„ჩამოსვლას ვაპირებდი მოგვიანებით, მაგრამ, როცა გავიგე მზია ამაღლობელის სასამართლოს დასკვნითი სხდომა იყო ჩანიშნული, სწრაფად დავასრულე ყველა საქმე, რომ აქ ვყოფილიყავი.
ჩემი ვალია, რომ ამ დღეს აქ ვიდგე და დემოკრატიის დანგრევას ავსტრიიდან არ ვუყურო, იმიტომ, რომ დემოკრატიის დანგრევა ნიშნავს ყველანაირი უფლების წართმევას.“ – გვითხრა მაკა ხომერიკმა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შევხდით. ემიგრაციიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქალი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის დასკვნით სასამართლო სხდომებზე დასწრებად მივიდა, თუმცა დარბაზში შესვლა ვერ შეძლო და შენობის შესასვლელთან მზიას მხარდასაჭერ აქციას შეუერთდა.

მაკა ხომერიკი მზია ამაღლობელის პორტრეტით – ემიგრანტი მედიამენეჯერის მხარდასაჭერად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
მაკა ათ წელზე მეტია ავსტრიაში ცხოვრობს და მუშაობს. მას ვკითხეთ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით „ოცნების“ რიტორიკაზე – „ღვთიური მანანა ხომ არ არისო“.
„რაღაც სულელურ იდეებს გვაწვდიან მთავრობის წარმომადგენლები, რომ „ქალი ქალია“, „კაცი კაცია“ და „რად გვინდა ევროპა“.
რად გვინდა ევროპა? – ევროპა არ არის მხოლოდ წავიდეთ და რომი ვნახოთ, ათენი ან – ვენაში მუზეუმი. არა, ევროპა არის ბევრი ქართველის გადარჩენილი სიცოცხლე. მე პირადად ძალიან ბევრ ქართველს დავეხმარე, როგორც თარჯიმანი, იურიდიული დახმარებაც გამიწევია. როცა უვიზო არ გვქონდა ევროპასთან, პაციენტი კვირები, თვეები ელოდა, რომ აეღო ვიზა რომელიმე საელჩოში, არა აქვს მნიშვნელობა ეს ავსტრია იქნებოდა, გერმანია თუ სხვა. ახლა ეს ყველაფერი არ სჭირდება, ჩანიშნავს შეხვედრას ექიმთან, აიღებს ბილეთს, წამოვა და ამით შეუძლია თავისი სიცოცხლე გადააჩინოს“.
მაკა ჩვენთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეებზე, რომლებსაც ევროპაში ჩასვლა მოკლე დროში, ვიზისა და ბიუროკრატიული საკითხებისთვის დროის დაკარგვის გარეშე სჭირდებათ და ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ძალიან ბევრია ონკოპაციენტი ავსტრიაში. პაციენტები ჩამოდიან და ხშირ შემთხვევაში უსასყიდლოდ იღებენ სამედიცინო მომსახურებას. მე მყავს ძალიან ბევრი ახლობელი, საქართველოს მოქალაქე, შეიძლება მილიონი ევროც კი დაჯდა მისი მკურნალობა, ლეიკემიის, რომელიც გადაუხდა ავსტრიულმა დაზღვევამ. ძალიან ბევრ ქართველ ბავშვს აჩუქა ავსტრიამ სიცოცხლე“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რასაც საქართველო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში დაკარგავს, მაკას აზრით, ეს ევროპაში განათლების მიღების შანსია:
„ავსტრიაში სტუდენტი რომ გახდე, არის ძალიან მარტივი, სჭირდება ატესტატი და ენის A2- დონეზე ცოდნა, ონალინ შეავსებთ საჭირო დოკუმენტებს და შეიტანთ. სწავლის პარალელურად შეგიძლია იცხოვრო, იმუშაო კიდევაც 20 საათი კვირაში, ხარ დაზღვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ გაქვს უფასო მომსახურება ექიმთან, რაც დაგჭირდება ყველაფერი გაქვს უფასოდ. ამ ყველაფერზე უნდათ, რომ გვათქმევინონ უარი, როცა მათი შვილები არიან ევროპაში და ამერიკაში და ჩვენი ახალგაზრდები უნდა ჩაკვდნენ ამ რუსულ რეჟიმში“.
მაკა ევროპაში 2007 წლიდან ცხოვრობს. როცა წავიდა, მისი გეგმა განათლების მიღება და სამშობლოში დაბრუნება იყო. ამბობს, რომ ოჯახურმა პირობებმა ამის საშუალება არ მისცა:
„დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ოჯახური პირობების გამო მომიწია დარჩენა ემიგრაციაში. უფასო განათლება მომცა ავსტრიამ, მარტოხელა დედა ვარ, გავზარდე შვილი, მივიღე პედაგოგიური და ეკონომიური განათლება, ახლა იურიდიულს ვამთავრებ, ვმუშაობ და შვილს ვზრდი, ვინახავ აქ ოჯახს, პენსიონერ დედას, რომელსაც მისი პენსია წამლებშიც კი არ ჰყოფნის და ეს ყველაფერი მომცა ევროპამ“.
მაკას ნახევრად ხუმრობით ვკითხეთ გვართმევს თუ არა ევროპა ქართველობას.
„რაც შეეხება იმას, რომ ქართველობას გვართმევენ. მე ვხელმძღვანელობ ავსტრიაში ქართულ სათვისტომოს, გვაქვს ქართული სკოლა, მე პირადად ძალიან ბევრი უცხოელისთვის მისწავლებია ქართული ენა, ანბანი, წერა-კითხვა, ცოტა სალაპარაკო. იქ ვაწყობთ ქართულ ვიორქშოპებსაც, აღფრთოვანებულია ყველა ჩვენი კულტურით და ვინც კი ერთხელ ქართულ სიმღერას მოისმენს, ცდილობს ტექსტი ისწავლოს და წაიღიღინოს“ – გვითხრა მაკამ.

