მითების დეტექტორი აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც, სოციალურ ქსელში, დიუშენის სამკურნალო მედიკამენტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიღმა AI გენერირებული ტროლები დგანან.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით (DMD) დაავადებული ბავშვების მშობლები რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ თბილისში და სახელმწიფოს სთხოვენ დააფინანსოს დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა.
ბოლო 10 დღეა სახელმწიფო კანცელარიის წინ მშობლები ღამეს ათევენ და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
პროცესის პარალელურად, სოციალურ ქსელში გამოიკვეთა დიუშენის სინდრომის სამკურნალო პრეპარატების წინააღმდეგ მიმართული კამპანია.
მითების დეტექტორის კვლევით, ამ კამპანიაში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიების და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა, ყალბი ანგარიშებიც აქტიურად არიან ჩართულნი.
„სოციალურ ქსელში საეჭვო, კოორდინირებული აქტივობა უკავშირდება რუსთავი 2-ის მიერ 2026 წლის 20 და 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტებს დიუშენის სინდრომის თემაზე. აღნიშნული პოსტები მოიცავს როგორც სამეცნიერო კვლევის აღწერას (ვირთაგვაზე შექმნილი მოდელი და ექსპერიმენტული მედიკამენტის ტესტირება), ისე კახა კალაძის განცხადებას, სადაც ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონკრეტული პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას.
ამ პოსტების ანალიზი მიუთითებს, რომ არაავთენტური ანგარიშები კონკრეტული სახელისუფლებო გზავნილების მიმართ მხარდაჭერის გაზრდას პოსტის მოწონებების (ლაიქების) და კოორდინირებული არაავთენტური ქმედების (CIB) გზით ცდილობენ.
კვლევის ფარგლებში, გამოვლინდა 75 ყალბი ანგარიში, რომლებიც მათი ქცევის მიხედვით, 2 კატეგორიად შეგვიძლია დავაჯგუფოთ:
1.არაავთენტური ანგარიშები, რომლებიც ფეისბუკ-გვერდებთან „აი, პოლიტიკა“ და „არ აგარევინებთ“ არიან დაკავშირებული და მეტწილად პოსტებზე რეაქციების გამოხატვით შემოიფარგლებიან. აღნიშნული გვერდები, თავის მხრივ, ხელისუფლების მხარდამჭერ, „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერს ვატო შაქარაშვილს და გია გაჩეჩილაძის მოძრაობას „არ აგარევინებთ“ უკავშირდება.
ეს ანგარიშები წარსულში ასევე გამოიყენებოდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ BBC-ის კრიტიკული გამოძიების წინააღმდეგ სამთავრობო მედიების (რუსთავი 2-ის და ტვ იმედის) ზოგიერთ პოსტზე მოწონებების გზით ჩართულობის გასაზრდელად,“ – ნათქვამია მითების დეტექტორის კვლევაში.
2.„მითების დეტექტორის” მიერ ადრე გამოვლენილი ანგარიშები, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩართული იყვნენ პროევროპული პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიებში,“ – წერს მითების დეტექტორი.
„მითების დეტექტორის“ განმარტებით, მათ მიერ გამოვლენილი ყალბი ანგარიშები შემდეგი ნიშნებით ხასიათდებიან:
„75 ყალბი ანგარიშიდან 47 ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ იდენტურ ფოტოს მცირედი მოდიფიცირებით იყენებს, 28 ანგარიში კი სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული მომხმარებლების ფოტოებს იყენებს;
ამ 28 ანგარიშიდან 17 „მითების დეტექტორის“ მიერ წარსულში გამოვლენილ დისკრედიტაციის კამპანიებშიც იყო ჩართული;
75 ანგარიშიდან 47-ს პროფილის ფოტო 2026 წლის აპრილში აქვს ატვირთული, 26-ს კი 2025 წელს, რაც ანგარიშის შექმნის თარიღთან უნდა იყოს დაკავშირებული;
75 ანგარიშიდან 70-ს სამუშაო ადგილად საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანია აქვს მითითებული.
რაც შეეხება ფეისბუქზე ამ ანგარიშების ქცევას: ყალბი ანგარიშები აქტიურად იწონებენ რუსთავი 2-ის მიერ 20 და 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტებს დიუშენის სინდრომის შესახებ. პოსტები ეხება როგორც მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს, ისე კახა კალაძის განცხადებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონკრეტული მედიკამენტის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას“.
„მითების დეტექტორი“ ცალკე გამოჰყოფს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ანგარიშებს და წერს, რომ რუსთავი 2-ის პოსტებზე ხელოვნურად შექმნილი ჩართულობა აჩენს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევასთან, რომლის ძირითადი მიზანი ონლაინ აქტივობის ხელოვნურად გაზრდაა.
„იმ ანგარიშების პროფილების ფოტოები, რომლებიც ამ პოსტებს „იწონებენ“, არა რეალური ადამიანები, არამედ, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროფილებია.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სურათები რეალისტურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მათში შეინიშნება განმეორებადი ვიზუალური ნიშნები.
სავარაუდოდ, თავდაპირველად შერჩეულია რამდენიმე ძირითადი ფოტო და შემდეგ ამ ფოტოების სხვადასხვა ვარიაციით მიღებულია მრავალი განსხვავებული გამოსახულება. ცვლილებები მოიცავს სახის გამომეტყველების მინიმალურად კორექტირებას (მაგალითად, ღიმილის დამატებას), აქსესუარების (საყურე, სათვალე) დამატება/მოშორებას, თმის ვარცხნილობისა და განათების ცვლილებას. შედეგად ვიზუალურად განსხვავებული, თუმცა ერთმანეთთან აშკარად დაკავშირებული სურათების სერია არის შექმნილი. აღნიშნული ფოტოები ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს – HIVE-ის გამოყენებითაც გადამოწმდა, რომელმაც დაადასტურა, რომ გამოსახულებები ხელოვნური ინტელექტით იყო გენერირებული,“- ნათქვამია კვლევაში.






