დღეს, 1-ელ აგვისტოს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრება.
სალომე ზურაბიშვილი სასამართლო სხდომიდან ფეისბუქზე წერს, რომ ამ პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა „ბრალდების და ბრალდებების სრული კოლაფსი“.
„ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ასაბუთებს ადვოკატი, თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა…
ერთმანეთთან შეუთავსებელი სიცრუე, რომელიც „არ იფუთება“, ურთიერთსაწინააღმდეგო, წარდგენილი ვიდეო მტკიცებულებებთან შეუსაბამო…
დაცვის კითხვებს გაუცემელი პასუხები, გამოუსწორებელი უზუსტობები, ცვალებადი ვერსიები, ბრალდების მხარის და მისი მოწმეების (ყველა მოწმე პოლიციელია და „დაზარალებული პოლიციელის” თანამშრომელი), ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი…
ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა“ – წერს სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან.
მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს დღეს ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები, ჟურნალისტები და სინდისის პატიმრების დედები ესწრებიან.
- რა ხდება?
მზია ამაღლობელი უკვე 202 დღეა უკანონო პატიმარია. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.






