მთავარი,სიახლეები

სან დიეგოს უნივერსიტეტის ბათუმელი სტუდენტები თავიანთი გეგმების შესახებ

29.10.2016 • 4050
სან დიეგოს უნივერსიტეტის ბათუმელი სტუდენტები თავიანთი გეგმების შესახებ

საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის შემოსვლით საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შანსი მიეცათ მიიღონ ამერიკული განათლება და დიპლომი, მოუსმინონ ცნობილ ამერიკელ პროფესორებს და გახდნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე.  ამ დროისთვის უნივერსიტეტში  217  სტუდენტი სწავლობს. ეს უნივერსიტეტი კვლევითი გრანტების სახით, წელიწადში 115 მილიონ დოლარს იღებს.

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს სკოლების დამამთავრებელ კლასებში ეძებს ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც კარგად სწავლობენ ქიმიას, ფიზიკას, ბილოგიასა და მათემატიკას. რეგიონებში ასეთი ბავშვებისთვის უნივერსიტეტი აფინანსებს ინგლისური ენის სწავლების კურსსაც. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები საქართველოში ფულს არ ზოგავენ თავიანთი შვილების განათლებისთვის, ამერიკულ უნივერსიტეტს თბილისში ძალიან ცოტა სტუდენტი ჰყავს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის სკოლა, სადაც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის ხარისხის ყველაზე დაბალია.

ბათუმელმა გიორგი ჩიქოვანმა სან დიეგოს უნივერსიტეტში ბიოქიმიის მიმართულებით წელს ჩააბარა. გიორგის ინტერესის სფერო ნავთობი და გენური ინჟინერიაა. იგი მიიჩნევს, რომ ამ სფეროების განვითარება საქართველოს ძალიან სჭირდება.

გიორგი ჩიქოვანი, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი

გიორგი ჩიქოვანი, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი

„ბიოქიმია მაინტერესებდა ძალიან, მაგრამ უნივერსიტეტი, სადაც ნავთობი ან გენური ინჟინერია ისწავლება, საქართველოში არ არის. სან დიეგოს შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში კარგი შესაძლებლობაა. ის ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც მაღალი დონის განათლების მიღების საშუალებას მაძლევს და იმის შესაძლებლობასაც, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ვიმუშაო. სამწუხაროა, რომ სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნები კარგად არ ისწავლება და ცოტა აბიტურიენტი იყენებს ამ შესაძლებლობას“, –  გვეუბნება ის.

გიორგის აზრით, აუცილებელია საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მოტივაცია გაიზარდოს, რაც, მისი აზრით, ცდებზე მუშაობით არის შესაძლებელი.

ქეთევან არველაძეც სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობს. მან კომპიუტერული მეცნიერება აირჩია, რადგან მიიჩნევს, რომ მომავალი ტექნოლოგიური მეცნიერებებისაა. „მე IT მიმართულებით ვსწავლობ, რადგან ტექნიკის საუკუნეში, IT  მენეჯერები ყველას სჭირდება. პრაქტიკული პროფესიაა და პერსპექტივა ძალიან დიდი აქვს. გარდა ამისა, ქალები იშვიათობაა ამ სფეროში საქართველოში, ამიტომ, ამ მხრივაც მინდოდა ამ სპეციალობაზე სწავლა“,  –  გვეუბნება ის. ქეთი გეგმავს პრაქტიკა ამერიკაში გაიაროს და შემდეგ დაბრუნდეს საქართველოში.

დიანა გიგინეიშვილი სან დიეგოს უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიას სწავლობს. „ამერიკული განათლება ყოველთვის მომწონდა, „სტენ“ მიმართულების არჩევას თავიდანვე ვფიქრობდი, ამიტომ სან დიეგოზე როცა გავიგე, აქ ჩაბარება გადავწყვიტე“.

დიანას აზრით, კომპიუტერულ ინჟინერიაში ძირითადი საგანი მათემატიკაა, მის კარგად ასათვისებლად კი საფუძველი მნიშვნელოვანია.  „არ უნდა შეგეშინდეს კითხვის დასმის, რადგან თუ არ დასვამ კითხვებს, შეიძლება რაღაც ვერ გაიგო. მათემატიკა კი ისეთია, თუ რაღაც გამოტოვე, მერე შეიძლება ვეღარ გაიგო. რეგულარულად უნდა იმეცადინო და შედეგიც იქნება“, – გვეუბნება ის.

დიანას შემთხვევაში სასკოლო განათლება საკმარისი იყო წარმატების მისაღწევად, მას არ დასჭირვებია დამხმარე მასწავლებელი.  „თუკი მონდომებული ხარ, გამოგივა“, –  გვეუბნება ის.

დიანას უნივერსიტეტში ყველაზე მეტად სწავლის მეთოდი მოსწონს.

ქეთევან არველაძე, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი

ქეთევან არველაძე, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი

ანდრო მურვანიძეც ამერიკულ უნივერსიტეტის სტუდენტია. დიანასგან განსხვავებით, ის ფიქრობს, რომ მხოლოდ სკოლის დონე არ არის საკმარისი მათემატიკის კარგად შესასწავლად. „აუცილებელი ცოდნა მხოლოდ სკოლას არ მიუცია, დამატებით მიწევდა მომზადება. მასწავლებლების გამოცდების შედეგებს თუ დავაკვირდებით, მივხვდებით რა მდგომარეობა გვაქვს სპეციალისტების მხრივ, ბევრი ჩაიჭრა. გერმანულ სკოლაში როცა ვიყავი, იქ იყო დაყოფილი ჯგუფები სიძლიერის მიხედვით, იაპონიაშიც ასეა და, ვფიქრობ, ჩვენს სკოლებშიც ასე უნდა იყოს. სიძლიერის მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს ჯგუფები და შედეგიც უფრო იქნება“.

ანდროს აზრით, კომპიუტერულ მეცნიერებებს საქართველოში მომავალი აქვს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სწავლა. „ვაპირებ პროგრამირება ვისწავლო და ბათუმში შესაბამისი სკოლაც გავხსნა, რადგან სპეციალისტები, ფაქტობრივად, არ არიან ამ მიმართულებით“.

სან დიეგოს უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი გიორგი ქიქავაც კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლობს. მას გააზრებული აქვს ტექნოლოგიები ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია რომაა მსოფლიოში და საქართველოშიც წარმატებული იქნება. გიორგი ამბობს, რომ მას გაუმართლა, მაგრამ აუცილებელია სხვა ახალგაზრდებსაც მიეცეთ ასეთი შანსი, რაც სკოლის გარეშე შეუძლებელი იქნება:

„კომაროვის სკოლა არის საჯარო სკოლის ალტერნატივა მათემატიკის სწავლების მხრივ, თუმცა ეს სკოლა ყველაგან არ არის. მარტო საჯარო სკოლა მაღალ დონეს ვერ გაძლევს. დამატებით გჭირდება მომზადება“.

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სახელმწიფოს ხელშეწყობით შემოვიდა, თუმცა იგივე სახელმწიფო, ჯერჯერობით, ვერ დგამს რეალურ ნაბიჯებს სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის ხარისხის ასამაღლებლად. საგნობრივი გამოცდების ჩაბარებაც მასწავლებლებს ყველაზე მეტად სწორედ ამ მიმართულებით უჭირთ.

ბათუმის რესურსენტრი ვერ ასახელებს კონკრეტულ ციფრს, თუ რამდენი ქიმიის, ფიზიკის და  ბიოლოგიის სერთიფიცირებული მასწავლებელი მუშაობს სკოლებში. „ზუსტი ციფრი არ მახსოვს, თუმცა ბევრნი არ არიან“, –  გვეუბნება გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

დიანა გიგინეიშვილი, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი

დიანა გიგინეიშვილი, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი

პედაგოგების კვალიფიკაციის გარდა, საჯარო სკოლებში ბევრი სხვა პრობლემაც არსებობს, მაგალითად, სკოლებს არ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ თანამედროვე ლაბორატორიები თუ ცდების ჩასატარებელი მასალები. სკოლის დირექტორები ირწმუნებიან, რომ ცდებისთვის საჭირო მასალებს შესაძლებლობის ფარგლებში იძენენ, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ სკოლებში საგნობრივი ცდები, ფაქტობრივად, არ ტარდება და სწავლა თეორიულ დონეზე მიდის.

არათუ სკოლებს, ბიოქიმიის მიმართულებით დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც კი არ აქვთ. მაგალითად, თსუ-ს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიოქმიის კათედრის გამგე ნანა კოშორიძე გვეუბნება, რომ ცდების და კვლევების წარმოებას გრანტების ხარჯზე ახერხებენ. „უნდა გაზარდოს სამეცნიერო კვლევების დაფინანსება. ბიოქიმია ძალიან ძვირადღირებული მეცნიერებაა, მაშინ როცა ერთი რეაქტივი 2 500 დოლარი ღირს, ჩვენი გრანტის წლიური მოცულობა 4 ათას ლარამდეა. ეს გრანტიც რომ არ გვქონდეს, საერთოდ ვერაფერს გავაკეთებთ“, –  გვეუბნება ის.

სან დიეგოს უნივერსიტეტი კვლევითი გრანტების სახით, წელიწადში 115 მილიონ დოლარს იღებს. უნივერსიტეტს წამყვანი ფარმაცევტული და ტექნოლოგიური კომპანიები აფინანსებენ და უკვეთავენ კვლევებს. უნივერსიტეტში ლექციებს სპეციალურად ამ პროგრამისთვის ჩამოყვანილი ლექტორები ან სან დიეგოში გადამზადებული პროფესორები კითხულობენ.

უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს სწავლა ამერიკაში, ამავე უნივერსიტეტში გააგრძელონ.

საქართველოში ეკონომიკური განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არის ადამიანური კაპიტალის არარსებობა. სწორედ ადგილობრივ ეკონომიკაზე ზეგავლენის მოხდენა იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო“, –  ამბობს ჯენერ ედელმანი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი. ამ უნივერსიტეტის პროგრამებს აღნიშნული კორპორაცია 30 მილიონი დოლარით აფინანსებს.  საქართველოს მთავრობას კი აღებული აქვს ვალდებულება 9 მილიონი  ამერიკული დოლარი გაიღოს.

უნივერსიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საბუნებისმტეყველო  მეცნიერებების –  ელექტრნული ინჟინერია, ბიოქიმია, კომპიუტერული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლას და მათ განვითარებას. 2017 წლიდან კი დაემატება სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სპეციალობებიც.

სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლება ამერიკაში აკრედიტირებული პროგრამების (ABET, CSA, WASC ) იდენტური პროგრამებით ხდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: