ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში გოგებაშვილის ქუჩის ცალი მხარე 2 თვით გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ

05.01.2026 •
ბათუმში გოგებაშვილის ქუჩის ცალი მხარე 2 თვით გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ

ბათუმში გოგებაშვილის ქუჩის ცალი მხარე [სანაპიროს გასწვრივ], ქალაქის მერიის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტისთვის ორი თვით, 2026 წლის 4 მარტამდე გადაიკეტა.

გზა გადაკეტილია ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, საბაგირო გზის სადგურის მიმდებარედ. მიზეზი გზის რეაბილიტაციაა, რომლის ფარგლებშიც გოგებაშვილის ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ.

„პროექტის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩებს შორის მონაკვეთში განხორციელდება არსებული ქვაფენილის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელის, გზაგამყოფი მოაჯირების, ტროტუარების მოწყობა და ასფალტის საფარის დაგება“ – წერს ბათუმის მერია.

გზის ამ მხარეს სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიკეტება ქუჩის მეორე მხარეც, ანალოგიური სამუშაოების ჩატარების მიზნით.

ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა. აქ ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ / 5.01.2026

იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ორი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.

  • ერთი ტენდერი 12 906 207 ლარით [ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი]. ხელშეკრულება „ბონდი-2009“-თან გაფორმებულია 12 518 999 ლარზე.
  • მეორე ტენდერი გამოცხადებული იყო 9 415 400 ლარით [პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი]. ამ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილია შპს „გზა“. ხელშეკრულება კი 9 415 227 ლარზეა გაფორმებული.

ამ თემაზე: რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 22 მილიონი

ბათუმში დროებით შეიზღუდა ასევე მოძრაობა მამია ვარშანიძის ქუჩაზეც – ლუკა ასათიანის ქუჩიდან სულაბერიძის ქუჩამდე მონაკვეთში და შესაბამისად, №7 და №7ა მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობენ სხვა მარშრუტით.

მიზეზი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2026 წლის 3 იანვრიდან მარტის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა მამია ვარშანიძის ქუჩაზე, ლუკა ასათიანის ქუჩიდან სულაბერიძის ქუჩამდე მონაკვეთში.

ამ თემაზე:

ბათუმში შეიზღუდება მოძრაობა გოგებაშვილის ქუჩის მარჯვენა მხარეს და ვარშანიძის მონაკვეთში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: