სიახლეები

ვენესუელის სასამართლოს გადაწყვეტილებით პრეზიდენტის მოვალეობას დელსი როდრიგესი შეასრულებს

04.01.2026
ვენესუელის სასამართლოს გადაწყვეტილებით პრეზიდენტის მოვალეობას დელსი როდრიგესი შეასრულებს

შაბათს დილით ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ვენესუელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა. თუმცა, მან მიანიშნა, რომ ზოგიერთი ჯარისკაცი დაიჭრა.

აშშ-ის გენერალმა, დენ კეინიმ განაცხადა, რომ ცეცხლი გაუხსნეს აშშ-ის იმ ვერტმფრენებს, რომლებიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის ევაკუაციისთვის მიფრინავდნენ. მან თქვა, რომ ერთი ვერტმფრენი დაზიანდა, მაგრამ „ფრენისთვის ვარგისად დარჩა“ და რომ აშშ-ის ყველა თვითმფრინავი „სახლში დაბრუნდა“.

ორი ამერიკელი ჩინოვნიკის ცნობით, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, „ბატონი მადუროს დაკავების ოპერაციის დროს დაახლოებით ექვსი ჯარისკაცი დაიჭრა“.

გამოცემა ასევე ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებმაც თავდასხმების შედეგად სახლები დაკარგეს.

დაბომბვის შემდეგ კარაკასი ადამიანებმა საცხოვრებელი დაკარგეს

აშშ-ის ოპერაციისა და ნიკოლას მადუროს დაკავების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ფლორიდაში, ტრამპის ვილაში გაიმართა, პრეზიდენტ ტრამპს ჰკითხეს, თუ ახსენა პუტინმა მადურო 29 დეკემბერს გამართულ ბოლო სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ტრამპმა უპასუხა, რომ „მადუროზე საერთოდ არ უსაუბრიათ“.

ამავე პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელას მართავს მანამ, სანამ ხელისუფლების უსაფრთხო გადაცემა არ მოხდება.

თუმცა, ვენესუელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვენესუელას სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი დაიკავებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ როდრიგესი დაიკავებს „ვენესუელას ბოლივარიული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას ადმინისტრაციული უწყვეტობისა და ერის ყოვლისმომცველი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით“.

გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლო განიხილავდა საკითხს „იმ სამართლებრივი ჩარჩოს განსაზღვრის მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ფუნქციონირების უწყვეტობას, მთავრობის მართვას და სუვერენიტეტის დაცვას რესპუბლიკის პრეზიდენტის იძულებითი არყოფნის კონტექსტში“.

შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა დატყვევებული მადუროს კადრები, ის ბრუკლინიც ციხეში გადაიყვანეს. მომავალ კვირას, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროს ნარკოტიკისა და იარაღის ვაჭრობით შემცველ ბრალდებებს წარუდგენენ

__

3 იანვარს, შაბათს დილით, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა „ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი მთავრობის მიერ განხორციელებული უკიდურესად სერიოზული სამხედრო აგრესიის“ გამო.

ტრამპმა მალევე განაცხადა, რომ მისი ვენესუელელი კოლეგა, ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად სამხედრო ოპერაციის შედეგად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: