მთავარი,სიახლეები

„დაენარცხება, ვინც გაბედავს გლოვის სათავისოდ გამოყენებას“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

23.03.2026
„დაენარცხება, ვინც გაბედავს გლოვის სათავისოდ გამოყენებას“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

„ვინც კი გაბედავს პატრიარქისადმი სიყვარულის და გლოვის სათავისოდ გამოყენებას, პირდაპირ კი არა, ირიბად მაინც, ზნეობრივად ხომ დაენარცხება, მაგრამ წააგებს პოლიტიკურადაც“, – ამბობს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი „ბათუმელებთან“.

ამ დღეებში აშკარა იყო, პროპაგანდა პატრიარქის დაკრძალვაზე მისულ ხალხს   ივანიშვილის ელექტორატად წარმოაჩენდა.

ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ არმაზ ახვლედიანს – თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელს.

  • ბატონო არმაზ, პროპაგანდა ამ დღეებში ისე წარმოაჩენს პატრიარქის დაკრძალვაზე მისულ ხალხს, თითქოს ეს ადამიანები მმართველი ძალის მხარდამჭერები არიან და არაფერი აქვთ საერთო მათთან, ვინც იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს. თქვენ თუ დაგრჩათ იგივე განცდა?

იმდენად დიდი, ისტორიული მნიშვნელობის ამბის მომსწრენი ვართ ახლა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომ ალბათ კიდევ ბევრი დრო დაგვჭირდება იმისთვის, სრულფასოვნად და სწორად გავიაზროთ რა მოხდა, რა ხდება და რა გველის.

პატრიარქის დაკრძალვა ნამდვილად გადაიქცა საერთო ეროვნულ გლოვად და არა მხოლოდ გლოვად, სხვათა შორის. მეჩვენება, რომ ხალხის ნაკადის ამ უწყვეტობაში არის საზოგადოების დაკვეთაც, რომ ადამიანი იყოს სამყაროს ცენტრში, რომ ადამიანისთვის იყოს ყველა სიკეთე და ეკლესიაც იყოს ადამიანის მსახური, მისი ღმერთთან მიმყვანი. ეს იყო პატრიარქის უწყვეტი ხაზიც, რომელიც  გადიოდა ამ მთავარ მიმართულებაზე ათწლეულების განმავლობაში, მიუხედავად ქარტეხილებისა თუ შეცდომებისა.

აი, ამ კონტექსტში თუ შევხედავთ გუშინდელ დღეს, თავისთავად ძალიან ამაღელვებელს, განსაკუთრებულს, სადაც მთელმა მსოფლიომ მიაგო პატივი საქართველოს უწმინდეს პატრიარქს და ქართველმა ხალხმა, რა თქმა უნდა, დიდი უხერხულობის განცდა გრჩება, როცა ხედავ ამ სათუთი სულიერი, საქვეყნო მნიშვნელობის საქმის ვიწრო პარტიულ-პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას.

ვფიქრობ, ყველამ შეამჩნია და ნებისმიერი, მათ შორის დღევანდელი მმართველი ძალის მხარდამჭერიც ამ უხერხულობას ნამდვილად იგრძნობდა.

ცხადია, ასეთი ცერემონიების დროს ნებისმიერი მმართველი მიდის და სიტყვასაც ამბობს, მაგრამ ასეთი გადაჭარბებული რამ ნამდვილად არ იყო საჭირო, რაც ჩვენ ვნახეთ.

გვიკვირს და გვაოცებს ის, რომ იმ პატრიარქთან დამშვიდობების მომენტში, რომელსაც ყოველთვის – ამას მე გეუბნებით პირადი გამოცდილებით და მასთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობიდან გამომდინარე – ხაზგასმით ჰქონდა დამოკიდებულება, რომ არ არსებობენ ყოფილები და დღევანდელები. ის ყოველთვის ხაზგასმით პატივს სცემდა ყოფილ ხელმძღვანელებს, მიუხედავად იმისა, მათ რა დამსახურებები ან ნაკლი ჰქონდათ. ეს მაინც გაეთვალისწინებინათ, მაგრამ ვერაფერი ვერ გაითვალისწინეს.

  • გულისხმობთ იმას, რომ არ გასცეს საშვი ყოფილ პრეზიდენტებზე – სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი მარგველაშვილზე, მაშინ, როცა საშვით იმყოფებოდნენ დაკრძალვაზე, მაგალითად, ღარიბაშვილის ოჯახის წევრები?

სააკაშვილი ციხეშია… ორი ყოფილი პრეზიდენტი გვყავს – მარგველაშვილი და ზურაბიშვილი, რომლებიც იქ უნდა მდგარიყვნენ პროტოკოლის მიხედვით. ასე ხდება ხოლმე, არსებობს ამის პროტოკოლი და ახალს არაფერს ვიგონებ. ამ საყოველთაო გლოვის ჟამს მაინც უნდა ეჩვენებინათ მინიმალური კეთილგონიერება.

  • ამ გლოვის დღეებში, მაგალითად, ყაველაშვილმა ეს თქვა – „როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება“. რაზე მეტყველებს ეს და რა ტიპის საფრთხეებს ხედავთ იმაში, რაც ივანიშვილის პარტიამ გვაჩვენა ამ დღეებში?

ეს დამოკიდებულება მეტყველებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, ჭეშმარიტებაა ქართული ბრძნული ნათქვამი – „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“.

მეორე – ვინც ამას ამბობს, ყაველაშვილი იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა, აშკარაა, რომ გამოკვეთილად აქვს განათლების დეფიციტი. ოდნავ განათლებული და ოდნავ კულტურული ადამიანი, ცხადია, ამას არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა.

ამ ადამიანებმა არ მოუსმინეს პატრიარქს არც ერთ დროს – როცა ის მოგვიწოდებდა ბოლო მომენტამდე თანხმობისკენ, ერთობისკენ და იმასაც ამბობდა, სხვათა შორის, რომ თანხმობისკენ ასეთ ვითარებაში ნაბიჯს დგამს ის, ვის ხელშიც არის ძალა.

გასაგებად ამბობდა პატრიარქი, მაგრამ არავინ მოუსმინა. აი, ამ მომენტში, გარდაცვლილი პატრიარქის ხსოვნის ამ კულმინაციურ მომენტშიც კი, რაიმე მკრთალი ნიშნები რომ გამოეხატათ ან ერთობის, ან ურთიერთპატივისცემის, ესეც ვერ მოახერხეს. ცხადია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ესენი სასიკეთოდ აზრს არ შეიცვლიან.

  • აღმოჩნდა, რომ საპატრიარქომ მიმართა „ოცნების“ ხელისუფლებას სინდისის პატიმრების გათავისუფლების თხოვნით. ამ დღეებშიც არაერთხელ გაჟღერდა საზოგადოების მხრიდან, რომ თუ მათი გლოვა გულწრფელია და არა თვალთმაქცობა, ახლა მაინც შეეძლოთ შეესრულებინათ პატრიარქის ეს სურვილი, მაგრამ ასე არ მოიქცნენ. „ოცნების“ როგორ სახეს აჩვენებს ეს?

საბჭოთა და მომდევნო პერიოდშიც, ბოლო წუთამდე პატრიარქი ცდილობდა ხელისუფალთათვის აეხსნა, განემარტა, რატომ უნდა გაეთავისუფლებინათ მათ უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები. დატყვევებულების მიმართ მისი სოლიდარობის ცოცხალი მოწმე ვარ მეც. ახლაც კი, აი ამ მართლა უკიდურესი დაუძლურების პირობებშიც, ის მკაფიო სიგნალებს უგზავნიდა მმართველ ძალას, მაგრამ მისი არ შეისმინეს.

იქნებ ახლა მაინც შეისმინოს ვინმემ და თუნდაც ჩაიწერონ პოლიტიკური ქულები ამით – მაგრამ ამ მმართველ ძალას, პოლიტიკური რეჟიმის მესვეურთ, დაბინდული აქვთ გონება და მხოლოდ ერთი დღის წესრიგი აქვთ, როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება და ასე განაგრძონ მომავალში. პატრიარქი არსებითად, აზრობრივად, ერთი დიდი წინააღმდეგობა იყო მათთვის ამ გზაზე.

  • ფიქრობთ, რომ ახალ რეპრესიების წამოიწყებენ. თუ იკვეთება მათი ქმედებებიდან ეს?

საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა, უდიდესი ნაწილი უკვე არის უწყვეტი პოლიტიკური წნეხისა და რეპრესიების ქვეშ. ეს რეპრესიები არც ერთ წუთს არ წყდება ამათი მხრიდან. ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობის რეპრესიული მანქანა – ჯარიმები, უკანონო დაკავებები, არ შეწყვეტილა. ეს მზარდი, უწყვეტი რეპრესიული პროცესია.

მეორე – არის თუ არა იმის შანსი, რომ ეს გააძლიერონ? – ამას ჩვენ დავინახავთ უახლოეს დღეებში, რადგან როგორც ყორანი არ გათეთრდება, ისე არ მოიშლის თავის ცუდ ქცევებს „ოცნება“. ის ამ ცუდ ქცევებზეა მიჯაჭვული.

ეჭვი მეპარება, რომ პრაგმატიზმის ან ადამიანურობის თუნდაც ერთმა პროცენტმა გაიღვიძოს მათში, ამიტომ რეპრესიების ტალღა გაგრძელდება და შეიძლება უარესადაც. ამის მოლოდინი ნამდვილად მაქვს.

  • თქვენ თქვით, რომ პატრიარქი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ბოლო დაბრკოლება იყო. ეს აისახება ეკლესიის დამოუკიდებლობაზეც, როგორ ფიქრობთ?

ეს ჩემი დაკვირვებაა და ამას პირველად არ ვამბობ, მაგრამ ახლა, აი ამ დიდი გლოვის ჟამს ვამბობ პირველად, რომ საქართველოში პრაქტიკულად, საბჭოთა ხელისუფლების ჩათვლით, ყველა ხელისუფლებას სხვადასხვა დოზით, მაგრამ ჰქონდა წინააღმდეგობა პატრიარქთან. თუმცა, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ივანიშვილის და ახლა, ივანიშვილ-კობახიძის ტანდემში არსებული „ოცნების“ რეჟიმის სახით, ვფიქრობ გაუგონარია, რადგან არავის ასეთი ზიანი არ მიუყენებია საქართველოს ეკლესიისთვის, რაც მათ მიაყენეს.

არავის ასე გული არ უტკენია და ასე არ დაუზიანებია კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტი ბოლო 12-13 წლის განმავლობაში, როგორც ამ რეჟიმის პირობებში.

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, დღეს რეჟიმს სჭირდება საპატრიარქო სრულად გახდეს მისი იდეოლოგიური მხარდამჭერი, რასაც ვერ ახერხებდნენ პატრიარქის სიცოცხლეში. ამ გზაზე პატრიარქი აღარ არის წინააღმდეგობა ამ რეჟიმისთვის.

მათი ამოცანაა წინააღმდეგობის თუნდაც უმნიშვნელო კერა განეიტრალდეს და მომდევნო პატრიარქი იყოს ისეთი, მათ რომ სჭირდებათ: საერთოდაც, პროცესი მათთვის კომფორტულად წარიმართოს – როცა აღარ იარსებებს ერთი დიდი განუზომელი ავტორიტეტი, რომელიც კაცმა არ იცოდა რა მომენტში იტყოდა თავის გადამწყვეტ სიტყვას.

მაგრამ ვფიქრობ, ასე მარტივად ამათ ეს არ გაუვათ და უპირველესად ამის გარანტიას მაძლევს საზოგადოების ის უდიდესი ნაწილი, რომელიც პატრიარქის გამოსამშვიდობებლად მივიდა. ვფიქრობ, ორჯერ უნდა დაფიქრდეს დღევანდელი მმართველი რეჟიმი, ვიდრე ახლა რამე მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით.

  • როგორ შეიძლება უპასუხოთ „ოცნების“ პროპაგანდას – ვინ არის ის ხალხი, ვინც ამ დღეებში ვნახეთ სამებაში? 

პატრიარქს დაემშვიდობა ასიათასობით საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად პარტიული თუ სხვა ნებისმიერი კუთვნილებისა.

დარწმუნებული ვარ, დამშვიდობებისას არც ერთი ადამიანი არ ვფიქრობდით იმაზე, ვინ იდგა ჩვენ გვერდით რამდენიმესაათიან რიგში და ვისი მომხრე იყო ის, რადგან ყველას გვქონდა დიდი სევდა, წუხილი და დიდი სოლიდარობა.

ვინც გაბედავს პატრიარქისადმი სიყვარულის და გლოვის თუნდაც ირიბად სათავისოდ, უკეთურად გამოყენებას – ზნეობრივად ხომ დაენარცხება, მაგრამ დამარცხდება პოლიტიკურადაც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: