მთავარი,სიახლეები

ხალხი იძახდა, ივანიშვილის ფულს მოგცემს, ფულსო. ჯერ კიდევ 2012 წელს შემეშინდა მისი მოსვლის – ემიგრანტი

24.09.2025 •
ხალხი იძახდა, ივანიშვილის ფულს მოგცემს, ფულსო. ჯერ კიდევ 2012 წელს შემეშინდა მისი მოსვლის – ემიგრანტი

„დიახ, ევროპაში ქართველობა ვერ წამართვეს, გერმანიაში ნებისმიერ დროს შემიძლია მქონდეს ქართული დროშა მხრებზე, ასე ვიარო მთელი დღე და არავინ მაძლევს შენიშვნას ამის გამო.

რა ქართველობის წართმევაზეა ლაპარაკი? – უბედურება და ყველაზე მტკივნეულია ის, რომ ამ პროცესში ვკარგავთ ადამიანებს.

უკან რომ გავიხედავ, ვხედავ ვისთან აღარ მაქვს ურთიერთობა, ძალიან ახლობელი რომ იყო. ზოგი ნათესავია, ბავშვობის მეგობარი,ზოგთან შეიძლება ნათელ-მირონიც მაქვს. ილუზია არსებობდა, რომ შეგვეძლო ეს ხალხი გამოგვეგლიჯა მათთვის ხელიდან. პარტიულობაზე არ არის ლაპარაკი, არამედ ჩვენს სამშობლოზე, განუკითხაობაზე, საშინელ სასამართლო სისტემაზე…

ეს აღარ უნდა მომხდარიყო თავისუფალ საქართველოში“, – საკუთარ გულისტკივილს გვიზიარებს ემიგრანტი რუსუდან ქოროღლიშვილი.

ის გერმანიაში, საუნივერსიტეტო ქალაქ მარბურგთან ახლოს ცხოვრობს, მეუღლესთან და შვილთან ერთად. მეუღლე გერმანელია და როცა ერთად ცხოვრება დაიწყეს, გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ საქართველოში დარჩებოდნენ, თუმცა ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ფიქრობდნენ.

რუსუდანი გვიყვება, რომ გერმანიაში უფრო სწრაფად გაიხსნა მისთვის არაერთი სამსახურის კარი, ვიდრე საქართველოში.

„ამიტომაც გადავწყვიტე აქ შემეძინა ის გამოცდილება, რითაც გამოვადგებოდი ჩემს ქვეყანას. გავიდა დრო, გაიზარდა ჩემი შვილი, ახლა სტუდენტია და ბოლო ორი-სამი წელი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში დაბრუნდება და გამოადგება ქვეყანას.

ამ თემებზე როცა ვსაუბრობ, ვნერვიულობ – ჩემი შვილი, რომელიც აქ გაიზარდა, მარტო საქართველოზე ფიქრობს. ქართული ენა ჩემი შვილისთვის მე არ მისწავლებია, კარიერაზე ვიყავი გადართული, მეუღლემ ასწავლა, ერთად სწავლობდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ. ერთი წამით არ შემიწყვეტია ფიქრი საქართველოზე, არც მე და არც ჩემს გერმანელ მეუღლეს. 

რუსუდანი თარჯიმანია, მაგრამ პროფესიით მუშაობა არ უცდია: „მეუღლე  მკურნალი პედაგოგია, 40-წლიანი გამოცდილებით, ორივე სოციალური თერაპიით ვართ დაკავებული. ბოლო 10 წელია ერთ დაწესებულებაში ვართ, სადაც ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

მე ვარ ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. ვაკეთებ პედაგოგიურ კონცეფციებს, როგორ განვითარდეს ვიღაც ინდივიდუალურად, ასევე, ვმუშაობ ჯგუფის განვითარებაზე“.

„გაჭირვებით მოპოვებული თავისუფლების დათმობა ვერ მოხდება“

მიუხედავად იმისა, რომ წლებია გერმანიაში ცხოვრობს, რუსუდან ქოროღლიშვილი საქართველოში ვითარებას კარგად იცნობს. ხშირად ჩამოდის. ბოლოს ის, 2024 წლის არჩევნების დროს ჩამოვიდა:

„საარჩევნოდ ვიყავი საქართველოში. ჩემი შეფასება ნამდვილად ძალიან კატეგორიულია. როდესაც გვარბევდნენ და გვცემდნენ, რაც ვნახე არის საშინელი ძალადობა ხალხზე. ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ შეიძლება უარესი გაეკეთებინათ.

ახლა ნაკლებად არბევენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ გაცილებით უარესი ხდება, ვიდრე ფიზიკური ძალადობაა. ასეთი ნაბრძოლი, გაჭირვებით მოპოვებული თავისუფლების დათმობა ვერ მოხდება. ეს იქნება ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა ყოველი ჩვენგანის.

ვფიქრობ, ყველა იქ უნდა ვიბრძოდეთ, სადაც ვართ და შეგვიძლია.

ვისაც შეგვიძლია, უნდა ჩამოვიდეს, ვისაც შეგვიძლია რაღაც უნდა გავაკეთოთ აქ. ემიგრაცია აკეთებს ბევრს, მე ვიცი ადამიანები, ვინც სამსახურების შემდეგ, დილის 4 საათამდე აკეთებენ პეტიციებს, აორგანიზებენ აქციებს, ვავრცელებთ ინფორმაციას საქართველოზე“.

რუსუდანი გვიყვება, რომ საქართველოს ამბები ევროპაში ნაკლებად შუქდება, როცა აქტივობა იკლებს:

„აღარ შუქდება აქ საქართველოს ამბები თუ ჩვენ, ემიგრაციამ არ ავუტალახეთ კარები პოლიტიკოსებს, ადგილობრივებს. თუ არ მივწერეთ წერილები, არ მოვამზადეთ პეტიციები, არ მოვაწყვეთ აქციები და არ ველაპარაკეთ ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს.

ჩვენ, როგორც საზოგადოებას, რაღაც არ გამოგვივიდა“.

„ოცნების“ ნარატივებს – „აბა ომი გინდათ?“, „ქალი ქალი არ არის“, „ევროპა ქართველობას გვართმევს“ – რუსუდანი ადამიანებზე ისეთ მიზანმიმართულ ზემოქმედებას ადარებს, როგორიც მუშაობს რუსეთში და ჩინეთში: „შეიძლება მაგ სისულელეზე გამეცინოს კიდეც, მაგრამ ძალიან მტკივა, რომ არსებობენ საქართველოში ადამიანები, ვინც ამას ისმენს და იჯერებს.

ესე იგი, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, რაღაცა არ გამოგვივიდა. ეს ხომ აბსურდია. ეს განსაკუთრებით კარგად აპრობირებულია რუსეთსა და ჩინეთში. ნახევარი სიმართლე – 1917 წელს დაწერილი კგბ-ს სახელმძღვანელოთიც რომ ისარგებლონ, ესეც იმუშავებს. ცალსახად ტყუილებსაც კი აჯერებენ ადამიანებს.

მოღალატე არსებობს ნებისმიერ საზოგადოებაში, ეს არ არის მარტო ქართული სენი, როგორც იძახიან, ჩვენ ქართველები ვართ ეგეთებიო – იგივე ხდება ევროპაში. პროპაგანდამ ევროპაშიც კი იმუშავა. ჩკეტილ სტრუქტურებში სერიოზულად ურეცხავენ ტვინებს – ჯარს არ მინდა ცუდად შევეხო, მაგრამ საპოლიციო სისტემაში ძალიან ადვილად აღწევენ წარმატებას“. 

„ორიოდე წლის წინ მათ ჯერ კიდევ ეშინოდათ ხალხის“.

რუსუდანი ძალას ხალხში ხედავს და მიიჩნევს, რომ გაერთიანების და სწორი ნაბიჯების შედეგი იყო ის, რომ თავდაპირველად „ოცნებამ“ რუსული კანონი უკან გაიწვია: „ორიოდე წლის წინ მათ ჯერ კიდევ ეშინოდათ ხალხის. რუსული კანონი უკან წაიღეს, რადგან ხალხის პროტესტმა მოახდინა შთაბეჭდილება.

წინა წლებში, როგორც საზოგადოებას, ბევრი შანსი გვაქვს დაკარგული. ნაკლებად გავაკრიტიკებ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. მიმაჩნია, რომ ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას.

სულ მგონია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა დაიწყო მაშინ, როდესაც ერთი საშინელება მოხდა, ახლა შეიძლება არავის აღარ ახსოვდეს, იმდენ საშინელებას აკეთებენ, მაგრამ თუ გახსოვთ, ბერას კრიტიკის გამო ბავშვი, ახალგაზრდა ბიჭი ძალიან დაჩაგრეს. აი, მაშინ უნდა ამოგვეღო ხმა, მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა დამდგარიყო, უნდა დაენახა, რომ ასე იზღუდება გამოხატვის თავისუფლება“.

„ამ პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდეთ. საკუთარი Facebook-ის გვერდი გადავამოწმე, რამე თუ დავწერე ამ ფაქტთან დაკავშირებით, რამენაირად თუ გამოვეხმაურე, დავგმე-მეთქი? – არა. რამდენი ასეთი ფაქტი გავატარეთ. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ყოველთვის მზად იმისთვის, რომ შეიძლება რაღაცა შემოგვიტრიალდეს.

ეს არის ჩვენი პრობლემის ნაწილი, ჩვენ არ ვიყავით ფხიზლები ან არ ვიყავით ყოველთვის გამბედავები… სხვათა შორის, ყოველ წელს ჩამოვდივარ, ხან წელიწადში ორჯერაც – ენერგიას ვერსად ვერ ვივსებ, უნდა ჩამოვიდე საქართველოში, რომ დავფრინდები და აეროპორტის იმ ჭუჭყიან-მტვრიან ჰაერს შევისუნთქავ, უკვე ბედნიერი ვარ.

ჩემს აეროპორტს აქვს ძალიან სპეციფიკური სუნი. აი, ის სუნი მჭირდება და ვიცი, რომ უკვე სახლში ვარ. 

 „ერთადერთხელ მივეცი მიშას ხმა – 2012 წელს. იმიტომ, რომ მივხვდი, ვინ მოდიოდა“. 

მანამდე არასოდეს ამირჩევია სააკაშვილი ან „ნაციონალური მოძრაობა“ – პირველად ავირჩიე 2012 წელს, როდესაც მოდიოდა ივანიშვილი. 

ძალიან შემეშინდა ივანიშვილის მოსვლის. საშინელი ამბავი ხდებოდა მთელ ქალაქში, ხალხი დარბოდა და ფულს მოგვცემს, ფულს მოგვცემსო – იძახდნენ. ეს არ გამიგია გლეხისგან, მშრომელი ადამიანისგან, მშრომელი მაგას ვერ წამოეგო, მაგრამ ხელოვნების ელიტის ნაწილი აკეთებდა სერიოზულ პროპაგანდას – ფულს მოგვცემსო. მაშინ ამან ძალიან შემაშინა, მეგონა ბოროტ ზღაპარში მოვხვდი.

დედაჩემის მეგობარი ქალბატონი – პროფესორი, თავის დარგში ბრწყინვალე და აღიარებული, სახელს არ დავასახელებ, მითხრა – რა გინდათ, ფულს მოგვცემსო. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდება. 

ძალიან ჩაკვდა საქართველო მაგათი მოსვლის შემდეგ, ძალიან ცოტა ხანში. ყველაფერი ხდებოდა ინერციით. მე ვიძახდი, რომ ეს კაცი აგენტია და არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში-მეთქი… მას მისცა ხმა მეგობრების იმ ნაწილმა, ვისაც ამას ვეუბნებოდი“.

 „საყოველთაო გაფიცვას ვისურვებდი“

300-დღიანი პროტესტის შემდეგ რუსუდან ქოროღლიშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეების გაფიცვა ახალ ძალას შემატებდა პროტესტს.

„ბუნებრივია, ყოველთვის ბევრი ადამიანი ვერ იდგება ქუჩაში. მე შეიძლება ჩემი მოსაზრება ვთქვა, ან ჩემი სურვილები, როგორ წარმომიდგენია გამარჯვება: ვისურვებდი საყოველთაო გაფიცვას, რომ არ იმუშაოს არც ერთმა რესტორანმა და არც ერთმა მაღაზიამ. საჯარო მოხელეების გაფიცვა გამიხარდებოდა ძალიან და ეს ყველაფერი 4 ოქტომბრამდე.

ვისაც რა დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს ამ თარიღის მიმართ, მაგრამ „4 ოქტომბერი“ უკვე არსებობს – ჯანმრთელობის პრობლემა რომ არ მქონოდა, აუცილებლად ჩამოვიდოდი. ზუსტად 4 ოქტომბერს ჩამოვიდოდი და ვიქნებოდი მანდ. სამწუხაროდ, არ შემიძლია. ვფიქრობ, რომ ბრძოლები ჯერ კიდევ წინ გვაქვს“.

 „ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება ძალიან მძიმე იქნება“

„ადამიანებს, ვისაც არ ეშინიათ ამის [ვიზალიბერალიზაციის გაუქმების], რეალური სურათი არ აქვთ. ყველას გვახსოვს, ვიზის მიღება იყო წვალება. რა მიზეზითაც გვიჩერდება უვიზო რეჟიმი, ეს ფაქტობრივად ტერორთან თანამონაწილეობაა – საქართველო ამყარებს კონტაქტს ირანთან, ჩინეთთან, რუსეთთან, არღვევს ხელშეკრულებებს, არ იღებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მონაწილეობას და პირიქით ეხმარება. ეს ხომ ფაქტებია და უცხოელი პოლიტიკოსებიც საუბრობენ.

ჩვენ ვექცევით ძალიან არასაიმედო ქვეყნების ნიშაში.

აქამდე ჩვენ ვიყავით ღარიბი ქვეყანა, რომელმაც თავისუფლება მოიპოვა – ხალხს ჰქონდა ვიზა, გადიოდა და მოდიოდა. ახლა ეს დამოკიდებულება აღარ იქნება. საქართველო გახდა საშიში ევროპისთვის, თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით და მისი მმართველებით, ვინც ძალიან ცუდ ხალხს ემხრობა. ადამიანები ვეღარ წავლენ და ვერ მოინახულებენ ემიგრანტ დედებს, თუ საერთოდ აინტერესებთ ემიგრანტი დედების მონახულება ან ცოლების მონახულება. ჯანმრთელობის საკითხებზე აღარ ვლაპარაკობ“. 

„ისინი არიან ხელისუფლებაში, რომ უღალატონ ჩვენს ქვეყანას“

რუსუდანი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა და უნდა გაქარწყლდეს ყველა მოსაზრება გარდა იმისა, რომ ახლა საქმე ქვეყნის გადარჩენას ეხება:

„ისინი იმიტომ არიან ხელისუფლებაში, რომ უღალატონ ქვეყანას, შეთანხმებაა ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მე არ ვარ შეთქმულების თეორეტიკოსი, მაგრამ ევროპასაც რომ შევხედოთ, დემოკრატიის წინააღმდეგ როგორი ბრძოლებია, ეს მხოლოდ ქართველებს არ დაგვემართა. უბრალოდ, ჩვენ ცოტანი ვართ და ადვილად შეიძლება ჩვენი გაჩერება.

ბევრი რამ წყდება უკრაინაში და წყდება რუსეთის სრულფასოვანი კაპიტულაციით. აი, მაშინ შეიძლება გვეშველოს. თუმცა, გააჩნია რა პროცესები მოჰყვება ამას, ან რა იქნება მაგის წინ, როგორ წარიმართება საქართველოს ბედი. ყოველ შემთხვევაში, უბრძოლველად დანებების უფლება რომ არ გვაქვს, ეს ვიცით.

ხან ნიჰილიზმი შემოგვაწვება, ხან დეპრესია, ხან დარდი და ტკივილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და საქართველო ვერ დამარცხდება. 

მინდა, შეძლოთ და ჟურნალისტებმა გააგრძელოთ საქმიანობა. რასაც აკეთებთ ეს მნიშვნელოვანია. თავისუფალ სიტყვასთან ერთად დგას და ეცემა ყველაფერი. ან ვდგავართ, ან ვეცემით. წარმოდგენაც არ მინდა, რისი ატანა გიწევთ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: