ქართველი ემიგრანტები „ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში ხმას ვეღარ მისცემენ უცხოეთში. „ოცნება“ საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანას უახლოეს მომავალში გეგმავს. ამის შესახებ დღეს, 17 ნოემბერს „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
განცხადება „ბათუმელებს“ რუსუდან ქოროღლიშვილმა მიაწოდა. ის გერმანიაში, საუნივერსიტეტო ქალაქ მარბურგთან ახლოს ცხოვრობს.
ემიგრანტებს თავიანთ განცხადებაში მოჰყავთ ამონარიდები საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მიხედვითაც მათი ხმის უფლება გარანტირებული უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის ემიგრაციაშიც.
„ჩვენი ხმა – ჩვენი სახელმწიფოა!
ჩვენი არჩევანი – ჩვენი უფლებაა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით!
ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას და არა პრივილეგიას!
ემიგრანტები მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს:
„მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს – ევროკავშირს, ევროპარლამენტს, აშშ-ს, ევროპის საბჭოს, საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასა და ინსტიტუციებს – გამოიყენონ ყველა დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი, რათა მხარი დაგვიჭირონ საქართველოს მოქალაქეებს ამ ბრძოლაში და განახორციელონ აქტიური მონიტორინგი, რადგან ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა წარმოადგენს დემოკრატიის განადგურების ბოლო ინდიკატორს და არჩევანის უფლების შეზღუდვა არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი.
ეს საქართველოს კონსტიტუციის მიზანმიმართული დარღვევა, ადამიანის ფუნდამენტური უფლების გათელვა და მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების სისტემური დემონტაჟია, რადგან ჩვენი ხმა არის საქართველოს სახელმწიფო!
საქართველოს დიასპორა ქვეყნის განუყოფელი ნაწილია! ჩვენ ბევრი ვართ! ჩვენ ყველგან ვართ! ჩვენს ხმას ვერავინ ჩაახშობს!“ – წერენ ემიგრანტები.
____________
ფოტოზე: ქართველი ემიგრანტების აქცია გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში. 2024 წელი






