მთავარი,სიახლეები

რა იცვლება სუს-ში დასაქმების წესებში

04.12.2025
რა იცვლება სუს-ში დასაქმების წესებში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამუშაოდ გაცილებით მარტივად მიიღებენ პირს, რომლის ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს, ასევე იმ პირს, რომელიც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალავს მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ან წარადგენს არასწორ მონაცემებს.

ასეთი პირების სუს-ში მიღება სუს-ის უფროსის ბრძანებით არ შეიძლება, თუმცა იყო გამონაკლისი – მათი სამსახურში მიღება შეიძლებოდა მხოლოდ „განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“.

სუს-ის მოქმედმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, 2025 წლის 1-ელ დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც „განსაკუთრებული“ შემთხვევის არსებობა და „სახელმწიფო ინტერესების“ გათვალისწინება აღარ იქნება აუცილებელი და ზემოთ აღნიშნული კატეგორიის პირებს სუს-ში მხოლოდ „სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“ მიიღებენ.

ცვლილება მდინარაძემ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სუს-ის უფროსის 2015 წლის 1-ელი აგვისტოს ბრძანებაში შეიტანა.

„შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის თანხმობით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე პირის მიღება სამსახურში.“ – წერია მამუკა მდინარაძის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.

აღნიშნული პუნქტი აქამდე შემდეგი შინაარსის იყო:

„2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის თანხმობით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე პირის მიღება სამსახურში.“

რაც შეეხება მე-19 მუხლს, ის აწესებს შეზღუდვებს სამსახურში [სუს-ში] მიღებისას. ამ მუხლში ჩამოთვლილია, თუ ვისი მიღება არ შეიძლება სამსახურში. მათ შორის არის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტები, რომელთა მიხედვით სუს-ში არ მიიღება:

  • „ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
  • კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები“.

კონკრეტულად „განსაკუთრებული შემთხვევა“ და „სახელმწიფო ინტერესები“ სუს-ში სამსახურის გავლის წესში განმარტებული არ არის, თუმცა ზოგადად განსაკუთრებული შემთხვევა მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, საერთო უსაფრთხოებას ან სტრატეგიულ მიზნებს მოიცავს და გამონაკლისიც ასეთი შემთხვევისთვის დაიშვებოდა.

მამუკა მდინარაძის ბრძანებით კი, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელი იქნება, თუნდაც მხოლოდ კონკრეტული სამსახურის [ამ შემთხვევაში სუს-ის], დეპარტამენტის ან სააგენტოს საჭიროებებიდან გამომდინარე.

ამავე თემაზე:

სუს-ის თანამშრომელს სახელმწიფო ბინა ან სახლი შესაძლოა საკუთრებაშიც გადასცენ – ცვლილება

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: