4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული 57 წლის კახა მჟავანაძე პატიმრობაში დატოვეს. კახა მჟავანაძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მეუღლე დიალიზზეა და მკურნალობისთვის ქუთაისში უწევს წასვლა. სწორედ კახა მჟავანაძე ეხმარებოდა მეუღლეს ექიმთან წასვლაში.
რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ კახა მჟავანაძის ოჯახის მდგომარეობა და რა ელის მის მეუღლეს, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს? – „ბათუმელები“ ესაუბრა კახა მჟავანაძის ადვოკატს, ზურაბ ყულიაშვილს.
„კახა მჟავანაძეს ორი შვილი ჰყავს, ისინი სტუდენტები არიან და თბილისში ცხოვრობენ. ცხადია, გაუჭირდებათ სტუდენტებს დედის მოვლა, რადგან დედა ვანში ცხოვრობს და იქიდან დაჰყავდათ ქუთაისში.
ოჯახის წევრებს სტაბილური შემოსავალი არ აქვთ, დროებით სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული, თუკი სადმე რაიმე გამოჩნდებოდა“- ამბობს კახა მჟავანაძის ადვოკატი ზურაბ ყულიაშვილი.
მისი თქმით, კახა მჟავანაძე ყველაზე მეტად სწორედ მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიცდის, რომ პატიმრობის გამო, მას ვერ დაეხმარება და მეუღლეს ყურადღება მოაკლდება.
„რა თქმა უნდა, სასამართლო პროცესზე დავაფიქსირეთ დაკავებულის ოჯახური მდგომარეობა, სხვა სამართლებრივ საკითხებთან ერთად, მაგრამ მოსამართლემ საერთოდ არ გაიზიარა არაფერი დაცვის მხარის პოზიციიდან. არც ოჯახურ მდგომარეობას ითვალისწინებენ, არც არავის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ისე გამოაქვთ გადაწყვეტილებები.
არცერთი საქმის მიმართ არ გამოუჩენიათ რაიმე ინდივიდუალური მიდგომა, არც პროკურატურას და არც მოსამართლეს. ერთიანად მოუსვეს ხელი ყველას, ვინც იქ იყო პროტესტის იმ ღამეს და ყველა დატოვეს პატიმრობაში“ – ამბობს ზურაბ ყულიაშვილი.
მისი თქმით, ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ვიდეო მტკიცებულებებს, სადაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩანს.
„კადრებში ჩანს, რომ მხოლოდ ის, რომ კახა მჟავანაძე4 ოქტომბერს იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც პროტესტი მიმდინარეობდა და არსად არ ჩანს, რომ ის რაიმე სახის ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობდა. მით უმეტეს, სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების მცდელობას ადგილი არ ჰქონია. არც პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შესულა, მცდელობაც კი არ ჰქონია, უბრალოდ დგას გარეთ ქუჩაში და მხოლოდ ეს ჩანს კადრში.
ამიტომ, კახა მჟავანაძის და თუნდაც სხვა დაკავებულების პატიმრობაში დატოვება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ ყველა დაკავებულს ერთი და იგივე, – სსკ-ის 222-ე და 225-ე მუხლებით აქვთ ბრალი წაყენებული.
უკვე რამდენი ადამიანი დააკავეს, სადღაც 40-მდე თუ არ ვცდები და მხოლოდ ისინი, ვისაც პირბადე ან აირწინაღი არ ეკეთა, სახეზე არაფერი არ ჰქონდა დაფარებული და ადვილი იყო მათი იდენტიფიცირება. ამიტომ არის ეს პოლიტიკური ნიშნით დაკავება და არა იმიტომ, რომ მათ რაიმე დანაშაული ჩაიდინეს“ – ამბობს ზურაბ ყულიაშვილი.
„რუსულმა რეჟიმმა დაგატუსაღა. შენ ძალიან ძლიერი და ამაყი ქართველი კაცი ხარ. მალე შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში“, „ივანიშვილი რუსული რეჟიმის კიდევ ერთი ტყვე, რომლის დანაშაული მხოლოდ სამშობლოს სიყვარულია“- ასე ეხმაურებიან კახა მჟავანაძის დაკავებას მისი მეგობრები ფეისბუქზე.
კახა მჟავანაძე 6 ოქტომბერს დააკავეს. იმავე დღეს დააკავეს კიდევ 12 პირი.
ყველა დაკავებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.






