უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, პუტინს სურს ბრძოლის გაგრძელება, ახალ ტერიტორიებზე თავდასხმა და ამისთვის მას არ სჭირდება უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი შეჭრა ევროპის საჰაერო სივრცეში ამ განზრახვას ადასტურებს.
„მე მივიჩნევ, რომ პუტინს სხვა ტერიტორიებზე გაფართოება სურს.
ერთი წლის წინ ვუთხარი ჩემს კოლეგებს: ნუ დაელოდებით, სანამ ის უკრაინაში ომს დაასრულებს, რომ სხვაგან გააგრძელოს. მას შეუძლია სხვაგან დაიწყოს უკრაინაში ომის დასრულების გარეშე, რადგან მან იცის, რომ თავისი სამხედრო მანქანისთვის სჭირდება თავისი ქარხნები, ბიზნესმენების ახლო წრე, რომლებსაც ფული აქვთ, დიდი ფული სამხედრო სექტორში. მას სურს აჩვენოს, რომ ამის გაგრძელება შესაძლებელია“.
ზელენსკიმ დასძინა, რომ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც პუტინი კიევთან ნებისმიერ სამშვიდობო შეხვედრას ან მოლაპარაკებებს აჭიანურებს.
„მას (პუტინს) ასეთი შეხვედრის ეშინია, მას ჩემი არ ეშინია, შეხვედრის ეშინია, რადგან იქ რაღაც შედეგის მიღწევა სჭირდება. მაგრამ დღეს მისი სურვილი ომის გაგრძელებაა. რა თქმა უნდა, მან ეს პრეზიდენტ ტრამპს უთხრა და ვფიქრობ, ზოგჯერ, როდესაც ისინი საუბრობენ – რუსული და ამერიკული გუნდები – ისინიც ამბობენ, რომ მშვიდობა სურთ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
რას აკეთებს დღეს პუტინი? ის ნატოს სიგნალს უგზავნის. მას სურს ნახოს, როგორ შეუძლიათ თავიანთი ქვეყნების დაცვა და გრძნობს, რომ მათ არ შეუძლიათ.
…ეს გასაგებია – ისინი (ნატოს სამხედრო ძალები) პროფესიონალები არიან, მაგრამ ომში არ არიან. და რუსეთი ამ ომში 10 წელზე მეტია იმყოფება“, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პუტინზე საკმარისი ზეწოლა არ მოახდინა, რადგან ცდილობდა დაეტოვებინა პუტინთან მოლაპარაკებების დიპლომატიური გზა.
„ზეწოლა არ მოახდინა, რადგან გულწრფელად სურდა მოლაპარაკება. გულწრფელად სურდა შეხვედრა – ჩვენ შორის სამმხრივი შეხვედრა. მაგრამ პუტინმა, როგორც ყოველთვის, მე მჯერა, რომ სიტუაცია გამოიყენა. მან ფოტო გადაიღო ტრამპთან. მან ეს თავის აუდიტორიას – რუსულ საზოგადოებას – მიჰყიდა: „ნახეთ, მე აშშ-სთან ვარ და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ“, – თქვა ზელენსკიმ.






