64 წლის ალექსანდრე გოგოლაძე 6 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იმ დღეს კიდევ 12 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ პროკურატურა სისხლის სამართლის ორი მუხლით ედავება – სახელმწიფო ობიექტის ხელში ჩაგდება, ჯგუფური ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება. ალექსანდრე გოგოლაძე და სხვა პირებიც, 4 ოქტომბერს, თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს.
ალექსანდრე გოგოლაძე ბრალს არ აღიარებს. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და პატიმრობამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.
„ბათუმელები“ ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატს, გიორგი ჭოჭუას ესაუბრა.
ადვოკატის თქმით, ზოგადად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას კონტრაქტი აქვს გაფორმებული სამედიცინო დაწესებულებასთან, რომ უზრუნველყოს ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება, მაგრამ ეს არ არის ხელმისაწვდომი, რადგან დიდი რიგებია და სამედიცინო დახმარება ხორციელდება დაგვიანებით.
„შესაბამისად, ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, ალექსანდრე გოგოლაძის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ალექსანდრე გოგოლაძე გადის ქიმიოთერაპიას და კიდევ დამატებით იღებს რამდენიმე მედიკამენტს. ციხის პირობებში კი სრულყოფილი მკურნალობა ძალიან რთულია“ – ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, ალექსანდრე გოგოლაძის 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მიუხედავად დასაბუთებისა.
„ბრალდებულმაც სთხოვა მოსამართლეს, აუხსნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ მაინც არ გაითვალისწინა მოსამართლემ.
მე პრაქტიკაში ისეთი შემთხვევაც მქონია, როცა პატიმარი ხელით შემოიყვანეს და გაიყვანეს სასამართლო დარბაზიდან, მაგრამ მაინც არ გაითვალისწინა პატიმრის მდგომარეობა სასამართლომ, იმდენად გაუარესებულია მიდგომა“ – ამბობს გიორგი ჭოჭუა.
რამდენად აისახება ან შესაძლოა აისახა „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება, სასამართლო გადაწყვეტილებებზე, როცა მან საპროტესტო აქციებში მონაწილეებზე განაცხადა, რომ ექნებათ „ნულოვანი თანაგრძნობა“ ამ ადამიანების მიმართ? – ვკითხეთ ადვოკატს.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ალექსანდრე გოგოლაძე აბსურდული ბრალდებით არის დაკავებული და არ არსებობს იმის მტკიცებულება, რასაც ედავებიან.
„ალბათ მინიშნებაა სასამართლოსთვის, როგორ უნდა იმოქმედონ. თუმცა ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია მსგავსი დანაშაული.
ვიდეოჩანაწერი აქვთ მხოლოდ, სადაც ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი გადაადგილდება პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე და არავისზე არ ძალადობს.
ამიტომ, სრულიად აბსურდული ბრალი აქვს წაყენებული, 222-ე და 225-ე მუხლები, რაც 4-იდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საერთაშორისო გამოცდილებაც ასეთია და ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსიც გვეუბნება იმას, რომ პატიმრობა არის უკიდურესი ფორმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, ან მოწმეებზე ზემოქმედების, ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და 64 წლის ადამიანმა, რომელსაც ჯანმრთელობის ძალიან მძიმე პრობლემები აქვს, რა ახალი დანაშაული უნდა ჩაიდინოს? ნასამართლობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი, მშვიდობიანი მოქალაქეა.
შვილი ჰყავს, შვილიშვილი, ხანდაზმული მშობლები. ნორმალური ქართული ოჯახი აქვს.
არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ყოფილა არასოდეს. ერთი რიგითი, ღირსეული მოქალაქეა“ – ამბობს გიორგი ჭოჭუა.
ალექსანდრე გოგოლაძე ორთვიან, წინასწარ პატიმრობაშია. სასამართლოს პირველი სხდომა 27 ნოემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.
____________________
მთავარი ფოტო: გიორგი ჭოჭუა/ადვოკატი






