მთავარი,სიახლეები

რა უპასუხა პაპუაშვილმა შეკითხვას 71 წლის დევნილი ქალის აქციაზე დაკავების შესახებ

03.11.2025
რა უპასუხა პაპუაშვილმა შეკითხვას 71 წლის დევნილი ქალის აქციაზე დაკავების შესახებ

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონით 71 წლის დევნილი ქალის დაკავებაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირის ელჩს აკისრებს.

აზა ჩილაჩავა პარლამენტის შენობის მიმდებარედ გუშინ, 2 ნოემბერს დააკავეს. ჟურნალისტებმა დღეს შალვა პაპუაშვილს ჰკითხეს, აფხაზეთიდან დევნილი ქალის დაკავების შესახებ.

„საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად.  ხელისუფლება ვერ დაუშვებს, რომ 50-მა ადამიანმა საკუთარი ნება მოახვიოს მილიონნახევრიან ქალაქს.

ხედავთ თქვენ იმ უკმაყოფილებას, რომელიც არის საზოგადოებაში ამ უშინაარსო ქმედებების და რადიკალიზმის მიმართ. რომლის მთავარი მომენტი იყო 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმი და იგივე ხალხი ახლა ცდილობს კიდევ ერთხელ იმავე წრეზე წასვლას, რომლის ბოლოც რომელიმე შენობის შტურმით უნდა დამთავრდეს, ამის ნაწილია ეს ყველაფერი.

ხელისუფლება მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად. მათ შორის, თუკი დაკავებულ პირებთან დაკავშირებით არის საჭირო რაიმე ჰუმანური გადაწყვეტილება, ამაზეც ხედავთ, რომ პროკურატურა ადეკვატურად რეაგირებს.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს… თქვენ, როგორც მედიამ, მიწერეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ჩამოვიდა მოტყუებით, თითქოს აქ რაღაც შეხვედრები უნდოდა… ამ შეხვედრის შემდეგ გავიდა და გადაკეტა რუსთაველის გამზირი, მონაწილე იყო ამ ყველაფრის.

ვინც 20 ადამიანის გადაკეტილ ქუჩაზე 21-ე ადამიანად დგება, ისიც კეტავს იმ ქუჩას. თავად მივიდა, რუსთაველის გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო. ექსტრემისტებს ესაუბრა… შეგახსენებთ, ის მივიდა იქ, მეყანწიშვილია მგონი ის ქალბატონი, რომლის მიმართ ახლა მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე. ამ ადამიანთან მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს თავმჯდომარის მანდატით, გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო და ამით   მოიწონა რუსთაველის გადაკეტვა, მოიწონა მოძალადეები, მოიწონა რადიკალიზმი და შეაგულიანა, რომ ხვალაც, ზეგაც, მაზეგაც გადაკეტეთ რუსთაველის გამზირი 20-მა ადამიანმაო.

ზუსტად მისი დამსახურებაა, რომ 71 წლის ადამიანი, ამ ტალღას მიყოლილი, რომ ნახა, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს, ამით შეგულიანებულმა, სავარაუდოდ, მიიღო მონაწილეობა გზის გადაკეტვაში, რაზეც შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაა. ასე რომ, ამაზე მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ევროკავშირის ელჩზე, რომელსაც ხმა არ ამოუღია 4 ოქტომბრის შტურმზე, ერთი სიტყვით არ დაუგმია 4 ოქტომბრის შტურმი, ევროკავშირის ელჩს. იწონებენ, სოლიდარობას უცხადებენ რადიკალებს. პასუხისმგებლობაა ევროკომისიის პრესსპიკერზე, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა რადიკალებს, 50 ადამიანს, რომლებიც ქუჩას კეტავენ, აი, ამისი შედეგი არის, რომ ადამიანები მიყვებიან მათ შეგულიანებას და მოწოდებას და მონაწილეობას იღებენ კანონდარღვევაში.

ასე, რომ ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს, რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად“,- თქვა შალვა პაპუაშვილმა.

აზა ჩილაჩავა 2 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა პოლიციამ. ის სავარაუდოდ დაკავებულია პროტესტში მონაწილეობის გამო, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვისათვის.

საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვა „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულად 17 ოქტომბერს აქცია.

„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობას საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს, „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რითაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა ან აქციაზე პირბადით ყოფნა პირველ ჯერზე, 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.

განმეორებითობის შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: