შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, აქციის 60 მონაწილე დააკავეს.
„მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ დაემორჩილნენ, კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“ – წერს შსს.
დაკავებულთა რაოდენობა „ბათუმელებმაც“ აღრიცხა. ჩვენი ინფორმაციით, 19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 90-ზე მეტი ადამიანი დააკავა რუსთაველის გამზირზე „გზის გადაკეტვის“ გამო. მათ შორის არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები: ექიმები, მწერლები, სტუდენტები, პენსიონერები, ფინანსისტები, ჟურნალისტები და ა.შ.
გზის გადაკეტვის გამო დაკავებები შსს-მ 19 ოქტომბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვა „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულად 17 ოქტომბერს აქცია რუსთაველის პროტესტის შესაჩერებლად.
კერძოდ, „ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, პირველ ჯერზე, 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.
მიუხედავად რეპრესიული კანონისა, რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს ისევ იკეტება.
_________________
ფოტოზე: ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი, რომელსაც 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს გზის გადაკეტვის საბაბით.
ამავე თემაზე:
მინიმუმ 90 ადამიანია დაკავებული „გზის გადაკეტვის გამო“ ბოლო 6 დღეში






