ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„თუ სხვა ახერხებს, ჩვენ რატომ ვერ მივიღებთ?!“ – აქცია ბინების მოთხოვნით ბათუმის მერიასთან

29.01.2026 •
„თუ სხვა ახერხებს, ჩვენ რატომ ვერ მივიღებთ?!“ – აქცია ბინების მოთხოვნით ბათუმის მერიასთან

მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობენ, დღეს, 29 იანვარს, საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის მერიასთან. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მერიამ მათი განაცხადები არ დაიტოვა.

აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადების შემდეგ მიმართეს.

ნინო ნიჟარაძე 27 იანვარს გოგოლის ქუჩაზე, ოზთურქის კორპუსებთან შეკრებულ მოქალაქეებს შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის საპროცესო გარიგების ფარგლებში ჩამორთმეულ ბინებს მთავრობა სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებდა, თუმცა მანამდე სპეციალურ კომისიას მათი განაცხადები უნდა შეესწავლა, იმისათვის კი მოქალაქეებს განცხადებით მერიისთვის უნდა მიემართათ.

ბევრმა მათგანმა „ბათუმელებთან“ საუბარში დაადასტურა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული არ არის:

„ლაგოდეხიდან ჩამოვედი, იქ მთავრობამ შემასახლა წლების წინ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სახლი, სადაც შემასახლეს, სხვისი საკუთრებაა და მას ვერ დავირეგისტრირებ, უარს მეუბნებიან. წლების განმავლობაში ვუვლიდი იქაურობას. ამიტომ ვითხოვ ბინას ბათუმში“.

„ოზურგეთიდან ჩამოვედი, გაჭირვებული ვარ, მარტო ვცხოვრობ, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს“.

„ხულოდან ვარ, ჩემი სახლი მეწყესაშიშ ზონაშია, რამდენ ხანს უნდა ვიყო ქირით, თავშესაფარი მჭირდება“.

მერიასთან შეკრებილები აცხადებენ, რომ წლებია დოკუმენტებით ხელში ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში დადიან: „ხან ჯანდაცვის სამინისტროში, ხან მერიაში“ და მკაფიო პასუხი ვერ მიიღეს.

მათთვის სარწმუნო არ არის, რომ ბათუმის მერია მხოლოდ კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს, მიიჩნევენ, რომ ბინის გაცემის გადაწყვეტილება ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და ამის მაგალითებზე მათთვის ცნობილია: „თუ სხვა ახერხებს, ჩვენ რატომ ვერ მივიღებთ?!“

მოქალაქეები გოგოლის ქუჩაზე აქციებს მას შემდეგ მართავენ, რაც ცნობილი გახდა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ბინების ჩამორთმევის შესახებ. ისინი აჭარის მთავრობას ამ ბინების გადაცემას სთხოვენ.

დღეს, 29 იანვარს, ბათუმის მერიასთან შეკრებილ მოქალაქეებს ბათუმის მერიის წარმომადგენელი, მუნიციპალურის სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ბექა ჯაში შეხვდა. მან მერიასთან შეკრებილებს უთხრა, რომ განაცხადებით მერიის სერვისცენტრებს უნდა მიმართონ საცხოვრებელი უბნების მიხედვით.

აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციის გასაგრძელებლად გოგოლის ქუჩაზე, იმ კორპუსებთან გადავიდნენ, სადაც ბინებს ითხოვენ.

უსახლკაროთა განაცხადები მერიის კომისიამ უნდა განიხილოს, კომისიას მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს.

  • ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი აქციიდან: 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: