ავტორი: ლელა დუმბაძე
„ჩემი სამშობლო ქვეყნისთვის და ერის სამსახურისთვის თავს დავდებ, მისთვის თავსაც ადვილად გავწირავ და სისხლსაც დავღვრი“, – ეს სიტყვები ქართველ საზოგადო მოღვაწეს, მიხეილ თამარაშვილს ეკუთვნის. ამ ადამიანის და, ზოგადად, ქართველი კათოლიკეების ღვაწლი საქართველოს წინაშე აღიარებულია. ქართველი, მაგრამ განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების როლზე მიხეილ სააკაშვილიც საუბრობს. მაგრამ დგება მომენტი, როცა, „დიდი ცივილიზაციის მქონე და ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანა“ ადამიანებს სწორედ რელიგიური ნიშნით ასამართლებს.
ქართული საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქართულ იდენტობას რელიგია, კონკრეტულად კი მართლმადიდებლობა განსაზღვრავს.
რა არის „ეროვნული სული“ და „ეროვნული ცნობიერება“? – საზოგადოების უმრავლესობის აზრით, ქართველი სწორედ მართლმადიდებელი უნდა იყოს.
54 წლის ავთანდილ აბაშიძეს კი მიაჩნია, რომ „ეროვნული სული“, იმ ქვეყნის კონსტიტუციის პატივისცემაა, სადაც დაიბადა და ცხოვრობს: „ეროვნული სული შენი ეროვნება, ენა, მიწა-წყალია, წეს-ჩვეულებები და ტრადიციაა, რასაც ყოველდღიურ ყოფაში ავლენ“.
მას მიაჩნია, რომ ეროვნული და რელიგიური ცხოვრება ერთმანეთს არ უპირისპირდება, „პირიქით, ერთმანეთს ავსებს“.
ავთანდილ აბაშიძე მუსლიმი ქართველია, მაგრამ მიიჩნევს, რომ მას ისევე მოეთხოვება ქვეყნის სიყვარული და მასზე ზრუნვა, როგორც მართლმადიდებელს:
„ერთადერთი ერი, ვინც ეროვნებას და რელიგიას აიგივებს, ებრაელი ერია. იგივე მცდელობაა საქართველოშიც, მაგრამ ეს არ არის სწორი, ადამიანის იდენტობას მხოლოდ რელიგია არ განსაზღვრავს. მოლას შვილი ყოველთვის არ გამოდის მოლა, ადამიანის ცხოვრება ცვალებადია, მთავარია მორალი, რომელიც ერთნაირად ფასეულია მართლმადიდებლისთვისაც და მუსულმანისთვისაც“.
„ფაქტია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანები ტრადიციებითა და ეროვნული ნიშნით ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის მუსულმანები.
რუსეთი და საქართველო რელიგიურად ერთმორწმუნეა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის ოკუპაციის წლებში სწორედ მან შეუქმნა საფრთხე ჩვენს ეროვნულ იდენტობას“, – ამბობს მადონა კახიძე.
მისი აზრით, სხვადასხვა რელიგიის თანაცხოვრება აჩვენებს, რომ საფრთხე მოდის არა კონკრეტული რელიგიებიდან, არამედ პოლიტიკური ინტერესებიდან: „მე რუსული სკოლა დავამთავრე და შეიძლება ქართულზე უკეთესად რუსულად ვმეტყველებ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ქართულზე მეტად მიყვარს რუსული კულტურა.
12 წლიდან მუსულმანობას მასწავლიდნენ, მაგრამ დღეს პროტესტანტი ქრისტიანი ვარ, თუმცა ჩემში, როგორც ეთნიკურად ქართველში, არაფერი შეცვლილა. ღმერთთან ურთიერთობა ადამიანის პირადი არჩევანია“.
კითხვაზე, რა აქვს მართლმადიდებლობას ისეთი, რაც ასე სჭირდება ქართულ ნაციონალიზმს? – მადონა ამბობს: „არ ვიცი. ზოგადად, როცა მრევლი ერთია, საზოგადოების მართვა ხელისუფლებას უფრო უადვილდება“.
ბათუმელი კათოლიკე ქართველის, თენგიზ პარმაქსაზიშვილის თქმით, განხეთქილებას პოლიტიკა იწვევს: „ჩემი და მართლმადიდებლის ოჯახი ღირებულებებით დიდად არ განსხვავდება.
ის, რაც განგვასხვავებს, ეროვნულ იდენტობას არ უქმნის საფრთხეს. თუ სახელმწიფოებრივ ინტერესებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში, ყველა ქართველის როლი თანაბარია.
მესხეთის საქართველოს ფარგლებში არსებობას სწორედ კათოლიკეებს – თამარაშვილებსა და გვარამაძეებს უნდა ვუმადლოდეთ, რადგან ამ ოჯახებმა შეძლეს იქ ეროვნული სულის შენარჩუნება. თამარაშვილი იყო ერთ-ერთი, რომელიც სტამბულის ბაზარზე ქართველის მიერ მონად გაყიდულ ქართველს ყიდულობდა, ასწავლიდა და უკან აგზავნიდა საქართველოში“.
თენგიზ პარმაქსაზიშვილისთვის ეროვნულ იდენტობას, ენის გარდა, გარემოც განსაზღვრავს: „ისტორიულად შერვაშიძეები შირვანის ხანის შთამომავლები არიან, აფხაზებს ქართველმა მეფემ ჩამოუყვანა და დაუსვა მთავრად, მაგრამ აბა, გაბედე და უთხარი შერვაშიძეებს ქართველები არ ხართო.
რამდენი გვარია რუსეთში ქართული წარმომავლობის, მაგრამ არაფერი აქვთ საერთო ქართველობასთან. გურიაში ბევრი რუსული გვარი ცხოვრობს, რომლებიც ქართველობენ. ქრისტიანობა კი არ ცნობს ნაციონალურ ჩარჩოებს: „ასე რომ იყოს, მაშინ ქრისტე მარტო ებრაელების იქნებოდა. ნაციონალიზმი და რელიგია უნდა გავმიჯნოთ“.
სხვა მოცემულობაზე საუბრობს მართლმადიდებელი თამარ ბაჯელიძე. მისთვის მართლმადიდებლობა და ქართველობა იდენტურია. „მუსულმანი ქართველი, ნახევრად ქართველია“, – ამბობს ის. თუმცა არც იმ აზრს გაურბის, რომ – „სწორხაზოვნად საუბარი რთულია.
არიან მართლმადიდებლები, რომლებიც არ უსმენენ ქართულ მუსიკას, ეროვნულობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ისინი ცუდი ქართველები არიან. მთავარი ეროვნული ღირებულება მაინც უფროსის, მშობლის პატივისცემაა, რაც იკარგება. ძმა ძმას არ ენდობა, საშვილიშვილო წყევლა-კრულვა მიდის იმის გამო, რომ რაღაც ვერ აპატიეს. პატიება ძალიან ბევრს ნიშნავს – მართლმადიდებლობასთან ამის გამო იგივდება ქართველობა“.
ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ კულტურათა იდენტობაში რელიგიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი, თუმცა ადამიანს უნდა შევხედოთ როგორც ინდივიდს, როგორც სახელმწიფოს შენებაში წვლილის შემტანს, „მაგრამ „ერის გადამრჩენლების“ რიტორიკაში ვერ ვხედავთ მოქალაქეს და ეს პრობლემაა“.
ფილოსოფოსის თქმით, ნაციონალური ფუნდამენტალიზმი, ზოგადად, გაუნათლებლობის ბრალია, ხოლო ადამიანს ეროვნება და რელიგია ორივე თანაბრად სჭირდება: „როგორც კი ერთ მხარეს გადაიხრები, ფაქტობრივად, ხარ ერთ ადგილზე დგომის მომხრე. ნაციონალურ ფუნდამენტალიზმს კი ქსენოფობიური შიში იწვევს, რომელიც გლობალიზაციის შიშიდან მოდის“.
მსოფლიო პრაქტიკა იცნობს მსგავს შიშს, რაც ჩნდებოდა დაბალი პოლიტიკური კულტურის პირობებში. მაგრამ ეს შიში უნდა დაიძლიოს. „სხვანაირად, დანარჩენ სამყაროსთან ინტეგრაციას ვერ შევძლებთ“.