მთავარი,სიახლეები

„ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასო მოხსნილია, საგადასახადო შეთანხმების საკითხი გაურკვეველი

16.10.2025
„ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასო მოხსნილია, საგადასახადო შეთანხმების საკითხი გაურკვეველი

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, შპს „გაზეთ ბათუმელების“ საბანკო ანგარიშებს ინკასო მოეხსნა. ინკასო ორგანიზაციის ანგარიშებზე წვდომას თითქმის 3 თვის განმავლობაში გვიზღუდავდა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა ორგანიზაციის ფუნქციონირებას.

მას შემდეგ, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი ინკასოს შესახებ, „ბათუმელები/ნეტგაზეთს“ მკითხველმა შეუგროვა 120 ათას ლარამდე თანხა, შესაბამისად, მალევე სრულად დაიფარა დავალიანების ძირი თანხა – 47 ათასი ლარი.

„ბათუმელები/ნეტგაზეთი“ უზომოდ მადლიერია თავისი მკითხველის.

„ბათუმელები“ 8 ოქტომბრამდე ელოდა შემოსავლების სამსახურის მიერ საჯაროდ გაცხადებულ მზაობას საგადასახადო შეთანხმების შესახებ, მაგრამ თითქმის სამთხთვიანი ლოდინის შემდეგ ამ საკითხზე სიჩუმის შემდეგ, „ბათუმელები/ნეტგაზეთმა“ ინკასოს მოხსნის თაობაზე ისევ მიმართა შემოსავლების სამსახურს – 2025 წლის 8 ოქტომბერს წერილობით ვითხოვეთ იქამდე მოგვიხსნან ორგანიზაციის ანგარიშებზე ინკასო, ვიდრე საგადასახადო შეთანხმების საკითხი წარმოებაშია.

შემოსავლების სამსახურისთვის გაგზავნილი წერილი: „გაცნობებთ, რომ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საბანკო ანგარიშებს ადევს ყადაღა.

2025 წლის 22 ივლისს, შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო: „შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს…“

სამსახურის ამ განცხადების შემდეგ, 2025 წლის 24 ივლისს, მივმართეთ შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. ეს განცხადება შემოსავლების სამსახურში წარმოებაშია და პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ანგარიშებზე ყადაღის დადების გამო მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ორგანიზაციის საქმიანობას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 პუნქტის ა-ქვეპუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, გააუქმოთ „ბათუმელების“ ანგარიშებზე ყადაღა/ინკასო იმ ვადით, ვიდრე ორგანიზაციის 2025 წლის 24 ივლისის განცხადება საგადასახადო შეთანხმებაზე წარმოებაშია.“

სწორედ ამ მიმართვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელებს“ წერილობით აცნობა, რომ ორგანიზაციის ანგარიშებს ინკასო მოხსნეს.

  • რა ხდება?

2025 წლის პირველ ივლისს „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ „ბათუმელებს“ ვალი აქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება. ანუ აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას გაყიდის. საუბარია რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისზე.

„ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა თანხას მის დასაფარად.

ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. უარი გვითხრეს.

17 ივლისს კი, „ბათუმელების“ ანგარიშებს დაადეს ინკასო.

„ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ 22 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, „შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება, რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“.

ამ განცხადების გავრცელების დროისთვის, ანუ 22 ივლისს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დავალიანება იყო 282 ათასი ლარი. მათ შორის ძირი თანხა იყო 47 ათასი ლარი, საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.

საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, „ბათუმელები“ გამოთქვამს მზადყოფნას, 50 ათასი ლარი გადაიხადოს 30 დღის ვადაში.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე ამ დროისთვის არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი.

ამ ეტაპზე „ბათუმელები“ შემოსავლების სამსახურისგან ელოდება პასუხს 2025 წლის 24 ივლისის განცხადებაზე – საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: