დღეს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთი წლის შემდეგ, თბილისში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება.
საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს ტრიბუნიდან მიმართა „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ აღქმულ მიწამდე, დასავლურ ქრისტიანულ ცივილიზაციამდე, იქ, სადაც ჩვენი სახლია.
აქ შეკრებილებს განსაკუთრებულად გაქვთ ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება, სწორედ ამიტომ მიგიჩნევთ თქვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებად, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ციხეშია, მივესალმები მათ და მინდა ვთხოვო, რომ გქონდეთ ჩვენი იმედი, გქონდეთ პროტესტის იმედი.
„ნუ შეურაცხყოფთ სახლსა ჩვენსა და ნუ მიატოვებთ სიყვარულს ბერძენთასა“ – ეს სიტყვები ვახტანგ გორგასლის ანდერძიდანაა.
მე მჯერა, რომ ეს ანდერძია ამ პროტესტის ძრავიც, ეს ანდერძი განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას და ამ რეჟიმს ვუპირისპირდებით სწორედ იმიტომ, რომ ის შეურაცხყოფს ქართველობას, დასავლეთს გვიცხადებს მტრად და ვახტანგ გორგასალს სულში აფურთხებს.
მე მჯერა, რომ აი, ეს სულისკვეთება იქნება ის, რაც რეჟიმს მოგუდავს. მე მჯერა, რომ სწორედ ამ სულისკვეთებამ გააჩინა ის ბზარები, რის გამოც დღეს, რეჟიმის ყურმოჭრილ მონას უფრო ეშინია რეჟიმის შურისძიების, ვიდრე ჩვენ, საქართველოს რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც სინდისი არ გავყიდეთ და სამშობლოს ვიცავთ.
ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება.
ამიტომ ყველას, ვინც ამ პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, რო დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე და გაგვაგებინოთ ვინ ხართ. იმისთვის რომ უკუკავშირი შევძლოთ, უკეთ ვორგანიზდეთ, უკეთ დავიცვათ ერთმანეთი. არ დავაჭერინოთ რეჟიმს არავინ, იმისთვის, რომ პროტესტი რეჟიმს უფრო ძვირი დავუსვათ, ვიდრე ჩვენ და გავიტანოთ გოლი.
ინდივიდუალურად, როგორც არ უნდა გვაღიზიანებდეს თითოეული ჩვენგანი, არსებობს კოლექტიური სიბრძნე, არსებობს ვაჟა რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ქართველი ხალხი, ბრძენია. მას შეიძლება არ ესმოდეს, მაგრამ გრძნობს რას კარგავს და სწორედ ეს გრძნობა აძლებინებს ამ პროტესტს აქამდე.
ჩვენ თუ ერთად ვიდგებით, ფასეულობების და არა პარტიებისა და პიროვნებების გარშემო, აუცილებლად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე.
აუცილებლად გადადგება ივანიშვილის რეჟიმი, აუცილებლად წავა ივანიშვილი და დაინიშნება თავისუფალი არჩევნები. ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალას, რომელსაც შემდეგ მიანიჭებს იმ პარტიებს, რომლებიც თქვენს ინტერესებს დაიცავენ და არა ერთი კაცის ინტერესებს, როგორც აქამდე ხდებოდა.
თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს, თქვენ გაგიმარჯოთ,“ – თქვა „ფედერალისტების” ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს უწყვეტი პროტესტის 333-ე დღეა. 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენს მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თქვა რომ ქვეყანა 2028 წლამდე უარს ამბობდა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე.






