„როდესაც ამ ბიზნესს ვქმნიდი, ვმოქმედებდი რწმენით, რომ ბიზნესი ფასეულობებზე დაფუძნებული, შინაარსის მატარებელი ცოცხალი ორგანიზმი ყოფილიყო და გარდა პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებისა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებზეც ჰქონოდა რეაქცია.
ასევე, არასდროს გამომითქვამს აზრი ვინმეს მოსაწონად ან არ მოსაწონად,“- ასე ეხმაურება ReformerFitness-ის დამფუძნებელი გიორგი ფუტკარაძე „ქართული ოცნების“ მიერ, ე.წ „გრანტების შესახებ” კანონში დაგეგმილ მორიგ რეპრესიულ ცვლილებებს, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას ითვალისწინებს 20 000 ლარით, ქმედების განმეორების და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში კი – 40 000 ლარის ოდენობით.
გიორგი ფუტკარაძე დღეს, 30 იანვარს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს:
„როგორც გავიგე ე.წ. მთავრობის ინიციატივით განიხილება ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც კიდევ უფრო მეტად იზღუდება თავისუფალი სიტყვა.
თურმე აღნიშნული კანონით ბიზნესს (და არამხოლოდ) უნდა აეკრძალოს მთავრობის მიმართ კრიტიკული პოზიციის საჯაროდ გამოხატვა და იმ ხალხის მხარდაჭერა, ვინც ამას აკეთებს.
როდესაც ამ ბიზნესს ვქმნიდი, ვმოქმედებდი რწმენით, რომ ბიზნესი ფასეულობებზე დაფუძნებული, შინაარსის მატარებელი ცოცხალი ორგანიზმი ყოფილიყო და გარდა პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებისა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებზეც ჰქონოდა რეაქცია.
რა თქმა უნდა, არასდროს მქონია ილუზია, რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებდი და ბიზნესის სახელით, საჯაროდ სხვადასხვა პოზიციის დაფიქსირებით მყისიერად შევცვლიდი იმას, რაც არ მომწონდა ამ ქვეყანაში.
ასევე, არასდროს გამომითქვამს აზრი ვინმეს მოსაწონად ან არ მოსაწონად.
ყოველთვის ვმოქმედებდი ისე, როგორც მჯეროდა და სწორად მიმაჩნდა, ყველაფერს ვაკეთებდი საჯაროდ, სინდისის კარნახით, რომ მომხმარებელს ჰქონოდა ზუსტი წარმოდგენა თუ რა შეხედულებების მქონე ადამიანთან უნდა ეთანამშრომლა და ამის შემდეგ მიეღო გააზრებული გადაწყვეტილება თუ სად დაეხარჯა მისი შრომით გამომუშავებული ფული.
ალბათ მალე, კიდევ უფრო დაზუსტდება თუ რასთან გვექნება საქმე, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ვერ იარსებებს ვერანაირი ძალა, რომელიც მაიძულებს გავჩუმდე.
ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც საკუთარ თავს და ბიზსნესს ვუწესებ არის ის, რომ არ ვავნო სხვას,“- წერს გიორგი ფუტკარაძე.
„ქართულმა ოცნებამ“ მორიგი რეპრესიული ცვლილებები 28 იანვარს დააანონსა.
ამ ცვლილებით, ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან „ოცნების“ მთავრობის ნებართვის გარეშე ეკრძალება გრანტის მიღება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლის მუხლებით დევნა, რაც პირის 6 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.






