მთავარი,სიახლეები

თბილისში პოლიციამ მოქალაქეს პირბადის მოხსნა და კბილის ჩვენება მოსთხოვა

22.10.2025
თბილისში პოლიციამ მოქალაქეს პირბადის მოხსნა და კბილის ჩვენება მოსთხოვა

21 ოქტომბერს, ღამით, თბილისში 10-მდე პოლიციელმა პირბადის ტარების გამო გააჩერა და შეამოწმა ორი გოგო. როგორც ჩანს, პოლიციამ ჩათვალა, რომ ისინი პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ გოგოებმა პოლიციელებს უთხრეს, რომ K-POP კონცერტიდან მოდიოდნენ.

შემთხვევა მეტრო „თავისუფლების“ მიმდებარედ მოხდა.

მოქალაქემ განმარტა, რომ სამედიცინო პირბადე იმიტომ ეკეთა, რომ კბილებს იკეთებდა, თუმცა პოლიციამ მას პირბადის მოხსნა მაინც მოსთხოვა, რის შემდეგად მოქალაქემ პოლიციას კბილები აჩვენა.

„აი, არ მაქვს [კბილი]. რა საქციელია, პირბადე რომ მიკეთია, იმიტომ გამაჩერეთ?” – მიმართა მან პოლიციელს. ამის შემდეგ მან პოლიციას კონცერტის ბილეთი აჩვენა.

„სირცხვილია, რისთვის მაჩერებთ, მართლა“ – უთხრა მან პოლიციას.

„არა, სირცხვილი არა. გავარკვევთ და გაგიშვებთ. ჩვენი საქმე ეს არის”, – უპასუხა მას პოლიციელმა.

გოგოებმა თქვეს, რომ პროევროპული აქციების მონაწილეები არ არიან.

კითხვაზე, აქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეები პირბადის ტარების გამო არაერთი მოქალაქე დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს, მოქალაქემ უპასუხა:

„კი, როგორ არა, მაგრამ მეც თუ გამოვცდიდი ამას, არ მეგონა, იმიტომ, რომ უბრალოდ მოვდიოდი სახლში”.

მისმა თანმხლებმა გოგომ კი დასძინა:

„არა, არა, ეგენი ჩემგან შორს, მე ნაჭამი ვიყო მთავარია, ეგეთი რაღაცები არ მაინტერესებს“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლიცია თბილისში საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ მოქალაქეებს ქუჩაში პირბადეს უმოწმებს. 20 ოქტომბერს პოლიციამ შეაჩერა მოქალაქე, რომელსაც სამედიცინო ნიღაბი ჰქონდა, მას ფოტო გადაუღო, სამედიცინო პირბადე დალუქა და ოქმი შეადგინა.

„ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული მორიგი რეპრესიული კანონის თანახმად აქციის მონაწილეების მიერ სახის დაფარვა, მათ შორის სამედიცინო პირბადითაც კი, ისჯება 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით პირველივე ჯერზე. ასევე, ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება აქციის მონაწილეების მიერ გზის გადაკეტვა.

ბოლო 2 დღეში, პროტესტის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი რეპრესიული კანონებით, 14 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ტელეკომპანია „ფორმულას“ სამი ჟურნალისტი.

ნახეთ ვიდეო: 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: