მთავარი,სიახლეები

რას სთავაზობს ბათუმში უკრაინული სახლი მოქალაქეებს – უფასო ლექციები, ქართული ენის კურსები და შეხვედრები

16.02.2026 •
რას სთავაზობს ბათუმში უკრაინული სახლი მოქალაქეებს – უფასო ლექციები, ქართული ენის კურსები და შეხვედრები

„ჩვენ ვიწვევთ პატარა ვარსკვლავებს, უფასო ცეკვის გაკვეთილებზე,“ – ეს ერთ-ერთი აქტივობაა იმ მრავალთაგან, რომელსაც ბათუმში ახალგახსნილი უკრაინული სახლი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, #31-ში მდებარე უკრაინულ სახლში მისულ ნებისმიერ სტუმარს მრავალფუნქციური სივრცე დახვდება – აქ შეგიძლიათ დალიოთ ყავა, ისარგებლოთ ბიბლიოთეკით, დაესწროთ საინტერესო ლექციას, ისარგებლოთ ფასიანი ან უფასო საგანმანათლებლო კურსებით.

უკრაინული სახლი ბათუმში გასული წლის ზაფხულში გაიხსნა და გახდა  სოლიდარობისა და დახმარების ადგილი უკრაინელი ლტოლვილებისათვის და არამარტო მათთვის.

უკრაინული სახლი  მასპინძლობს როგორც უკრაინელ, ისე ქართველ სტუმრებს.

უკრაინული სახლი აერთიანებს როგორც კომერციულ, ისე სრულიად უფასო სერვისებს. ძირითადი აქცენტი კეთდება უკრაინის მოქალაქეებზე, თუმცა პროგრამები ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

უფასო მიმართულებები მოიცავს:

  • კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც ემთხვევა უკრაინულ ეროვნულ დღესასწაულებს;
  • ისტორიულ-შემეცნებით ლექციებს (კვირაში მინიმუმ ორჯერ);
  • ქართული ენის უფასო კურსს უკრაინელებისთვის;
  • საინფორმაციო შეხვედრებს ლეგალურად ბინადრობის, სავალდებულო დაზღვევის და სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ.
  • სივრცე ღიაა მოხალისეებისთვისაც – ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უფასოდ ჩაატაროს კურსი ან შეხვედრა ბენეფიციარებისათვის, რისთვისაც დარბაზი უსასყიდლოდ ეთმობა.

უკრაინული სახლი თავის სივრცეს ასევე აქირავებს კომერციული მიზნებითაც, მათთვის ვისაც ტრენინგის ან რამე კომერციული ღონისძიების ჩატარება სურს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისი, რომელსაც უკრაინული სახლი უკრაინის მოქალაქეებს სთავაზობს, არის საკონსულო მომსახურება.

„აქ ხშირად ვმართავთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს უკრაინელი ლტოლვილებისათვის. იცით, რომ იცვლება საქართველოში ლეგალურად ყოფნის წესები, ასევე აქ მყოფ ლტოლვილებს აქვთ სხვადასხვა საჭიროებები დოკუმენტებთან მიმართებით.

საკონსულოს წარმომადგენელი ჩამოდის და აწვდის ყველა საჭირო სერვისს მათ, აღარ უწევთ თბილისში წასვლა,“ – ამბობს კატარინა დვუჰროშევა, უკრაინული სახლის კოორდინატორი.

მისი თქმით, საქართველოში უკრაინის საელჩოს მობილური საკონსულო ჯგუფი წინასწარ განსაზღვრულ დღეებში ჩამოდის ბათუმში და უწევს მომსახურებას აქ მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს.

საკონსულო ჯგუფის ვიზიტის დღეებში, უკრაინულ სახლში შესაძლებელია სხვადასხვა დოკუმენტის – პირადობის მოწმობის, დაბადების მოწმობის თუ პასპორტის მიღება და განახლება.

უკრაინული სახლში მდებარეობს კაფე სახელწოდებით – „ყავა ვარ“.  კაფესთან ერთად, ეს შეხვედრებისა და ინტეგრაციის ადგილიცაა.

კაფეში ტარდება როგორც უფასო სოციალური შეხვედრები, ისე სპეციალური ფასიანი პროგრამები – მაგალითად, ყავის გაცნობითი კურსი მათთვის, ვისაც ბარისტას ხელოვნების შესწავლა სურს.

„ეს კაფე გარდა კომერციული დატვირთვისა, უფასო შეხვედრებსაც მასპინძლობს, რაც პირველ რიგში ისევ უკრაინული თემის სოციალიზაციაზე არის გათვლილი. ასევე კაფე ხელმისაწვდომია როგორც ქართველი, ისე უკრაინელი მცირე მეწარმეებისთვის. ჩვენ ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით მათ,“ – ამბობს ამბობს კატარინა დვუჰროშევა, უკრაინული სახლის კოორდინატორი.

კაფეს ერთ მხარეს ხელნაკეთი ნივთების სტენდია მოწყობილი, სადაც ქართველი და უკრაინელი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი.

კაფეს გვერდით სივრცეშია განთავსებული მცირე ბიბლიოთეკაც, სადაც არის წიგნები უკრაინულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე – როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

ყავა ფასიანია, ხოლო ბიბლიოთეკით სარგებლობა – უფასო.

უკრაინული სახლის სივრცე ეთმობა ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტებსიგეგმება ქართველი და უკრაინელი სტუდენტების ერთობლივი ლექციები და კულტურული შეხვედრები.

ფოტო „ბათუმელები“

უკრაინულ სახლს მართავს ორგანიზაცია Unite Together, რომელსაც უკრაინელთა მხარდაჭერის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ ამ ორგანიზაციის სოციალური ქსელების პლატფორმებზე იდება ღონისძიებების განრიგი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირება.

„უკრაინული სახლი არა მხოლოდ დახმარების პლატფორმაა, არამედ კულტურული ხიდი ორ ერს შორის – ადგილი, სადაც მასპინძელი და სტუმარი ერთმანეთს ხვდებიან და უკეთ ეცნობიან,“ – ასე ხსნის უკრაინული სახლის წარმომადგენელი მათი ორგანიზაციის კონცეფციას.

უკრაინულ სახლი 2025 წლის ივნისში გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიხსნა.

გადაბეჭდვის წესი