მაკა პროევროპულ აქციაზე
შევეხეთ „კაცი კაცია, ქალი ქალიას“ თემასაც.
„კაცი კაციას“ რაც შეეხება – ავსტრიაში არის ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულია, მაგრამ არის ძალიან ბევრი ქვეყანა ევროპაში, სადაც ეს არ არის დაკანონებული. როგორ არ იცის ეს ხელისუფალმა?! რა ვიცი, დიუსელდორფში რომ ხარისხს იღებ, შეიძლება ცოტა ამ ქალაქის გარეთაც გაიხედო, მიხვდე, რომ კაცი კაცს ქუჩაში არ გამოეკიდება და ამ საქართველოში კაცს ვინ მოიყვანს ცოლად, არ ვიცი“.
საუბრის ბოლოს მაკამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა მზია ამაღლობელის მიმართ და გვითხრა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა ავსტრიაში დიდი განხილვის თემაა:
„მზია ამაღლობელი ძალიან აქტუალური თემაა ავსტრიაში. ჩამოსული იყო ქალბატონი ლენა შელინგი, რომელიც რომელიც „მწვანეების “ ლიდერია [ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი აქტიურად უჭერს მხარს მზია ამაღლობელს]. ქალბატონმა ლენამ თქვა, რომ ეს დაუჯერებელი იყო მისი კოლეგებისთვის…“
საუბრის დასასრულს მაკამ იმის მაგალითად, რომ ევროპის დემონიზების ნაცვლად მთავრობამ სჯობს რეალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს, სასამართლოს საპირფარეშო მოიყვანა:
„საქართველოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქში, ბათუმში, შებრძანდით სასამართლოს შენობაში, გაუხვიეთ მარცხნივ, მიდით საპირფარეშოსთან და იქ „ქალი ქალია, კაცი კაცია“ კი არა, არის ერთი აყროლებული საპირფარეშო, რომელიც არ იკეტება და იქ ქალიც უნდა შევიდეს და კაციც. ჩამოვყალიბდეთ, ეს ყველაფერი არის უბრალოდ სამარცხვინო“ – ამბობს მაკა.

მაკა ხომერიკი





