დღეს, 22 ოქტომბერს, მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.
მაია მწარიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ამბავი მზია ამაღლობელმა რუსთავის ქალთა კოლონიაში, ტელევიზორიდან შეიტყო.
პრემიის მიღების შემდეგ, მზია ამაღლობელის გზავნილი „ბათუმელებს“ მისმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა გაუზიარა.
„დღეს მოვინახულე მზია ციხეში. ტელევიზიით შეიტყო, რომ სახაროვის პრემია მიენიჭა.
გაუხარდა.
მზიამ მითხრა, რომ ეს პრიზი მხოლოდ მას არ ეკუთვნის. ის ეკუთვნის ყველა მის კოლეგას, რომლებიც შეუპოვრად იბრძვიან პროფესიული ღირებულებებისა და დემოკრატიისთვის. ეკუთვნის ყველა სინდისის და პოლიტიკურ პატიმარს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც რუსთაველზე დგანან და მათი წინააღმდეგობის ხმა ისმის ყოველ დღეს.
მზიამ თქვა:
„ეს პრიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, თუ ყველა, ვინც ამ ბრძოლაშია – ჩემი მამაცი კოლეგები, სინდისის პატიმრები, თითოეული მოქალაქე, ყველა, ვინც თავისუფლების ფასადაც კი აპროტესტებს უსამართლობას, ამ პრიზს თავისად მიიჩნევს.
ვფიქრობ, ახლა განწყობების დრო არ არის და ბრძოლა მთავრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიმარჯვებთ.
ამ ბრძოლაში მტრები შიგნით არ უნდა ვეძებოთ, რადგან ერთადერთი მტერი რუსეთია და ისინი, ვინც მას ემსახურებიან.
მახსოვს, როგორ შევქმენი „ბათუმელები“ ეთერთან ერთად, მხოლოდ ენთუზიაზმითა და იდეალებით, მაშინ, როდესაც აჭარაში რუსული ტანკი იდგა და დედაქალაქში ჩამოსასვლელად მათი საზღვარი უნდა გამევლო.
ის დავძლიეთ და ეს მაიმედებს, რომ რუსული ხელისუფლება საქართველოში ვერ გაიმარჯვებს.
თუ ეს ჯილდო ადამიანებისთვის გახდება იმის ნიშანი, რომ ბოლოს მაინც ღირებულებები იმარჯვებს, ბოლოს მაინც ფასდება ის მსხვერპლი, რასაც თითოეული ადამიანი იღებს, მაშინ ამ ყველაფერს აქვს აზრი.
თუ ის პატარა გოგონები, მათ შორის ჩემი ახალგაზრდა კოლეგები, ყოველდღე რომ დაარბენინებს პოლიცია განყოფილებებში, შემდეგ სასამართლოში და შემდეგ ციხე-ციხე, ხან მცირეწლოვან ბავშვს რომ დაუტოვებენ ქუჩაში ან სახლში დაატოვებინებენ მარტოს, ვინაიდან უკვე 12 წლისაა, ჩათვლიან, რომ ეს პრიზი მათია, მაშინ ყველაფერს ჰქონია აზრი.
თუ ეს ჯილდო მათთვის იქნება იმედი იმისი, რომ მათი ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება, მაშინ, რასაკვირველია, ამ ყველაფერს აქვს აზრი.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლის ხმა მივიტანოთ ყველგან.
სტუდენტებმა, ლექტორებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც უცხოეთში სწავლობს, ყველამ უნდა მიაწვდინოს ხმა თავის ლექტორებს, მეგობრებს, ნაცნობებს, კოლეგებს, თუ როგორ იბრძვიან აქ რუსთაველზე ყოველ დღეს.
ქვეყნის გარეთ ყველგან, ყველა უნივერსიტეტში, აუდიტორიაში, კონფერენციაზე უნდა ისმოდეს ჩვენი ხმა – ეს არის ჩვენი გადარჩენის მთავარი გარანტია.
და რაც მთავარია – ის, რომ დღეს ამ ბრძოლის ხმა ისმის, მხოლოდ ჩემი კოლეგების შეუპოვარი ბრძოლის დამსახურებაა და ამიტომაც ეკუთვნით მათ ეს პრიზი.
გთხოვთ, გაიტანეთ ამ ბრძოლის ხმა ქვეყნის გარეთ ისე, ვისაც როგორ შეგიძლიათ“.
მაია მწარიაშვილის თქმით, პირადად მისთვის, როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს მიღება, პირველ რიგში, მზიას დამსახურებაა.
„მას ამ ღირებულებების სჯეროდა მაშინაც, როდესაც ამ ქვეყანაში ცოტას სჯეროდა. მე მისი სიმართლის პირველივე შეხვედრიდან მჯეროდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ის სწორედ მისი ღირებულებების გამო არის იქ, სადაც არის. მჯეროდა, რომ ცივილიზებული სამყარო სწორად დაინახავდა და შეაფასებდა, რატომ ზის დღეს მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ეს პრიზი არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში პროგრესია. ეს არ ნიშნავს, რომ აქ ადამიანის უფლებებს იცავენ, ან დემოკრატია არსებობს. ეს ნიშნავს ყველაფერს პირიქით.
ამიტომ ამ ძალზე მაღალ და საპატიო ჯილდოს აქვს ორი მხარე: ერთი, რომელიც არ შეიძლება გიხაროდეს ადამიანს, რომელსაც გიყვარს სამშობლო და საკუთარი ქვეყნის წარმატებისა და პროგრესისთვის გიშრომია. ასეთ პრიზზე არ ხდება დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეების ნომინირება.
ამიტომ, ამ პრიზის მიღება არის საგანგაშო სიგნალიც.
ჩემთვის, როგორც მისი ადვოკატისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიული სამყაროსათვის მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი, რომელიც უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. მზიას ეს პრიზი გადაეცა საკუთარი ქვეყნის უანგარო სამსახურისათვის, ღირებულებების ერთგულებისა და პროფესიული გამბედაობისათვის. ვულოცავ
მას ამ აღიარებას,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა „ბათუმელებთან“.

მაია მწარიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი
მაია მწარიაშვილს ვკითხეთ, როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაიმე სახის კვლევა ჩაუტარდა თუ არ მას საპატიმროში.
„ფიზიკურად ძალიან გამხდარია. დრამატული კლება აქვს წონაში. მხედველობის ბოლო კვლევით მისი ერთი თვალის მხედველობა მხოლოდ 10%-მდე იყო შენარჩუნებული. დღეს, არავინ იცის, კვლავ 10% -ია, თუ კიდევ დავარდა. სამწუხაროდ, მისი დაავადება შეუქცევადია და სათანადო სამედიცინო ჩარევის გარეშე მისი გაუარესება ვერ შეჩერდება.
სასჯელაღსრულების სისტემა სრულიად უმოქმედოა ამ თვალსაზრისით,” – ამბობს მაია მწარიაშვილი.
ამავე თემაზე:
მზია ამაღლობელმა მიიღო ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია






