მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს

24.10.2025
მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს

დღეს, 24 ოქტომბერს, ვენაში, IPI-ის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და მედია მენეჯერს, უკანონო პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს.

ჯილდო მზია ამაღლობელის სახელით ბათუმელები/ნეტგაზეთის დირექტორის მოადგილემ, თამარ რუხაძემ აიღო.

ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული. მზია ამაღლობელთან ერთად ჯილდო 6 სხვა ჟურნალისტს გადაეცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„შვიდი გამორჩეული ჟურნალისტი საქართველოდან, აშშ-დან, ღაზას სექტორიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან 2025 წლის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირებად დასახელდა თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული გამბედაობისა და გამძლეობისთვის.

ბევრმა განიცადა პატიმრობა, რეპრესიები და დაუნდობელი მცდელობები მათი საქმიანობის გასაჩუმებლად, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ რეპორტაჟების მომზადებას შესანიშნავი გამძლეობითა და ჟურნალისტიკისადმი ერთგულებით.

დაჯილდოვებულთაგან ორი, ორივე ქალი, დაიღუპა ომის ზონებიდან მსოფლიოსთვის ახალი ამბების მიწოდებისას. ეს ჯილდო პატივს მიაგებს მათ მემკვიდრეობას.  

კიდევ ორი ​​დაჯილდოვებული ამჟამად ციხეშია პრესისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე,“ – ნათქვამია IPI-IMS-ის მიერ გავრცელებულ რელიზში.

მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) საერთაშორისო მედიის მხარდაჭერ (IMS-სთან) პარტნიორობით, აღიარებს ჟურნალისტებს, რომლებმაც გამოავლინეს ურყევი ერთგულება პრესის თავისუფლების მიმართ.

IPI აჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ უშიშარი ჟურნალისტიკის სულისკვეთებას და თავისუფალი გამოხატვისთვის მუდმივ ბრძოლას.

2025 წლის ჯილდოს მფლობელები, რომლებიც IPI-IMS-ის საერთაშორისო შერჩევის კომიტეტმა შეარჩია, არიან: მზია ამაღლობელი საქართველოდან, მარტინ ბარონი აშშ-დან, მარიამ აბუ დაგა პალესტინიდან (ჯილდო გადაეცა სიკვდილის შემდეგ), გუსტავო გორიტი პერუდან, ჯიმი ლაი ჰონგ კონგიდან, ვიქტორია როშჩინა უკრაინიდან (ჯილდო გადაეცა სიკვდილის შემდეგ), ტესფალემ ვალდიესი ეთიოპიიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: