მთავარი,სიახლეები

რუსული პროპაგანდა: საქართველოს მთავრობა რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე ფრთხილობს

30.05.2025 •
რუსული პროპაგანდა: საქართველოს მთავრობა რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე ფრთხილობს

ქართველი მომღერლის საქციელი, რომელმაც რუსეთის დროშა შეურაცხყო, დასჯას იმსახურებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება სიფრთხილით მოქმედებს, რათა ახალი საპროტესტო ტალღა არ გამოიწვიოს – ამ მოსაზრებას რუსულ პროპაგანდისტულ მედია „ტასსზე“ „ქართველ უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე გამოთქვამს, რომელიც „ტასსმა“ ექსპერტის სტატუსით ჩაწერა.

საქმე ეხება საქმე ქართველი მომღერლის, ერეკლე გეწაძის პერფორმანსს მუსიკალურ ფესტივალზე, Tbilisi Open Air-ზე – მან ერთ-ერთი მუსიკალური ნომრის დროს სცენაზე გაშალა რუსეთის დროშა, რომელიც ნაგვის ურნაში ჩააგდო, შემდეგ კი მასზე მოშარდვის იმიტაცია გააკეთა.

„ვფიქრობ, ხელისუფლებას ეშინია, რუსეთის დროშის შეურაცხმყოფელი ნაძირალა რომ დააკავონ, დასავლეთიდან დაფინანსებული ოპოზიცია ანტირუსულ და ანტისამთავრობო პროტესტს დაიწყებს. ეს ნაბიჯი [დროშის შეურაცხყოფა] გადაიდგა ერთი მიზეზის გამო – თბილისში კონცერტი ევროპიდან დაფინანსდა და ეს ყველაფერი მათთან იყო შეთანხმებული” – ამბობს მჟავანაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მომღერლის საქციელი იმსახურებს სისხლისსამართლებრივ სასჯელს.

„მჟავანაძის აზრით, რუსეთის ხელისუფლება გაგებით ეკიდება იმას, რომ საქართველოში სამართალდამცავებს შემსრულებლის წინააღმდეგ ჯერ არანაირი საქმე არ აღუძვრიათ, რადგან შესაძლოა ამას ნეგატიური შედეგები მოჰყვეს ქვეყანაში” – წერს „ტასს“-ი.

იქამდე ქართველი მუსიკოსის პერფორმანსს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთის სამართალდამცავი უწყებები ამ შემაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ. ამის შემდეგ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა გეწაძის პერფორმანსზე შესაბამის უწყებებს დაავალა რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

მოგვიანებით მომხდარს გამოეხმაურნენ ქართველი მაღალჩინოსნებიც, მათ შორის ირაკლი კობახიძეც, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა შეაფასა და თქვა, რომ „ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, რომ დაგმო ეს ინციდენტი“.

ამავე თემაზე:

ერეკლე გეწაძის პერფორმანსს მარია ზახაროვა გამოეხმაურა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: