლიტიკას გრძნობენ ხოლმე ეკონომიკური პოლიტიკის შემდეგ და ამიტომ იყო, რომ შიმშილმა აიძულა გამოსულიყო ხალხი საფრანგეთში, რუსეთში.
ამიტომ შექმნეს ფასების კომისია და ამხელა რესურსს ხარჯავს პროპაგანდა. ამტკიცებენ, რომ ყველაფერი რიგზეა, ფასები არ გაქცეულა… ადამიანები ღარიბდებიან, კორუფციაა, ოლიგარქი არ ზრუნავს მოქალაქეებზე, ყველაფერი დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ რეჟიმთან, მაგრამ ცდილობენ ეს კავშირი დამალონ.
არ გამოსდით, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ყველაზე წარუმატებელი რაც იყო, იყო სწორედ ფასების კომისია და კობახიძის ბოლო დროინდელი განცხადება ხორცის ფასებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ თუ პროპაგანდა კარგად იმუშავებს, შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს, რომ რუსთაველზე დგანან რადიკალები და ქვეყნის დაქცევა უნდათ, მაგრამ ის არასდროს დაიჯერებს პროპაგანდის ნათქვამ ტყუილს, რომ გერმანიაში თურმე ფასები ბევრად უფრო მაღალია ვიდრე საქართველოში შემოსავალთან მიმართებაში ან ხორცი ღირს 10 ლარი.
ვფიქრობ, ცვლილებებისთვის ბევრი ფაქტორი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, მათ შორის – საგარეო ფაქტორი. ყოველთვის ასე იყო საქართველოს შემთხვევაში – როგორც კი მოღალატე რეჟიმის ცენტრი სახელმწიფო სუსტდებოდა ხოლმე, უმალ ქვეყნის შიგნით სიტუაცია იცვლებოდა. რუსეთი როგორც კი დასუსტდება, ავტომატურად ქართული რეჟიმიც ბევრ რამეს შეცვლის ჩვენთან, ქვეყნის შიგნით. საგარეო ფაქტორები, პლუს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, პლუს უკმაყოფილების ზრდა, ყველაფერი ერთად რაღაც წერტილში უნდა გაერთიანდეს და დაემთხვეს და მერე უკვე ცვლილებაზე შეგვიძლია რეალურად ვისაუბროთ.
აი, ეს იქნება ბოლო.
______________
მთავარ ფოტოზე: პროტესტი თბილისში, 2026 წლის თებერვალი. ფოტო: ნეტგაზეთი






