შსს-ს ინფორმაციით 4 ოქტომბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციისას დაშავდნენ სამართალდამცველები.
დღეს, 5 ოქტომბერს, დაშავებული სამართალდამცავის შესახებ კომენტარი გააკეთა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ანი დალაქიშვილმა. ექიმის თქმით, კლინიკაში შეყვანილ ერთ პოლიციელს ქალა-ტვინის კეროვანი ტრავმა აქვს.
„გუშინ კომპიუტერული ტომოგრაფიით პაციენტთან გამოვლინდა ქალა-ტვინის კეროვანი ტრავმა, თუმცა დღეს დილით ჩაუტარდა განმეორებითი ტომოგრაფია სადაც დინამიკა გვაქვს დადებითი. რაიმე ოპერაციული ჩარევა არ იგეგმება, იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ,“ – თქვა ექიმმა ანი დალაქიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, აქციიდან ინგოროყვას კლინიკაში სულ 5 პაციენტი შეიყვანეს. აქედან სამ პაციენტს აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანებები და მალევე გაეწერნენ ბინაზე, ერთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას თავის ტვინის მსუბუქი შერყევით და ერთი პაციენტის მდგომარეობა კი იყო შედარებით საყურადღებო.
დღეს, 5 ოქტომბერს დაშავებული პოლიციელი მოინახულა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ. შსს-ს განმარტებით „4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე 30-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა“.
„აქციაზე დაშავდა 30-ზე მეტი პოლიციელი, რომელთა ნაწილი გაწერილი იქნა სახლში საშუალო დაზიანებებით. სამედიცინო დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ ორი სამართალდამცველი, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე გახლდათ გუშინ, დღეს კი შედარებით სტაბილურობა გვაქვს. ექიმების განმარტებით, მალე უკეთესობა გვექნება.
მსურს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო – პროპორციული ძალა საკმაოდ მაღალი სტანდარტით იქნა გამოყენებული.
მინდა, ასევე, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა“, – განაცხადა გელა გელაძემ.
შს მინისტრის კომენტარს და დაშავებული პოლიციელის კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.







