მთავარი,სიახლეები

„არ შემიძლია არ შევეხო მზია ამაღლობელის საქმეს“ – ონისე ცხადაძე

03.09.2025
„არ შემიძლია არ შევეხო მზია ამაღლობელის საქმეს“ – ონისე ცხადაძე

სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძემ თავის დასკვნით სიტყვაში დღეს, 3 სექტემბერს, ისაუბრა მზია ამაღლობელზეც. მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ის უკვე 8 თვე უკანონო პატიმრობაშია.

„არ შემიძლია არ შევეხო მზია ამაღლობელის საქმეს, რადგან მისი განაჩენი არ არის მხოლოდ იმ მოსამართლის გამოტანილი. ეს განაჩენი გამოიტანა ქართულმა სასამართლომ და გეხებათ მათ შორის თქვენც. ამიტომ მე მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი იმისთვის, რომ გაგაგებინოთ რა ადამიანს გაუკეთეს ეს ყველაფერი.

დაკავებიდან დაახლოებით თვე-ნახევარში გადავწყვიტე დამეწყო შიმშილობა, თუმცა ამის შესახებ არ მითქვამს არავისთვის: არც ციხის ადმინისტრაციისთვის, არც ოჯახისთვის, არც ადვოკატისთვის. ჯერ მაინტერესებდა, თუ შევძლებდი. არ მინდოდა პოპულიზმი გამომსვლოდა. მეორე დღესვე, საღამოს, ვიგრძენი საშინელი სისუსტე, თითქოს მთელი სხეული მტკიოდა და გადავწყვიტე, ეს არ გამეკეთებინა. ეს ვერ შევძელი მე, 29 წლის ბიჭმა.

მზია ამაღლობელმა კი იშიმშილა 39 დღე და მას დასცინოდნენ ადამიანები, რომლებსაც საუზმეს, სადილს და ვახშამს შორის კიდევ რაღაცები აქვთ ჩამატებული, რადგან გაძღომას ვერ იგებენ.

მონანიებას ითხოვდნენ ადამიანები, რომლებიც სკამიდან ვერ დგებიან, ადამიანისგან, რომელიც ერთხელ არ დამჯდარა საბრალდებო სკამზე და პროტესტის ნიშნად საათობით იდგა ფეხზე.

ამიტომ ყველამ მინდა იცოდეს, შეიძლება ერთ დღეს დაიბადოს ფეხბურთელი, რომელიც 9 ოქროს ბურთს მოიგებს, მაგრამ, იცოდეთ, რომ მზია ამაღლობელზე მაგარი ადამიანი აღარ დაიბადება. ისე კი ის მართლა რეალური საფრთხეა, რომ ერთ დღეს ირაკლი დგებუაძე გათხოვდეს,“ – განაცხადა ონისე ცხადაძემ.

ვრცლად სინდისის პატიმრების სიტყვებსა და დასკვნითი პროცესის მიმდინარეობას შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ Live-ბლოგზე. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: