რეკლამა,სიახლეები

მდგრადი მომავლის დაფინანსების ძიებაში – რა თემები განიხილეს ბათუმში გამართულ ფორუმზე

02.07.2025 •
მდგრადი მომავლის დაფინანსების ძიებაში – რა თემები განიხილეს ბათუმში გამართულ ფორუმზე

27 ივნისს, ბათუმში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და შვედეთის საელჩოს ორგანიზებით სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა ფორუმი, რომელიც შეეხებოდა განახლებადი მომავლის დაფინანსების საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

შეხვედრის მონაწილეები იყვნენ ფინანსურ ინსტიტუტები, კერძო სექტორის ლიდერები და გარემოსდაცვითი ექსპერტები. მათ ერთად განიხილეს ინოვაციური დაფინანსების მოდელები, საჯარო/კერძო სექტორის თანამშრომლობა და მწვანე ეკონომიკის გაძლიერება ქვეყანაში.

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე გვესაუბრა ქვეყნის ენერგოპოტენციალზე, ასევე იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად:

„საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, რომ იყოს ენერგეტიკული ჰაბი, მოახდინოს ელექტროენერგიის გენერაცია, გახდეს თვითკმარი ქვეყანა და შემდეგ უკვე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია.

ამჟამად ქვეყანას ჰიდროპოტენციალის 25% აქვს ათვისებული, გაცილებით ცოტაა მაჩვენებელი მზის და უფრო ცოტა – ქარის პოტენციალის ათვისების.

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის გააქტიურება, მხარდაჭერა, ინვესტიციების მოძიება, თანადაფინანსება როგორც კერძო კომერციული ბანკების, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან.

მაია მელიქიძე

კომერციულმა ბანკებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ თუ პროექტებს მხარდაჭერა ექნება სახელმწიფოს მხრიდან, რაშიც იგულისხმება ბიუროკრატიის მინიმიზაცია, ისეთი დოკუმენტების მომზადება, როგორიცაა: სკოპინგი, სკრინინგი და სამშენებლო ნებართვები, გაიზრდება ინტერესი ბანკების მხრიდან დაფინანსების თვალსაზრისითაც.

ასევე, ქვეყანაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია, რომელიც იქნება მორგებული თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გამოწვევებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვექმნება პრობლემები უცხოური ინვესტიციების მიღებისას.

თუ არ მოხდა ჩვენი პოტენციალის ათვისება, ჩამოვყალიბდებით, როგორც რუსეთზე ენერგოდამოკიდებული ქვეყანა. წლიდან წლამდე იმპორტის მაჩვენებელი იზრდება და ათეულობით მილიონი დოლარი გადის ქვეყნიდან. მნიშვნელოვანია მეტი კოლაბორაცია დასავლურ სამყაროსთან, რათა ნდობა გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მიმართ“ – ამბობს მაია მელიქიძე.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში კომპანიებს ჰქონდეთ მზაობა, ჩაერთონ საერთაშორისო მწვანე და მდგრადი დაფინანსების მოპოვებაში:

„მაგალითად, შვედეთის სახელმწიფო შემოდიოდა ქალი მეწარმეებისთვის გარანტორად და რისკის დამზღვევად, იმ შემთხვევისთვის, როცა ქალი იწყებდა ბიზნესს და მას არ ჰქონდა კერძო ქონება. იმისთვის, რომ ასეთი შესაძლებლობები გაჩნდეს, მნიშვნელოვანია თავად კომპანიებში არსებობდეს მდგრადი პრაქტიკა, მათ უნდა იცოდნენ როგორ გამოიყენონ სწორად ეს სესხი, როგორ მოარგონ მწვანე და მდგრად განვითარებას თავიანთი საქმიანობა.

სალომე ზურაბიშვილი UNGCNG

ის სტანდარტები, რომელზეც ვსაუბრობთ, განსაზღვრულია ჩვენი ევროიტეგრაციის პროცესით. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ კანონმდებლობა, პრაქტიკა და ბიზნეს სექტორი მოვიდეს იმ სტანდარტებთან შესაბამისობაში, რასაც მოითხოვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ევროინტეგრაცია არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის ჩვენს ქვეყანაში, რომ გავიდნენ ევროკავშირის დიდ ბაზარზე და მიიღონ სარგებელი” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

საინტერესო იყო იმის მოსმენა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის პროექტი და ქვეყანა, იმისთვის რომ აზიის განვითარების ბანკისგან მიიღოს ფინანსური მხარდაჭერა. ამ თემაზე ტატო ცინცაძე – აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გვესაუბრა:

„ჩვენთვის განახლებადი ენერგეტიკა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება.

აზიის განვითარების ბანკისთვის პროექტები არ არის მხოლოდ ინვესტორის მოგების მაქსიმალიზებაზე ორიენტირებული, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხებიც. ამისთვის გვაქვს ყველაზე გრძელი და სკრუპულოზური პროცესები კვლევებისა და საუკეთესო სტანდარტების დანერგვის კუთხით. ყველა პროექტში გვაქვს როგორც გარემოზე ზემოქმედების ნაწილი, ასევე – სოციალური საკითხები.

სოციალური მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა დასაქმების და მათ ცხოვრებაზე გავლენის მქონე თემები.

ტატო ცინცაძე ADB

როცა ვსაუბრობთ გარემოს დაცვის საკითხებზე, არ არის საკმარისი კომპანიამ მოიტანოს ჩვენამდე გარემოს დაცვითი შეფასების საფუძველზე მიღებული ნებართვა. ვიყენებთ რა საერთაშორისო სტანდარტებს, ჩვენთვის უფრო სიღრმისეული კვლევებია საჭირო. თუ პროექტი დაფინანსდა, ეს ნიშნავს, რომ მან დააკმაყოფილა არამარტო ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნები, არამედ ჩვენ მიერ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებიც.

ასე რომ, ფინანსირების ნაწილში კონკრეტული სამოქმედო გეგმა არსებობს როგორც გარემოსდაცვის, ისე სოციალურ და ქალთა დასაქმების კუთხითაც. ეს უკანასკნელი საკითხები იურიდიული და ფინანსური ვალდებულებების ტოლფასია და დარღვევის შემთხვევაში ადეკვატურ ზომებს ვიღებთ” – ამბობს ტატო ცინცაძე.

ფორუმის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი სატიშ ბჰატი. ის გვესაუბრა საქართველოს ენერგო-პოტენციალზე და ინდოეთის გამოცდილებაზე:

„საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალი ძალიან დიდია. რამდენიმე ანგარიშის მიხედვით, ქვეყანას ჰიდროენერგეტიკაში 80 გიგავატზე მეტი პოტენციალი აქვს, მაშინ როცა არსებული დაინსტალირებული სიმძლავრე მხოლოდ 4.6 გიგავატს შეადგენს.

ამასთან, ბაზისური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია სტაბილური ენერგიის წყაროების განვითარება. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ძლიერი რეგულაციები, მდგრადი პოლიტიკა და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერა.

სატიშ ბჰატი

შერეული დაფინანსება და PPP მოდელები კრიტიკულია ინვესტიციების მოზიდვისთვის. ინვესტორების მთავარი საფრთხე ფინანსური რისკებია, ამიტომ სახელმწიფოს მონაწილეობა მიწის გამოყოფით, ინფრასტრუქტურის შექმნით და პარტნიორობით ხშირად გადამწყვეტია.

წარმატებული მაგალითებია ინდოეთი და ბჰუტანი, სადაც მსგავსი პროექტები დიდი მოცულობით ხორციელდება და ამ მოდელების გადმოტანა საქართველოშიც შესაძლებელია, მათ შორის შავი ზღვის საკაბელო პროექტისთვის, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული ტრანსფორმაციისთვის გარდამტეხი შეიძლება გახდეს, რადგანაც ამ შემთხვევაში საქართველოდან ელექტროენერგია გავა ევროპის მიმართულებით” – ამბობს სატიშ ბჰატი.

ფორუმს ესწრებოდა „ბიოდიზელ ჯორჯიას” დირექტორი მურმან პატარაია. კომპანიამ 2017 წლიდან მეორეული საკვები ზეთისგან დაიწყო ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული საწვავის – ბიოდიზელის წარმოება. ამჟამად კომპანია ჰოლდინგური ტიპისაა და ბიოსაწვავი უკვე ევროპის ქვეყნებშიც გააქვს გასაყიდად.

მურმან პატარაიასთან ვისაუბრეთ იმ რეგულაციებზე, რომელიც მხარს დაუჭერდა საქართველოში ბიზნესის თანაბარ პირობებში განვითარებას:

„ეს არის პრემიუმ ტიპის საწვავი, რადგანაც არის ეკომეგობრული და მდგრადი პროდუქტი, თუმცა ის 100%-ით არ გამოიყენება, არამედ გარკვეული მაჩვენებლებით ერევა ჩვეულებრივ ნავთობ-დიზელს. ევროკავშირის ქვეყნებში დიზელის საწვავში საშუალოდ 7%-ია ბიოდიზელის შემადგენლობა.

მურმან პატარაია Biodiesel

ჩვენ დავიწყეთ სტარტაპით და დღეისთვის ვიქეცით საშუალო ტიპის კომპანიად.

ვთვლით, რომ ბაზრის რეგულირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. როცა ბიზნესს იწყებ ქვეყანაში, უნდა ჩადო ინვესტიცია, უნდა მიჰყვე რეგულაციებს და დაემორჩილო კანონმდებლობას.

სტანდარტებისთვის გვერდის ავლა და ნედლეულის არაკანონიერი გზებით მოპოვება ხელს უწყობს შავი ბაზრის განვითარებას და არათანაბარ პირობებს უქმნის ბიზნესს განვითარებისთვის“ – გვითხრა მურმან პატარაიამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: