მთავარი,სიახლეები

რას ითხოვს პუტინი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ – „როიტერსის“ ანონიმური წყაროები

29.05.2025
რას ითხოვს პუტინი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ – „როიტერსის“ ანონიმური წყაროები

სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ მათთვის ცნობილი გახდა პირობები, რასაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში ომის შეწყვეტის სანაცვლოდ აყენებს – პუტინს უნდა, დასავლელმა ლიდერებმა წერილობით დადონ პირობა, რომ შეწყვეტენ ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოებას და მოხსნიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილს.

„როიტერსი“ ინფორმაციას ავრცელებს სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც ინფორმირებულნი არიან მოლაპარაკებების შესახებ.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტთან, ტრამპთან ორსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ დათანხმდა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობას, რომელიც დაადგენდა სამშვიდობო შეთანხმების კონტურებს, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის ვადებს. რუსეთი აცხადებს, რომ ამჟამად მემორანდუმის საკუთარ ვერსიას ამზადებს და წინასწარ ვერ აფასებს, რა დრო დასჭირდება ამას.

„პუტინი მზადაა მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, – აქვეყნებს „როიტერსი“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი რუსული წყაროს ციტატას, რომელიც იცნობს კრემლის პირველ პირებს და რომელმაც საინფორმაციო სააგენტოსთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

„სამი რუსული წყაროს თქმით, პუტინს სურს „წერილობითი“ პირობა დასავლეთის მთავარი ძალებისგან, რომ არ გააფართოონ აშშ-ის ხელმძღვანელობით NATO-ს ალიანსი აღმოსავლეთისკენ – ანუ გამორიცხოს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ყოფილო საბჭოთა რესპუბლიკების წევრობა“ – წერს „როიტერსი“.

რუსეთს ასევე სურს, რომ უკრაინა იყოს ნეიტრალური, მოიხსნას დასავლური სანქციების ნაწილი, მოგვარდეს/გადაწყდეს დასავლეთში გაყინული რუსული სუვერენული აქტივების საკითხი და უზრუნველყოფილი იყოს უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა – წერს იმავე სამ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო. 

„როიტერსთან“ საუბრისას ერთ-ერთი ანონიმური წყარო ამბობს, რომ თუ პუტინი ბრძოლის ველზე დაინახავდა ტაქტიკურ შესაძლებლობას, ის უკრაინაში უფრო ღრმად შეიჭრებოდა. მისივე თქმით, კრემლი თვლის, რომ რუსეთს შეუძლია იბრძოლოს წლების განმავლობაში მიუხედავად დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციებისა და ეკონომიკური სირთულეებისა.

მეორე წყაროს ცნობით, პუტინი რჩება თავის საჯარო პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც მას სურს აღმოსავლეთ უკრაინის ოთხივე რეგიონი, რომელზედაც პრეტენზია აქვს რუსეთს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: