მთავარი,სიახლეები

თბილისში გაიმართება აქცია ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერსის მხარდასაჭერად

22.01.2026 •
თბილისში გაიმართება აქცია ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერსის მხარდასაჭერად

„ქალთა მოძრაობა“, პოლიტიკოსი ქალები, ექიმები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და პატიმარი ქალების მხარდასაჭერ აქციას აანონსებენ სამშაბათს, 27 იანვარს, 18:00 საათზე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან.

განცხადებაში ვკითხულობთ:

„სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები არ სრულდება, წერილობითი პასუხი არ არსებობს, ხოლო მათი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

თუმცა ეს მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი არ არის. ჩვენი ინფორმაციით, ორივე ქალის მიმართ ადგილი აქვს ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას და ზრდის იზოლაციას.

ანასტასია ზინოვკინას საქმეში ვხედავთ გაუმჭვირვალე და დამამცირებელ გადაწყვეტილებებს – ის გაურკვეველი საფუძვლით გადაიყვანეს დახურული ტიპის დაწესებულებაში, რის შედეგადაც მკვეთრად შეეზღუდა სატელეფონო ზარებისა და პაემნების უფლება. ანასტასია სხვა პატიმრებისგან განცალკევებით, საკანში მარტო იმყოფება, ხოლო კომუნიკაციის შეზღუდვამ კიდევ უფრო გაამძაფრა მისი სოციალური იზოლაცია.

ნანა სანდერი კი საჯაროდ საუბრობს ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე – მკურნალობის შეფერხებაზე ან უარზე, საჭირო მედიკამენტების დაგვიანებაზე, აგრესიულ და დამამცირებელ დამოკიდებულებაზე ადმინისტრაციის მხრიდან, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და ლახავს მის ღირსებას.

„ქალთა მოძრაობა“, პოლიტიკოსი ქალები, ექიმები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ვითხოვთ სახელმწიფოსგან კანონით დაკისრებული ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულება.

ჩვენი მოთხოვნებია:

▪️ დაუყოვნებლივ ჩატარდეს სრული და კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევები, მათ შორის:

– აუცილებელი აპარატურული კვლევები (MRI, CT, რენტგენოლოგიური, ნევროლოგიური და სხვა სპეციალიზებული კვლევები);
– შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასებისა და დიაგნოზის დაზუსტებისთვის;
– ყველა საჭირო ვიწრო პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია დამოუკიდებელი და ობიექტური სამედიცინო შეფასების უზრუნველსაყოფად.

▪️ სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა განხორციელდეს შესაბამის სამოქალაქო კლინიკაში, ხოლო შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში №18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სრული დაცვით.

▪️ ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციები სრულად და უწყვეტად შესრულდეს, დაიწყოს რეალური სამკურნალო პროცესი და უზრუნველყოფილი იყოს:

– აუცილებელი მედიკამენტოზური თერაპია;
– მკურნალობის პროცესის უწყვეტობა და ეფექტური სამედიცინო მონიტორინგი;
– ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუარესების პრევენცია.

▪️ დაუყოვნებლივ შეწყდეს ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა პატიმართა მიმართ“.

ნანა სანდერი 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. „ოცნების“ პროკურატურა მას ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება (226-ე მუხლი) და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ (317-ე მუხლი).

ნანა სანდერი ბრალს არ აღიარებს და ციხეში მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

ამავე თემაზე: „მთხოვდნენ გაშიშვლებას, მეძახდნენ ფაშისტს, მოღალატეს“ — ნანა სანდერი ციხის პირობებზე

ანასტასია ზინოვკინა რუსეთის მოქალაქეა. ის, არტემ გრიბულთან ერთად, 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული საშუალებას ფლობას ედავება. ისინი ბრალს არ აღირებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

ზინოვკინას, ასევე მასთან ერთად დაკავებულ არტემ გრიბულსა და ანტონ ჩეჩინს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 8,5- წლიანი პატიმრობა გასულ წელს მიუსაჯა.

ანასტასია ზინოვკინა, რომელიც რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია, ციხიდან გამოგზავნილ წერილში საკანში არსებულ ანტისანიტარიასა და რთული პირობების შესახებ რამდენიმე თვეა საუბრობს. მან მიმართა სახალხო დამცველსაც. თუმცა ომბუდსმენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების ადგილის განსაზღვრა, „მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: