პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სადავო პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს. პარტიის წარმომადგენელმა შალვა კერესელიძემ ინიციატივა დღეს, 17 თებერვალს, პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა.
მისი თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე პერიოდში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებს შეეხებათ.
დღეს სადავო პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიხეილ ყაველაშვილი იყო მისული.
სწორედ მას მიმართა შალვა კერესელიძემ და თქვა, რომ თუ მართლა მშვიდობა და დეპოლარიზაცია სურს, „ქართულმა ოცნებამ“ ამ კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროს.
„თქვენ არ ხართ ქართველი ხალხის რჩეული პრეზიდენტი, მაგრამ თქვენ ივანიშვილის პირადი პრეზიდენტი ბრძანდებით, რაც თქვენ პირველივე გამოსვლაში დაადასტურეთ, როდესაც პირველივე სიტყვით მადლობა არა ქართველ ხალხს და საკუთარ სამშობლოს, არამედ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადეთ.
თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ საპროტესტო აქციებზე ქალების და ბავშვების დამსახიჩრებელი, წინა ხელისუფლების დროინდელი, სანქცირებული „ხარება“ და მისი რაზმი ღირსების ორდენით დააჯილდოვეთ,“ – მიმართა მან სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილს.
შალვა კერესელიძის თქმით, ყაველაშვილს ჰქონდა შანსი, უსამართლოდ დატყვევებული სტუდენტები სახლში გაეშვა, თუმცა შეწყალების „ჰუმანური აქტიც პოლიტიზებულ ინსტრუმენტად“ აქცია.
„გამკაცრებული კანონებით კი ნუ ცდილობთ აღიარება მოიპოვოთ, თუ ხელისუფალი გინდათ გერქვათ, გადადგით ჰუმანური ნაბიჯები.
დიახ, თუ თქვენ გსურთ პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა, თუ თქვენ გსურთ პოლიტიკური სტაბილურობა და გსურთ პრეზიდენტის სტატუსის მოპოვება, ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი საქართველოს პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომელიც შეეხება 2024 წლის ნოემბრის თვიდან დაწყებული 2025 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით დაზარალებულ ადამიანებს.
და აი აქ, დღეს, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ამ ინიციატივას და გაათავისუფლოთ ისედაც გაჭირვებაში მყოფი ადამიანები 5 და 10-ათასლარიანი ჯარიმისგან და გაათავისუფლოთ უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები.
დიახ, ის ადამიანები, რომელიც თქვენი ამომრჩევლების და თქვენი მხარდამჭერებსაც კი გულში ხინჯად აქვთ დარჩენილი. აი, ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გექნებათ თქვენ სრული უფლება, რომ საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე ისაუბროთ დეპოლარიზაციაზე და ისაუბროთ მშვიდობის დამყარებაზე, იმიტომ, რომ ეს იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, რომლის მიზანი იქნება საზოგადოების კონსენსუსის მიღწევა და დემოკრატიული სტაბილურობის აღდგენა.
ამიტომ თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შანსი, იფიქროთ სახელმწიფოებრივად და იმოქმედოთ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და თავად მიიღოთ გადაწყვეტილება, ვის პრეზიდენტად გნებავთ, რომ დარჩეთ,“ – მიმართა შალვა კერესელიძემ მიხეილ ყაველაშვილს.
დღეს, 17 თებერვალს, სადავო პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენდნენ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს.






