მთავარი,სიახლეები

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა

04.08.2025
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა

დღეს, 4 აგვისტოს, 13 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა.

დღეს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.

ამით დასრულდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის 7-თვიანი განხილვა და დიდი ალბათობით, დღესვე იქნება ცნობილი მოსამართლის, ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებაც – განაჩენი მზია ამაღლობელის საქმეზე.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს არ გაითვალისწინა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

  • რა ხდება?

პროკურატურა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს – სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმეში არაერთი ცრუმოწმეა და ყველა მათგანი პოლიციელია.

მზია ამაღლობელის პატიმრობის განმავლობაში „ოცნების“ ლიდერები არღვევენ მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას და მას აბრალებენ, თითქოს მზია ამაღლობელი „დავალებით მოქმედებდა“, მაშინ როცა მსგავს ბრალდებას მზია ამაღლობელს პროკურატურაც კი არ უყენებს.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: