მთავარი,სიახლეები

„შეეხება გამოხატვას სუფრასთანაც, ეს არის სრული იზოლაცია და გარიყვა“ – საბა ბრაჭველი

30.01.2026 •
„შეეხება გამოხატვას სუფრასთანაც, ეს არის სრული იზოლაცია და გარიყვა“ – საბა ბრაჭველი

„ოცნებამ“ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი გამოაქვეყნა. ახალი ცვლილების მიხედვით უცხოური გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წინასწარი თანხმობით არის შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეს 6 წლამდე პატიმრობა დაემუქრება.

იურისტების შეფასებით, დაანონსებული ცვლილება „ტოტალური კონტროლის მექანიზმია, რომლის დამტკიცების შემთხვევაში კონკრეტული პირის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსი ან „სუფრასთან გამოთქმული მოსაზრებაც კი.“

კანონში ცვლილებებზე „ბათუმელების“ შეკითხვებს იურისტი საბა ბრაჭველი პასუხობს.

  • ბატონო საბა, რა ირკვევა გრანტების შესახებ კანონში ცვლილების პროექტით, რამდენად ფართო სპექტრს შეიძლება შეეხოს დაანონსებული კონტროლის მექანიზმი, თუ ის დამტკიცდება?

როგორც ამ განცხადებიდან ირკვევა, ეს შეეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რაიმე ტიპის საქმიან ურთიერთობაშია უცხოელთან, ან უცხოეთში მყოფ ადამიანთან და მისგან იღებს დაფინანსებას რაიმე ფორმით. ან იღებს რაიმე ტიპის გამოცდილებას, მაგალითად, ტრენინგს და ასე შემდეგ.

ნებისმიერი ტიპის საქმიანობა, სადაც მონაწილეობს უცხოეთში მყოფი ადამიანი, თუნდაც საქართველოში მყოფი, ამ კანონის მიღების შემდეგ დაექვემდებარება სავალდებულო წინასწარ ნებართვას საქართველოს მთავრობისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეებს ემუქრებათ ექვსწლიანი თავისუფლების აღკვეთა.

ვისაც ამ დროისთვის რაიმე კონტრაქტი აქვს უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან, მისგან იღებს ფულს, ან ნებისმიერ სხვა სიკეთეს, ნეტფლიქსის პაროლს ან უფასო ექსელის კურსებს თუნდაც, მოუწევს, რომ შემდეგი კვირიდან 1 თვის ვადაში ეს ყველაფერი დაადეკლარიროს და მთავრობას ნებართვის მისაღებად მიმართოს, რომ ამ ბენეფიტით სარგებლობა გააგრძელოს. თუ არ დაადეკლარირა და შემდეგ რაიმე საზოგადოებრივ მოვლენაზე აზრი გამოთქვა, 6 წელი ციხე დაემუქრება.

  • უფრო კონკრეტულად რომ განგვიმარტოთ, მაგალითად, მართალია თუ არა, რომ ეს ცვლილება შეიძლება გახდეს ისეთი ადამიანის პრობლემა, რომელიც დღეს არ აქტიურობს, დუმს, არ ჩანს. თუ ახლობლის, მეგობრის პრობლემის გამო საკუთარი აზრის უფრო მკაფიოდ დაფიქსირება დასჭირდება, მისი ასეთი აქტივობა კონტროლს დაექვემდებარება?

საქართველოში გვაქვს უამრავი უცხოური კომპანია და უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლობა, საელჩოები… არაფერ შუაშია პოლიტიკური პროცესები, მაგალითად, რომელიმე კონკრეტული გრაფიკული დიზაინერი, ან ადამიანი, რომელიც კლიპებს იღებს, მემონტაჟე, ოპერატორი, ასე შემდეგ, სრულიად ტექნიკური პერსონალი – დიახ, დაექვემდებარება.

ამ ცვლილების მიღების შემდეგ, უცხოურ ორგანიზაციებს მთავრობისგან ნებართვის გარეშე აღარ შეეძლებათ არა მხოლოდ საგრანტო ხელშეკრულების, არამედ თუნდაც მომსახურების ხელშეკრულების, სერვის-კონტრაქტების გაფორმება. ღია წესით ასეთი ტიპის კონტრაქტების დადება, ნებართვის მიღების გარეშე, ხდება სისხლის სამართლის დანაშაული.

მეტიც, ეს არის პარადიგმული ცვლილება არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოური ორგანიზაციებისთვისაც და, ჩემი აზრით, ეს გამოხატავს საგარეო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას: თუ აქამდე მიღებული კანონებით რაღაც ტიპის გამონაკლისები ეძლეოდათ ხოლმე თუნდაც გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და ასე შემდეგ წარმომადგენლობებს, ახლა ასეთი ტიპის გამონაკლისები ამ კანონში აღარ არის, ამ განცხადებით აღარ არის გათვალისწინებული.

თუ ასეთი კონტრაქტი დაიდო, ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება არა მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც მიიღებს კონტრაქტს, არამედ მასაც, ვისაც დაუდებენ ამ კონტრაქტს, ან ვინც მონაწილეობას მიიღებს, მაგალითად, სამართლის შესახებ ორგანიზებულ ტრენინგში.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაემუქრება როგორც ამ ტრენინგის მონაწილეს, ისე ტრენინგის ჩამტარებელს და ამ უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენელ პირს, რომელმაც ეს კონტრაქტები დადო. ანუ ეს არის სრული იზოლაცია და გარიყვა.

ეს არის სრულ პარალიზებაში ჩაგდების მცდელობა საქართველოში არსებული როგორც დიპლომატიური მისიების, ისე სხვა ორგანიზაციებისთვის, რომ აღიმართოს ყრუ კედელი საქართველოს ხალხსა და მათ მეგობარ საერთაშორისო საზოგადოებას შორის.

საერთაშორისო ორგანიზაციებს აქამდე ერიდებოდნენ, გამონაკლისებს აძლევდნენ ე.წ. ფარადან და ა.შ. ახლა 6 წელი ციხე ემუქრებათ მათ თანამშრომლებსაც [გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირის გარდა], თუ კობახიძეს არ შეუთანხმეს ნებისმიერი, თუნდაც უსასყიდლო კონტაქტი საქართველოს მოქალაქეებთან.
მეტიც, სათავო ოფისი ქართულ ფილიალს რა თანხას გადმოურიცხავს, ამასაც წინასწარი ნებართვა დასჭირდება. მაგალითად, ადენაუერის ფონდი ქართულ წარმომადგენლობას რა წლიურ ბიუჯეტს დაუდგენს, ესეც კობახიძეს უნდა შეუთანხმონ.
  • გამოყენებულია ასეთი ფრაზა – „ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს… “ აქ იგულისხმება, რომ ვიღაცამ უნდა განსაზღვროს თავისი შეხედულებისამებრ, რომ ეს სახსრები შეიძლება მოხმარდეს, მაგალითად, როგორც თავად წერენ, „სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას“ და აქედან გამომდინარე შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება?

ეს კანონი რა თქმა უნდა იქნება განუჭვრეტადი. ასეთი ტერმინების გამოყენებით თუ მიიღეს, ეს არის კატასტროფულად განუჭვრეტადი, „კაუჩუკის“ ფრაზა და ეს კანონი ხდება ბევრად უფრო უარესი, ვიდრე ნებისმიერი, ზოგადად დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონი, რაც ოდესმე მიუღიათ.

აი, მაგალითად, ე.წ. „ფარაშიც“ კი ან თუნდაც რუსულ კანონში, საჭირო იყო რაღაცა ტიპის შეფასების გაკეთება. შეფასება, მაგალითად FARA-ში დაფინანსების მიღება არ არის მხოლოდ საკმარისი, შემდეგ რაღაც მოქმედება უნდა განახორციელო დამქირავებლის ინტერესების შესაბამისად და ასე შემდეგ.

აქ ესეც კი აღარ არის საჭირო. თავისთავად დაფინანსების მიღება უკვე საკმარისია და როგორც აღვნიშნე, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაფინანსებაც არ იყოს საჭირო საერთოდ. მხოლოდ ლაპარაკითაც კი, მხოლოდ ინფორმაციების გაზიარება ერთმანეთთან, აი ტექნოლოგიასთან დაკავშირებით, მეცნიერების შეხვედრაც კი შეიძლება, თუ ეს მოუნდა ამ კანონის აღმასრულებელს, შეიძლება ჩაითვალოს როგორც გრანტის მიღება და დაისაჯოს ის ადამიანი მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოელ ადამიანთან საუბრის გამო.

არის ჩანაწერიც, რომ ეს შეეხება მეწარმე სუბიექტებს და ასეთი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, წარმოუდგელიც კია ამხელა კონტროლი – ეს ალბათ ნიშნავს იმას, რომ „ოცნება“ გვეუბნება – მე მექნება ეს ჩანაწერი კანონში და როცა მომინდება მაშინ გამოვიყენებო? 

კი, ეს არის იმის ძალიან კლასიკური მაგალითი, რომ ყოველდღიურად დადის ძალიან ბევრი ადამიანი, მაგალითად, რუსთაველის გამზირზე ტროტუარებზე და მათ შორის მერიის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების არასწორი ქმედების გამო ბევრ ადამიანს ეშლება ხელი გადაადგილებისას, მაგრამ ტროტუარზე გადაადგილების შემზღუდველ კანონს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის სახით, ისინი იყენებენ მხოლოდ მათზე, ვინც თვალში არ მოსდით. სავარაუდოდ, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.

თუ, მაგალითად, მეწარმეები ან სხვა პირები დაემორჩილებიან და შეეხვეწებიან, რომ აი, თუ შეიძლება ჩვენ გვაცადეთ ამ ბიზნესის კეთება, მაშინ მათ შეიძლება გაუმართლოთ და მიიღონ მოწყალება, მაგრამ ისინი, ვინც გადაწყვეტენ, რომ ისაუბრონ, არ შეეგუონ ასეთ, აბსოლუტურად უსამართლო, უკანონო კანონებს, მათ მიმართ ალბათ გამოიყენებენ კიდევ უფრო გამკაცრებული სახით.

  • ანუ, ზოგადად რომ შევაფასოთ, ეს ნიშნავს ყველაფრის, ნებისმიერი მოქმედების კონტროლს?

კი, აბსოლუტურად ნებისმიერს შეეხება. ფულის დახარჯვაც არ სჭირდება, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სტატუსი, რომელსაც პირი დაწერს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ მოვლენაზე აზრის გამოხატვა ნებისმიერი ფორმით, აი, სუფრასთანაც, მათ შორის.

კანონში ამ სიტყვის ჩაწერაც სურთ, ეს არის სიტყვა „პოლიტიკური“, თითქოს იმისთვის, რომ აი, პოლიტიკაში თუ არ მიიღებ მონაწილეობას და ასე შემდეგ, მაშინ შენ არავინ შეგეხება. სინამდვილეში ამ სიტყვის განმარტება არის არა პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი. საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით როგორც კი დაიწყებს პირი აზრის გამოხატვას, იქ უკვე ვარდება ამ კანონის მოქმედების სფეროში.

  •  ძალიან მარტივად რომ იყოს გასაგები. აი, მაგალითად, აბსოლუტურად არაპოლიტიკურ თემაზე, როცა მოქალაქე ჯანდაცვის სამინისტროსთან რაღაც სერვისის ვერ მიღების გამო მართავს აქციას, იქ მწვავე განცხადებებსაც აკეთებს, განაწყენებულია. თუ ამ ადამიანს უპოვიან რაღაც კავშირს, ვთქვათ შეკვეთა მიუღია უცხოეთიდან, რეკლამა გააკეთა, რამე გაყიდა და ფული გადმოურიცხეს…  შეიძლება მარტივად დაიწყოს პროცესი მის წინააღმდეგ?

აბსოლუტურად. დღეს მაგალითად ვნახე, რომ რუსთავში „აზოტის“ მუშები გაიფიცნენ, ან შეიძლება ხვალ რაღაცა მსგავსი მოხდეს ჭიათურაში, შემდეგ ვიღაც ადამიანებმა თავიანთი შრომითი უფლებების დაცვა სცადონ, ან სახელმწიფოს მოსთხოვონ, რომ ელემენტარულად ზამთარში ყინულისგან იწმინდებოდეს მათი საცხოვრებელი ქუჩები.

ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში მთავრობას უჩნდება ამ კანონიდან გამომდინარე შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურად მიზანში ამოიღოს ის მოქალაქეები, რომლებიც პროტესტს ბედავენ და ხმის ამოღების გამო მათ ექვსწლიანი ციხე დაემუქროს.

  • არის ასეთი ჩანაწერი „პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი წლის განმავლობაში მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში“ … 

სახელმწიფო დამატებით და დაწვრილებით შეამოწმებს პირის ინფორმაციას, რომ მუდმივ კონტროლზე ჰყავდეს ლუპის ქვეშ. ამისთვის საჭირო იყო, მარტივად რომ ვთქვათ, რაღაც ტიპის ამბიცია დაეფიქსირებინა – ყოფილიყო პარტიის წევრი, არჩევნებში მიეღო მონაწილეობას და ასე შემდეგ. ამ ცვლილებების შედეგად, ასეთი ტიპის ყველა პერსონალური ინფორმაცია რაც უკავშირდება ამ პირის ფინანსებს, აღმოჩნდება სახელმწიფოს ხელში იმ შემთხვევაში, თუ ის უბრალოდ პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებს.

პოლიტიკური განაცხადის გაკეთებაც კი და ეს პოლიტიკური განაცხადი ნიშნავს საზოგადოებრივ საკითხზე აზრის გამოთქმას, საშინაო ან საგარეო პოლიტიკის საზოგადოებრივ მნიშვნელობის საკითხებზე. აი, ასეთი აზრის გამოთქმის შემთხვევაში ფაქტობრივად ადამიანი აძლევს ამ კანონიდან გამომდინარე უფლებას სახელმწიფოს, რომ მისი სრული ფინანსური ინფორმაცია მიიღოს.

  • ჩვენ ვიცით ბევრი საჯარო მოხელე, რომლებსაც პარალელურად აქვთ დაფუძნებული ორგანიზაციები. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩვენ გავიგეთ, რომ შს სამინისტროს მაღალჩინოსნის მეუღლეს ამერიკული სკოლა აქვს გახსნილი თბილისში. მათ შორის ბევრს ექნება რაღაც ტიპის პროექტებში თანხა მიღებული. გამოდის, რომ ეს ადამიანები ვერასდროს დააფიქსირებენ რაიმე პოზიციას თუნდაც, მაგალითად, განათლების საკითხზე, ან საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე… ასევე, ეს ყველაფერი მათ თუ არა მათ ახლობლებს მაინც ხომ შეეხებათ, ეს ხომ ძალიან დიდ მასშტაბზე გადის…

ეს არის კონტროლის მექანიზმი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. მნიშვნელობა არა აქვს მათ პარტიულ კუთვნილებას, მათ შეხედულებას, მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ სად მუშაობენ ან რა მიზნები აქვთ ზოგადად. ეს კანონი შეეხება ყველას, ვისაც მოუნდება რაიმე ნებისმიერ საკითხზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება.

სულ ეს არის. არავითარი გამონაკლისები არ არის დადგენილი, მაგალითად შშმ პირებისთვის, ქალებისთვის, ორსულებისთვის ან მაგალითად, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის. ვინც გაბედავს ხმის ამოღებას, ყველა მათგანს შესაძლოა მეორე დღესვე ფაქტობრივად, მეორე არა მაგრამ მეოთხე დღესვე დაემუქროს ექვსწლიანი სისხლის სამართლის სასჯელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: