რა თქვა კობახიძემ?

მზია ამაღლობელი მოითხოვს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული სამი სხვადასხვა განცხადების უარყოფას:

  1. 2025 წლის 29 იანვარს “იმედი LIVE”-ის ეთერში კობახიძი მიერ გაკეთებული  ცილისმწამებლური განცხადება:

„ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი.. ..მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი. აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია.. ..აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან”, – განაცხადა კობახიძემ.

ეს განცხადება ფაქტობრივად არასწორ ინფორმაციებს შეიცავს: პირველ რიგში, ტყუილია, რომ მზია ამაღლობელმა სტიკერი პოლიციელს მიაკრა. ამას ადასტურებს ის ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც მზია ამაღლობელის დაკავების დღესაა გადაღებული და საჯაროდ ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, “პოლიციელისთვის სტიკერის მიკვრაზე” არანაირი ოქმი არ არის შედგენილი.

გარდა ამისა, ფაქტობრივად არასწორია კობახიძის ნათქვამი, თითქოს ამაღლობელი “მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი”, ან თითქოს “შედის კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიაში”.

ამაღლობელის ინტერესების დამცველების შესახებით, კობახიძის ამ განცხადების მიზანი ჟურნალისტის სახელის გატეხვა, მისი პიროვნული დაკნინება და რეპუტაციის შელახვა იყო.

2. 2025 წლის 30 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება:

“როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

„იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადებების მსგავსად, ტყუილია კობახიძის ეს განცხადებაც. კერძოდ, სიცრუეა, რომ მზია ამაღლობელმა “ძალადობა ჩაიდინა”, უფრო მეტიც, თითქოს მან ჩაიდინა “პარტიულ-პოლიტიკური ძალადობა”. ეს არათუ მაშინ არ იყო დადასტურებული, როცა კობახიძე ამას ამბობდა, არამედ ვერ დაადასტურა ვერც ბათუმის საქალაქო სასამართლომ.

ადვოკატების შეფასებით, კობახიძე მიზანმიმართულად ცდილობდა მზია ამაღლობელის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შექმნას.

3.  2025 წლის 16 აპრილს “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “ღამის კურიერში” გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება:

“უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა”, – განაცხადა კობახიძემ.

ამ შემთხვევაში ტყუილია, რომ მზია ამაღლობელი “კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა”, ტყუილია, რომ “მისი დავალება იყო პოლიციელის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა”.

“ეს განცხადება ემსახურება მისთვის [მზია ამაღლობელისთვის], როგორც 24 წლის მანძილზე საქართველოში მოღვაწე კეთილსინდისიერი, მიუკერძოებელი ჟურნალისტისთვის პატივის შელახვასა და რეპუტაციული ზიანის მიყენებას”, – წერია სარჩელში.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი მზია ამაღლობელის სარჩელს დააკმაყოფილებს, კობახიძეს გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფის ვალდებულება ექნება მოსამართლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში.

ეს არ არის პირველი სარჩელი, რომელიც მზია ამაღლობელმა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მოამზადა. იმავე საფუძვლით ამაღლობელმა აქამდეც მოითხოვა კობახიძისგან ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა. წინა სარჩელი ეხებოდა 2025 წლის 10 ივლისს “იმედის” ეთერში და 2025 წლის 23 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.

ორივე შემთხვევაში კობახიძე ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელის ქმედება – შეურაცხყოფის საპასუხოდ ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გარტყმა – იყო დაკვეთილი “უცხო ძალებისგან” და მისი მიზანი იყო პოლიციის იმიჯის დაკნინება. ამ საქმეზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 24 ნოემბერს გაიმართა. სხდომას არ ესწრებოდა მოპასუხე მხარე – სასამართლოში არ მისულა არც ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი. მოსამართლე დავით აკობიძემ შეწყვიტა ამ საქმის წარმოება.