მთავარი,სიახლეები

საახალწლოდ მობილიზებულია პოლიცია და გდდ – 234 ათასი ლარი დაიხარჯება მათი კვებისთვის რეგიონებში

31.12.2025
საახალწლოდ მობილიზებულია პოლიცია და გდდ – 234 ათასი ლარი დაიხარჯება მათი კვებისთვის რეგიონებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში საახალწლო დღეების გამო დამატებითი საპოლიციო ჯგუფებია შექმნილი. ამ ჯგუფებისთვის კი საჭირო გახდა მათი კვებით უზრუნველყოფა, რისთვისაც სხვადასხვა მიმწოდებლებთან საკვების შეძენაზე ხელშეკრულებები პირდაპირი წესით [ტენდერის გარეშე] გააფორმეს.

პოლიციის დეპარტამენტების მიერ გაფორმებული ზოგიერთი ხელშეკრულებების შინაარსი უცნობია. შსს ზოგადად ასეთი შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებს უკვე 6 წელია ფაქტობრივად აღარ აქვეყნებს.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ამ დროისთვის ატვირთული ინფორმაციით კი, 16 დეკემბრიდან 16 იანვრამდე პერიოდში პოლიციელთა კვებისთვის „გადაუდებელი აუცილებლობით“ ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ შემდეგ დეპარტამენტებს:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს – 69 600 ლარზე [პერიოდი: 16 დეკემბერი-16 იანვარი]
  • იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს – 56 810 ლარზე [პერიოდი: 17 დეკემბერი-19 იანვარი]
  • კახეთის პოლიციის დეპარტამენტს – 43 320 ლარზე [პერიოდი: 16 დეკემბერი-16 იანვარი]
  • ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს – 42 978 ლარზე [17 დეკემბერი – 16 იანვარი]
  • სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი [გეგმავს] – 13 200 ლარზე [3 იანვარი – 16 იანვარი]
  • მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს – 8 900 ლარზე [16 დეკემბერი – 14 დეკემბერი]

საახალწლოდ რეგიონებში მობილიზებულ პოლიციელთა კვებაში, 31 დეკემბრისთვის არსებული მონაცემებით, შსს ჯამში 234 ათას 808 ლარს დახარჯავს.

„2025 წლის 16 დეკემბრიდან 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე შეიქმნა დეპარტამენტის რაიონული, საქალაქო დანაყოფებისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეების საპოლიციო ჯგუფები და საჭირო გახდა მათი კვებით უზრუნველყოფა“ – წერენ, მაგალითად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან შესყიდვების სააგენტოს.

ამავე განაცხადის მიხედვით:

„შს მინისტრის 2025 წლის 16 დეკემბრის ბრძანებით, 2025 წლის 16 დეკემბრიდან 2025 წლის 16 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დამატებითი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილე სამინისტროს დანაყოფების კოორდინაცია, რისთვისაც სამოქმედო ტერიტორიაზე მობილიზებული იქნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯამში 145 თანამშრომელი.

გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მიერ 2025 წლის 16 დეკემბერს, შპს „აბსოლუტი-2010“-თან გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, კვების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, საერთო ღირებულებით 69 600 ლარი.“ – წერს  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუხრაშვილი.

გამარტივებული შესყიდვის შესათანხმებლად შესყიდვების სააგენტოს პოლიციის სხვა დეპარტამენტებმაც მიმართეს.

„წინასაახალწლო პერიოდში ბაზრების, მარკეტების, სავაჭრო ცენტრების, ბანკების და სხვა ობიექტებზე ხალხის ნაკადის ზრდასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების პატრულირებამ“ გამოიწვია საკვების შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობაო – წერენ შესყიდვების სააგენტოს კახეთის პოლიციიდან.

„წინასაახალწლო პერიოდთან დაკავშირებით მოსალოდნელია ხალხის ნაკადის მატება. აღნიშნულიდან გამომდინარე შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი დანაშაულის პრევენციიდან გამომდინარე, წინასაახალწლო დღეებში გეგმავს გააძლიეროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა პირადი შემადგენლობით, რაც საჭიროებს კვებით უზრუნველყოფას 2026 წლის 3 იანვრიდან 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით“ – წერია სამცხე -ჯავახეთის პოლიციის განაცხადში.

ზემოთ აღნიშნული პოლიციის დეპარტამენტებიდან ერთ-ერთ ინდმეწარმესთან გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ კახეთის დეპარტამენტს აქვს ატვირთული შესყიდვების პორტალზე.

ამ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „საკვები პროდუქტის თანხა 1 თანამშრომელზე დღიურად განისაზღვროს 30 ლარით“.

ხელშეკრულებას ახლავს პრეისკურანტიც:

შემსყიდველი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კახეთის პოლიციის დეპარტამენტი / პოლიციის თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფაზე გაფორმებული ხელშეკრულებიდან / წყარო: შესყიდვების პორტალი

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: