მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოში ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნას ითხოვენ

01.12.2025
ბათუმის საკრებულოში ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნას ითხოვენ

ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“, ბათუმის საკრებულოში ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნას ითხოვს. ინიციატივა საკრებულოს დეპუტატმა გასულ სხდომაზე დააყენა, დღეს, 1-ელ დეკემბერს გამართულ სხდომაზე, კი ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებით დაასაბუთა მისი შექმნის აუცილებლობა.

„წინა სხდომაზე ვისაუბრე ანტიკორუფციულ ჯგუფთან დაკავშირებით. იმ სხდომის შემდეგ ამ ჯგუფის შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგში კიდევ უფრო მეტად დადგა. ბატონი მერის კაბინეტიდან ძალიან კარგად ჩანს შემთხვევა, როდესაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ღამის სამ საათზე, ქალაქის ცენტრში ააშენა კოშკი.

ეს როგორ ხდება ასე? მაინცადამაინც “ქართული ოცნების” დელეგატი როგორ აშენებს?” – იკითხა ბათუმის საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.

ვაჟა დარჩიამ საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კუთვნილი კომპანიის მიერ უნებართვო მშენებლობაზე მიუთითა, რომელიც ბათუმის მერის კაბინეტის ფანჯრების წინ უნებართვოდ აშენებს.

ამ თემაზე: „ოცნების“ დეპუტატმა ბათუმის მერიის წინ სახლს უკანონოდ დააშენა ორი სართული

ვაჟა დარჩია ამბობს, რომ ამ და სხვა არაერთი უკანონო მშენებლობის გამო ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე ეხება კორუფციას. ამიტომ, საჭიროა შეიქმნას ანტიკორუფციული ჯგუფი, რომელიც მსგავს შემთხვევებს შეისწავლის.

„საკრებულოში არსებობს სამუშაო ჯგუფის პრაქტიკა, რეგლამენტი ითვალისწინებს. ჩვენ გვინდა, რომ ამ ჯგუფში იყვნებ საკრებულოს წევრებიც, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იყოს არქიტექტურის სამსახური, მერია იყოს ჩართული, ჩაერთონ ექსპერტები და ვიმუშაოთ,“ – ამბობს ვაჟა დარჩია.

მისი თქმით, ანტიკორუფციულმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს ურბანულ საკითხებში დაგროვილი პრობლემები – იქნება ეს უნებართვო მშენებლობები თუ ტენდერების მოგება ისეთი კომპანიების მიერ, რომლებიც ვერ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს.

„მთავარია არსებობდეს პოლიტიკური ნება ახლა ამაზე მუშაობისთვის,“ – ამბობს ვაჟა დარჩია.

საკრებულოს წევრის თქმით, ის უახლოეს მომავალში წერილობით დაარეგისტრირებს ინიციატივას ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნის შესახებ. ამის შემდეგ ბათუმის საკრებულო იძულებული იქნება წერილობით გასცეს პასუხი დეპუტატის ინიციატივას – დადებითი ან უარყოფითი.

„ქართული ოცნება“ კამპანიურად ებრძვის კორუფციას, მაგრამ ეს ბრძოლა ფასადურია,“ – ამბობს ვაჟა დარჩია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: