მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარის დირექტორად დანიშნეს მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი

05.11.2025
ბათუმის ბულვარის დირექტორად დანიშნეს მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი

არჩილ ანთაძე, მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი, ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს.

ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 5 ნოემბერს გახდა ცნობილი.

არჩილ ანთაძე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე 2025 წლის 14 აპრილს დაკითხეს. ცრუ მოწმე პოლიციელს მზია ამაღლობელის ადვოკატმა სასამართლოზე აჩვენა კადრები, სადაც ჩანს, როგორ იფურთხება ის დაკავებული ქალის მიმართულებით, რომელიც ფეხშიშველი მიჰყავთ პოლიციელებს.

მას შემდეგ, რაც პოლიციელი იძულებული გახდა საკუთარი თავი ამოეცნო კადრებში, თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართულებით არ იფურთხებოდა.

ამას გარდა, ცრუ მოწმე პოლიციელმა არჩილ ანთაძემ სასამართლოზე ცრუ ჩვენება სხვა ეპიზოდზეც მისცა. ის ამტკიცებდა, რომ შეესწრო, როგორ ესაუბრებოდა მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს. მან ამ საუბრის დეტალებს მოჰყვა კიდეც სასამართლო სხდომაზე და თქვა, რომ „მზია ამაღლობელი გამოხატავდა აგრესიას დგებუაძის და პოლიციის მიმართ“.

კადრებში კი, რომელიც სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა არჩილ ანთაძეს აჩვენა, ჩანს, რომ მაშინ, როცა მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძეს ელაპარაკებოდა, არჩილ ანთაძე მოშორებით, დგებუაძისა და ამაღლობელისკენ ზურგშექცევით იდგა და აქციის მონაწილეებთან კამათობდა.

არჩილ ანთაძე იმ ცრუმოწმე პოლიციელებს შორისაა, რომლებიც ლიეტუვამ დაასანქცირა მზია ამაღლობელის საქმეზე მიცემული ცრუ ჩვენებების გამო.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ბულვარის აწ უკვე ყოფილი დირექტორი, ლაშა მიქელაძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

ლაშა მიქელაძე ბათუმის ბულვარის დირექტორად 2022 წლიდან მუშაობდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ზაზა შავაძე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ამავე თემაზე:

პოლიციელ არჩილ ანთაძეს ადვოკატმა „აიძულა“ საკუთარი თავი ამოეცნო კადრებში – კიდევ 1 ცრუ მოწმე

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: