მთავარი,სიახლეები

ბათუმის პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი 3 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

03.12.2025 •
ბათუმის პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი 3 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

ბათუმში სამი მოქალაქე პოლიციის პირველ განყოფილებაში შეიჭრა. მათ პოლიციელებს აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა. ინფორმაცია კი ჟურნალისტებისთვის ახლახან გახდა ცნობილი.

„ტვ პირველმა“ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა პირმა პოლიციელს ხელიც დაარტყა, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანება მიიღო. თუმცა ის ექსპერტიზაზე არ გადაიყვანეს.

„ტვ პირველის“ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, სამ თავდამსხმელთაგან ერთი, ვინც პოლიციელებს აგინა და ხელი გაარტყა, პოლიციის მაღალჩინოსნის ახლო ნათესავია.

პოლიციის განყოფილებაში შეჭრილები ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ირაკლი გორგილაძე, ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ადასტურებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ნამდვილად შეიჭრა რამდენიმე პირი.

„იყო მსგავსი ფაქტი, იყო სამი პიროვნება ნასვამ მდგომარეობაში, რომლებიც იქნენ ადგილზევე დაკავებული, შესახლებული იყვნენ იზოლატორში. სამართალწარმოება დაიწყო, სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მიუსაჯა 5 დღით პატიმრობა,“ – უთხრა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ირაკლი გორგილაძემ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, დაესხა თუ არა თავს პოლიციელებს სამი ადამიანი გინებით და შეურაცხყოფით.

კითხვაზე, თავდამსხმელებიდან ერთი იყო თუ არა პოლიციის მაღალჩინოსნის ნათესავი, განყოფილების უფროსმა ირაკლი გორგილაძემ პირდაპირ პასუხი არ გასცა.

„შეიძლება ახლა ვიღაცის ნათესავი იყო პოლიციელის, მაგრამ…“, – ამბობს ირაკლი გორგილაძე.

„განყოფილებაში შემოვარდნა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და მზია ამაღლობელმა სილა რომ გააწნა ირაკლი დგებუაძეს, ის არის?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსს ირაკლი გორგილაძეს.

„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება,“ – თქვა ირაკლი გორგილაძემ.

მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.

ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, რატომ დაიწყო გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და არა სისხლით, მაშინ, როდესაც სახეზე იყო პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა.

მით უფრო, რომ მზია ამაღლობელის გარდა, პოლიციელზე „თავდასხმის“ რამდენიმე სხვა შემთხვევაც გვაქვს ქვეყანაში: მაგალითად, 22 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 48 წლის თამარ ლორთქიფანიძე, რომელსაც ჰყავს ორი შვილი და შვილიშვილი, საპატრულო პოლიციის მანქანაზე ავიდა.

გამოძიება ირწმუნება, რომ „ბრალდებულის ქმედებამ 3 300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია“. თამარ ლორთქიფანიძე მყისიერად დააკავა პოლიციამ სისხლის სამართლის წესით.

საბოლოოდ პროკურატურამ თამარ ლორთქიფანიძეს ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ტვ პირველის” სიუჟეტში ჩანს ჩამტვრეული ფანჯარაც, რომელზეც მოგვიანებით პოლიციაში თქვეს, რომ ეს მინა ჩაამტვრიეს მოზარდებმა სამი წლის წინ და არა მთვრალმა კაცებმა.

“ბათუმელებს” პოლიციის პირველ განყოფილებაში უთხრეს, რომ ეს ფანჯარა სამი წლის წინ ჩაამტვრიეს მოზარდებმა

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა შს სამინისტროს პრესსამსახურს.

გვაინტერესებდა, რატომ დააკავეს პოლიციაში შეჭრილი პირები ადმინისტრაციული წესით, ასევე, ჩამტვრეული მინის ხარჯებს ვინ აანაზღაურებს.

პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია აქვე განახლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: