მთავარი,სიახლეები

მობილური ტელეფონის ძარცვის საქმე ბათუმის სასამართლოში

11.10.2016
მობილური ტელეფონის ძარცვის საქმე ბათუმის სასამართლოში

მოსამართლე დავით მამისეიშვილი 24 წლის გიორგი ა.-ს საქმეს განიხილავს. მას გამოძიება მობილური ტელეფონის ძალადობრივად მისაკუთრებას ედავება. იმის გამო, რომ ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ უკვე იმყოფება, მას სავარაუდოდ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ახალი დანაშაულისთვის.

“ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” – მოსამართლის შეკითხვას სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა დადებითი პასუხი გასცა. იგი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. მოსამართლემ გიორგი ა.-ს აუხსნა, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი და საპროცესო შეთანხმების მიღწევა მხოლოდ საქართველოს მთავარი პროკურორის, ან მისი მოადგილის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა პუშკინის ქუჩაზე ღამით iPhone6 სისტემის მობილური ტელეფონი წაართვა გოგოს და მიიმალა. დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. ადვოკატ ნონა დუმბაძის თქმით, ბრალდებულმა მეორე დღეს თავად დაუბრუნა მობილური ტელეფონი დაზარალებულს: „გოგოს გაცნობას ცდილობდა და ჩათვალა, რომ ასე მოახერხებდა დაახლოვებას. რადგან გოგო არ შეეხმიანა, მეორე დღეს ტელეფონი თავად დაუბრუნა.“

საქმეში 16 მოწმეა წარმოდგენილი, თუმცა მათი დაკითხვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გადადო. მან ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელმაც თქვა, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა და დრო სჭირდება. ადვოკატის მოთხოვნას პროკურორი რომეო ტყაბლაძეც დაეთანხმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: