2025 წლის 9 თვეში ბათუმის ბიუჯეტში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის სახით 4 მილიონ 974 000 ლარი შევიდა. ეს თანხა ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში, „სხვა შემოსავლებშია“ ასახული და მშენებლობის ნებართვისა და კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელს მოიცავს, გარდა განსაკუთრებული მშენებლობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა.
ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ბათუმის განაშენიანება გენგეგმის გარეშე გაცილებით სწრაფი ტემპით გრძელდება.
ზოგადად, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით ქალაქის ბიუჯეტში 9 თვეში 65 მილიონ 398 900 ლარი შევიდა, მათ შორის არის მშენებლობის მოსაკრებელიც.
„სხვა შემოსავლების“ 9 თვის საპროგნოზო მოცულობა მთლიანობაში 2025 წლის ბიუჯეტში 75,3 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 96,5 მილიონი ლარი შეადგინა.
საერთო ჯამში, სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 28,2%-ს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში სხვა შემოსავლების მაჩვენებლები ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგია:
- საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 13 მილიონ 071 200 ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის, 8 მილიონ 197 ათასი ლარის 159,5%-ია.
- პროცენტებიდან მობილიზებულია 10 მილიონ 840 ათასი ლარი, რაც სამი კვარტლის გეგმის – 6 მილიონ 317 ათასი ლარის 171,6%-ს შეადგენს.
- რენტის სახით მიღებულია 2 მილიონ 231 ათასი ლარი, რაც სამი კვარტლის გეგმის 118,7 პროცენტია. აქედან, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელზე მოდის 198 400 ლარი, მიწის იჯარიდან და მართვაში [უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა)] გადაცემიდან შემოსავალზე – 2 მილიონ 032 700 ლარი.
- საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მობილიზებულია 65 მილიონ 921 ათასი ლარი.
ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის 9 თვის ბიუჯეტის ფაქტობრივმა შემოსულობებმა შეადგინა 342,1 მილიონი ლარი. რაც შემოსულობების 2025 წლის მთლიანი გეგმური მაჩვენებლის 72,5%, ხოლო კვარტალთან მიმართებაში – 101,3 პროცენტია.






