სიახლეები

გიორგი ჩიქოვანი ბრიტანეთში თავშესაფარს ითხოვს?

30.05.2012 • 2287
გიორგი ჩიქოვანი ბრიტანეთში თავშესაფარს ითხოვს?

გიორგი ჩიქოვანმა (მეტსახელად მაიმუნა“) საქართველო-თურქეთის საზღვარი 2011 წლის პირველ ივნისს გადაკვეთა. საქართველოს საბაჟოზე ჩიქოვანის შემოსვლა აღარ დაფიქსირებულა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გიორგი ჩიქოვანმა, პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით, ბრიტანეთს მიმართა. ჩიქოვანი შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცერია.

გიორგი ჩიქოვანის საქართველოდან გასვლა „ბათუმელებს“ დოკუმენტურად ახლახან პოლიციაში დაუდასტურეს. დაახლოებით ერთი თვის წინ კი, გიორგი ჩიქოვანის გაქცევის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მისმა გარემოცვამ დაიწყო. ისინი კერძო საუბარში ჩიქოვანს ამის გამო თითქოს აკრიტიკებდნენ კიდეც.

„გაქცევის ამბავი მეც გავიგე, მაგრამ ზუსტად ვერაფერს გეტყვით, ერთ თვეზე მეტია არ ჩანს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ჩიქოვანის ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელიც ინფორმაციის გადამოწმებას მხოლოდ კონფიდენციალობის დაცვის შემთხვევაში დათანხმდა.

„ბათუმელებმა“ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ჩიქოვანის ოჯახში დარეკა. ციალა ბარამიძემ, გიორგი ჩიქოვანის დედამ თქვა, რომ არაფერსაც არ გვეტყვის.

ვანო მერაბიშვილის განკარგულებით, საქართველოს საზღვრის გადაკვეთა, ოფიციალური ნებართვის გარეშე, არც ერთ პოლიციელს არ შეუძლია. უცნობია, მიიღო თუ არა ვანო მერაბიშვილისგან თანხმობა გიორგი ჩიქოვანმა პირველ ივნისს, როცა საზღვარი გადაკვეთა.

მიმართა თუ არა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით გიორგი ჩიქოვანმა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს? – ამ შეკითხვით საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს მივმართეთ. საელჩოში გვითხრეს, რომ ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხებენ, რადგან ეს პირადი ინფორმაციაა.

„ბათუმელების“ კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით კი, რომელიც შს სამინისტროს თანამშრომელია, გიორგი ჩიქოვანი ქვეყნიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბათუმში მოკლული სერჟანტის როინ შავაძის საქმის გამო გაიქცა. „ამბობენ, რომ ევროპელების ზეწოლის გამო შავაძის საქმე უნდა გაიხსნას. შეიძლება ეგ ამხილონ. ჩვენ ასე გავიგეთ“, – ამბობს პოლიციელი.

შავაძის ქვრივის, ციცინო შავაძის ინფორმაციით, სერჟანტის საქმე ევროპარლამენტში მართლაც გააქვთ მოსმენაზე:

„ეს საქმე სექტემბერში ან ოქტომბრის ბოლოს აუცილებლად უნდა განიხილონ ევროპარლამენტში. მე თვითონ მივაწოდე მათ მასალები და ამ საქმეს ბოლომდე ჩასწვდნენ… ეჭვგარეშეა, ჩემი ქმრის მკვლელობაში ჩიქოვანის ხელი რომ ურევია. მან ხომ იცის, ვისი დაკვეთით მოკლეს რომა. იქნება იმისთვის გაუშვეს, რომ გამოძიება თუ დაიწყება, არ დაკითხონ. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის რაღაც დავალების შესასრულებლად გაუშვეს უცხოეთში – იმის გათვალისწინებით, რომ ქილერია… შეიძლება არც არსად წასულა და აქ ჰყავდეთ ჩუმად“.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლზე (გამოძიების გაჭიანურება) დაყრდნობით, ამ კვირაში ადვოკატ რამინ პაპიძეს შავაძის საქმეზე საჩივარი ევროპის სასამართლოში შეაქვს. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ შავაძის მიმართ დარღვეულია ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 მუხლები“, – ამბობს ადვოკატი პაპიძე.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) სწრაფი რეაგირების განყოფილების ოპერატიული თანამშრომლის, გამომძიებელ გიორგი ჩიქოვანის შესახებ სკანდალური ცნობა პირველად პრესაში 2007 წელს გავრცელდა. მაშინ მას სასამართლოში ქალმა უჩივლა. სასამართლო მასალებში წერია, რომ ჩიქოვანმა „2007 წლის 28 აგვისტოს განსაკუთრებული სისასტიკით გააუპატიურა“ ერთ-ერთი თავისი ნაცნობი გოგონა. მაშინ ჩიქოვანი მე-4 სართულზე კედლიდან აცოცდა.

მერე იყო შავაძის საქმე. ერაყში ნამყოფი და პენტაგონის მიერ სპეციალური მედლით დაჯილდოებული ჯარისკაცი, რომელიც ბათუმში, რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი დღის დაბრუნებული იყო, ტყვიებით დაცხრილული და სახსრებგადამტვრეული პროზექტურაში იპოვეს ოჯახის წევრებმა. ციცინო შავაძის ცნობით, მაშინ როინ შავაძეს გიორგი ჩიქოვანმა მიაკითხა და წაიყვანა.

გამოძიების ვერსიით, სერჟანტი შავაძე სამართალდამცავებმა ბათუმში დააკავეს ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებით და თბილისში ექსტრადირების დროს გზაში მოკლეს, როცა დაკავებულმა გაქცევა სცადა. თუმცა, ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, სხეულის დაზიანება (სხვადასხვა სახის მოტეხილობა) არის სიცოცხლისდროინდელი, შესაბამისად, ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვერ მოახერხებდა გაქცევას. გარდა ამისა, ცხედარს წინა მხრიდან გულმკერდის არეში 28 ტყვია აქვს მოხვედრილი.
მკვლელობიდან ცოტა ხანში საქართველოს პარლამენტში როინ შავაძის საქმის გამოძიება „ქრისტიანულ-დემოკრატიული“ მოძრაობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ მოითხოვა. მას უმრავლესობის სახელით უპასუხა გივი თარგამაძემ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელმაც შავაძეს უმძიმეს სახელმწიფო დანაშაულში – ღალატში დასდო ბრალი.

როინ შავაძის მკვლელობის სამი წლისთავზე ციცინო შავაძე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჯერ კიდევ არ უცნიათ. გამოძიების მასალებს არ აცნობენ ადვოკატს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ გამოძიება სერჟანტის სიკვდილის საქმეზე დასრულებული არ არის. ქართული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას როინ შავაძის სიკვდილის საქმის გამოძიებისკენ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმაც მოუწოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: